tambaqo

(ipn.ge)

თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების  გამკაცრების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია და შესაბამისად ძალიან მალე ახალი რეგულაციები  ამოქმედდება. თუმცა, კონკრეტულად როდის შევა ეს ცვლილება ძალაში,  ცნობილი არ არის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე  იმედოვნებს, რომ რეგულაციები  უკვე   შემოდგომიდან ამოქმედდება.

როგორც გამყრელიძემ DFWatch-თან საუბრისას აღნიშნა, კანონში, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს,  ჩადებულია ნორმა, რომლითაც საქართველოში არსებული დაწესებულებები 2018 წლამდე  ვალდებულნი იქნებიან მწეველებისთვის შენობაში ცალკე სივრცე იყოს გამოყოფილი.

მისივე თქმით,  ცვლილება 5 კანონს შეეხება. მათ შორის საუბარია რეკლამის შესახებ კანონზე, რის შედეგადაც თამბაქოს ნაწარმის რეკლამა სრულად აიკრძალება. ასევე, “რადიკალურად” გაიზრდება აკრძალულ ადგილას სიგარეტის მოწევაზე ჯარიმის ოდენობაც – არსებულ 20 ლარზე “ორმაგად და სამმაგად მეტად”. თუმცა, კონკრეტულად რა თანხაზეა საუბარია,  გამყრელიძეს არ დაუსახელებია, რადგან ეს საბოლოო განსაზღვრული არ არის.

DFWatch-თან გამყრელიძემ ამ მიმართულებით აღსრულების მექანიზმის სისუსტეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებები ამ კუთხითაც იგეგმება.

„მოქმედი კანონმდებლობით იმის მონიტორინგი თუ რამდენად ხდებოდა ქვეყანაში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ნორმების დაცვა, შს სამინისტროს ევალებოდა. თუმცა, ხშირად ჯარიმა  სიმბოლური იყო – 5-დან 20 ლარის ოდენობით.თუ გავითვალსიწინებთ იმასაც, რომ შსს-ს ბევრი საქმე აქვს, თამბაქოს კონტროლის საკითხი ნაკლებად პრიორიტეტული იყო.

„ცვლილებების თანახმად კი კონტროლის მექანიზმი სფეროს მიხედვით არის დაყოფილი. მაგალითად, თუ  ჯანდაცვის სფეროშია დარღვევა, მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტროს  მარეგულირებელ ორგანოს ევალება,  რესტორნები და კაფე-ბარები სხვა სამინისტროს ეხება და ა.შ.,“ – აღნიშნა გამყრელიძემ.

თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება იმ 5 წლიანი გეგმის ნაწილია, რომელიც 2013 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერით დამტკიცდა და 2013 -2018 წლებს მოიცავს.

ივანიშვილის ამ დადგენილებით, აღნიშნული გეგმის მიზანია საქართველოს მოსახლეობისა და განსაკუთრებით, ახალგაზრდების თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან დაცვა.

დადგენილებაში შესაბამისი სტატისტიკაცაა მოცემული, რომლის თანახმადაც, თამბაქოს  ეპიდემია მსოფლიოში, ყოველწლიურად, დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს კლავს, აქედან 600 000-ზე მეტი მეორადი კვამლით იღუპება; მსოფლიოში 1.2 მილიარდი ადამიანია თამბაქოზე დამოკიდებული.

რაც შეეხება საქართველოს, თამბაქოს მოხმარების კუთხით ევროპის ქვეყნებს შორის მას ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 9 000-დან 11 000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3 000- მდე პასიური მოწევის მსხვერპლია. ყოველწლიურად კი  ქვეყანაში სიგარეტის 10 მილიარდი ღერი (0.5 მილიარდი კოლოფი) იყიდება, რაც დაახლოებით 0.58 მილიარდ ლარს შეადგენს.

ამავე  ორგანიზაციის მიერ 2010 წელს ჩატარებული კვლევით,  საქართველოში თამბაქოს გამოკითხულთა  30.3%  (მამაკაცების 55.5% და ქალების 4.8%) მოიხმარს.

ის, რომ ქვეყანაში  მოქმედი კანონმდებლობის აღსრულება სათანადოდ არ ხორციელდება, კანადის საერთაშორისო განვითარების კვლევების ცენტრის (IDRC) მხარდაჭერით, „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ  განხორციელებულმა კვლევამაც დაადასტურა.

კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონით აკრძალულია, სავაჭრო ობიექტების 92%-ი  თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობს, სავაჭრო ობიექტების 2%-ში თამბაქოს ნაწარმი  იმ სექციებშია განლაგებული, სადაც ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია იყიდება,  თამბაქოს ყიდის ასევე სკოლებიდან 50 მეტრზე ახლოს განლაგებული ობიექტების 85%.

გარდა ამ დარღვევებისა, კვლევის თანახმად, საქართველოში ძირითად პრობლემას თამბაქოს ნაწარმით მოვაჭრე ობიექტების მონიტორინგისა და შემოწმების სისტემის არარსებობა წარმოადგენს.