ფარული მოსმენისა და თვალთვალის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის “ეს შენ გეხება” წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხუთშაბათს გამართულ კონფერენციაზე, სამოქალაქო საზოგადობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ფარული მიყურადების კანონპროექტის ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივები გააცნეს.
როგორც DFWatch-ს ა/ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია, როდის ან ვის მიერ მოხდება ამ ცვლილებათა პაკეტის ინიცირება პარლამენტში. „ეს შენ გეხებას“ წევრებს შემდეგ კვირას ექნებათ შეხვედრა „ქართული ოცნების“, „რესპუბლიკელებისა“ და „კონსერვატორების“ ფრაქციის წარმომადგენლებთან და ეს საკითხი სწორედ იქ გადაწყდება.
რაც შეეხება კანონპროექტს, არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ : 1) დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას, რომელიც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს, 2) დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას, რომლის ხელშიც იქნება ფარული მოსმენების ე.წ. „გასაღები“ ანუ ადამიანის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე წვდომის ტექნიკური შესაძლებლობა , 3) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმას.
საჯაიას თქმით, ისინი მოითხოვენ, რომ ფარული მოსმენების არსებული ე.წ. „ორგასაღებიანი” სისტემა, რომელიც 15 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და პარლამენტს ახალი რეგულაციების შემუშავებისთვის 2017 წლის 31 მარტამდე მისცა ვადა, „ერთგასაღებიანით“ შეიცვალოს და ეს გასაღები სწორედ დამოუკიდებელი სააგენტოს ხელში იყოს.
„სწორედ ეს სააგენტო განახორციელებს სასამართლო ნებართვის შემდეგ მოსმენა-მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვებას. ამ კანონპროექტის თანახმად, სამართალდამცველები მოსმენას თვითონ ვეღარ განახორციელებენ, რადგან სწორედ ამაში იყო მთავარი რისკი, რომ ისინი უფლებამოსილებას ბოროტად გამოიყენებდნენ და პირს იმაზე მეტს მოუსმენდნენ, ვიდრე სასამართლო ნებართვით იქნებოდა განსაზღვრული. ცვლილებების მიხედვით კი სამართალდამცავი და უსაფრთხოების დამცავი ორგანოები იღებენ ნებართვას სასამართლოში და მიაქვთ ის დამოუკიდებელ სააგენტოში, რომელიც პირის მოსმენას იწყებს, შემდეგ კი ამ ინფორმაციას სამართალდამცავ უწყებებს გადასცემს.
„რაც შეეხება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით მოსმენების მეორე გასაღებს ფლობდა (ერთი გასაღები აქვს სუს-ს, მეორე – ინსპექტორს), მას კონტროლის გაძლიერებული ფუნქცია ექნება. კერძოდ, ინსპექტორი სააგენტოს მიერ განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობას ონლაინ რეჟიმში, ელექტრონული სისტემით დაინახავს და სააგენტოს მხრიდან კანონდარღვევის შემთხვევაში, შეეძლება პირი მოსმენიდან გამორთოს. აღსანიშნავია, რომ გარდა ინსპექტორისა, ამ სააგენტოს მაკონტროლებელი იქნება ასევე პარლამენტის სპეციალური საზედამხედველო საბჭოც,“ – აღნიშნა საჯაიამ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საპარლამენტო მდივანი DFWatch-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის რეფორმირებაზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამოქალაქო სექტორი ამ უწყების ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლების წესის ცვლილებას ითხოვს. უფრო ზუსტად, საუბარია, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი ერთობლივად გადაწყვიტონ პარლამენტმა და სპეციალურად შექმნილმა საბჭომ.
მისივე თქმით, სუს-ის რეფორმირება გულისხმობს ასევე ე.წ. „ოდეერის“ ინსტიტუტის საერთოდ გაუქმებასაც, რადგან მისი რეფორმირება შეუძლებელია.
„ე.წ. „ოდეერის“ ინსტიტუტი გულისხმობს, რომ უსაფრთხოების სამსახურს შეუძლია სხვადასხვა უწყებაში საკუთარი წარმომადგენელი მიავლინოს. 2015 წლის ცვლილებების შემდეგ, მთავრობა ადგენს, რომელ უწყებაში შეიძლება „ოდეერის“ მივლენა და რომელში არა, თუმცა ეს წარუმატებელი რეფორმაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უშიშროებას მუდმივი წარმომადგენელი არცერთ სამსახურში არ უნდა ჰყავდეს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ სუს-ს რაიმე საფრთხეზე ექნება ინფორმაცია, შესაბამის უწყებაში წარმომადეგნელი კონკრეტული ვადით უნდა მიავლინოს,“ – ამბობს საჯაია.
ამ კანონპროექტების განხილვას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა სახელისუფლებო გუნდის წევრები შეხვედრაზე არ ყოფილან, შესაბამისად მათი პოზიცია აღნიშნულ ცვლილებებზე უცნობია.
რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაციონალური მოძრაობა”, „თავისუფალი დემოკრატები” და „გირჩი“ „ეს შენ გეხებას“ ინიციატივას მხარს უჭერენ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.