37 წლის მაია ოთინაშვილი, რომელიც ცხინვალის რეჟიმს 11 დღე ჰყავდა გატაცებული, ორი კვირაა უკვე ხურვალეთში საკუთარ შვილებთან ერთად იმყოფება და ცხინვალის საკანში გატარებული დღეების გახსენება უმძიმს. მისი თქმით, მადლიერია ყველასი, ვინც მის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა და მათ შორის, როგორც უთხრეს, ქართველი მოჭიდავეები და რაგბისტებიც არიან, თუმცა პირადად მას სპორტსმენებიდან არავინ შეხვედრია და არ იცის, კონკრეტულად ვინ იყო მის გათავისუფლების საქმეში ჩართული.
„მითხრეს, რომ ქართველი მოჭიდავეები დაუკავშირდნენ იქაურებს. კონკრეტულად ვინ, არ ვიცი. მათ არ შევხვედრილვარ. მათი დიდი მადლობელი ვარ,“- ამბობს DFWatch-თან საუბარში მაია ოთინაშვილი და დაკავების მომენტს იხსენებს, როდესაც საკუთარ ბაღში ყოფნისას თავს სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ნიღბიანი ადამიანები დაესხნენ, წინააღმდეგობის გაწევისას კონდახი და მუხლი ჩაარტყეს, ხელბორკილები დაადეს და თვალახვეული ძალით წაიყვანეს რუსულ სამხედრო ბაზაზე.
მისი თქმით, თავდაპირველად 2-თვანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა შემდეგ 10-დღიანი პატიმრობით შეუცვალეს და საბოლოო ჯამში 11 დღის შემდეგ გამოუშვეს 1-წლიანი პირობითი სასჯელით.
DFWatch-თან საუბარში მაია ოთინაშვილის მული ირინა მაყიშვილი ამბობს, რომ როგორც მათ უთხრეს, რამდენიმე ქართველი მოჭიდავე და ერთი რაგბისტი იყო ჩართული მისი რძლის გათავისუფლებაში.
„ჩვენი ქართველი მოჭიდავეები დაუკავშირდნენ ოს მოჭიდავეებს. უფრო სწორად ქართველი სპორტსმენები, მარტო მოჭიდავეები არ იყვნენ, ერთი რაგბისტიც იყო, როგორც გვითხრეს, მაგრამ მათი გვარები არ მახსოვს. როგორც გავიგებთ, ცხინვალელ ძამბოლათ თედეევთან ჰქონდათ კავშირი. თუმცა დაზუსტებით ესეც არ ვიცი. თედეევს ცხინვალში ძალიან დიდი გავლენა აქვს, ავტორიტეტით სარგებლობს,“- ამბობს მაყიშვილი.
მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს გორის სოფელ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმი მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდა. 3 შვილის დედის გათავისუფლება 9 ოქტომბერს მოხდა და ერგნეთის საგუშაგოსთან მას ელოდებოდნენ ქართველი სპორტსმენებიც – ვეტერანი ფეხბურთელი ლადო ბურდული და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე. მაშინ ითქვა, რომ მაია ოთინაშვილის გათავისუფლებაში ქართველი ვეტერანი მოჭიდავეები, ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე მონაწილეობდნენ.
თამაზ გეგეშიძის თქმით, გათავისუფლების პროცესში ბუნებრივია, ჩართული იყო სახელმწიფო, მაგრამ მოჭიდავეებიც ეცადნენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანად გათავისუფლებას ოსი მეგობრების დახმარებით.
„ვეცადეთ, მეგობარი მოჭიდავეების დახმარებით, კარგი პირობები შეექმნათ დაკავებულებისთვის და ჩვენი მოქალაქეები საკუთარ ოჯახებს დაბრუნებოდნენ. მეგობრობით კეთდება ყველა კარგი საქმე და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს მეგობრობა არ გავწყვიტოთ და უფრო მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ ქვეყნისთვისაც,“ – განაცხადა გეგეშიძემ.
სპორტსმენების უშუალო ჩართულობა დაადასტურა და მათ მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.
თამაზ გეგეშიძეს არ დაუკონკრეტებია ცხინვალიდან რომელი მოჭიდავეები დაუდგნენ გვერდში, თუმცა ბოლო დროს ქართველ მოჭიდავეებს, მათ შორის ნაკრების მწვრთნელ გიორგი იანტბელიძესაც, ფოტო ჰქონდათ გადაღებული რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელთან, ძამბოლათ თედეევთან, რომელიც წარმოშობით ცხინვალიდანაა. ამ ფოტოს თბილისში კრიტიკა მოჰყვა, რადგან მაისურები, რომლებიც მოჭიდავეებს ეცვათ, რუსეთის დროშის ფერებში იყო. მაშინ ქართველმა მოჭიდავეებმა განაცხადეს, რომ თედეევთან დიდი ხანია მეგობრობენ და მაისურებიც მეგობრობის ნიშნად ჩაიცვეს.
ძამბოლათ თედეევი ცხინვალშია დაბადებული. ის ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატი და რუსეთის ნაკრების მწვრთნელია. წლების წინ, 2011 წელს კი მას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტობაც“ სურდა, თუმცა ცხინვალში ცხოვრების 10-წლიანი ცენზის უქონლობის გამო, ის არჩევნებზე არ დაუშვეს. თედეევს ცხინვალის რეჟიმის მხრიდან „ოსეთის გმირის“ წოდებაც აქვს მიღებული.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.