„პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერები საქართველოს ტერიტორიიდან არ ატვირთულა,“ – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ მამუკა ვასაძემ ფარული ჩანაწერების თემაზე მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
ვასაძემ საგამოძიებო ჯგუფის კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ დროისათვის გამოძიების ფარგლებში ამოღებული მასალის ექსპერტიზა მიმდინარეობს.
„შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც პროკურატურის, ისე შს სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებით, ჩატარებულია ორასზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. კერძოდ, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, თბილისის მასშტაბით, 25 სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა: სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 166 ერთეული CD და DVD დისკი, 26 ერთეული კომპიუტერი, 37 ერთეული მობილური ტელეფონი, 86 ერთეული სიმბარათი, 53 ერთეული მეხსიერების ბარათი, 5 ერთეული გარე მეხსიერების მყარი დისკი; ჩატარდა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი 41 ობიექტის დათვალიერება, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებულ 59 ობიექტზე დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა; გამოძიებისთვის საინტერესო ობიექტებიდან გამოთხოვილია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები; მოწმის სახით გამოიკითხა 50-მდე პირი. გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში გაგზავნილია საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების 16 შუამდგომლობა, რომლის ეფექტურად შესრულების და დაჩქარების მიზნით ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურორის მოადგილემ ხუთშაბათს, სავარაუდოდ კიდევ ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კადრებში შეუძლებელი იყო პირისა და იმის იდენტიფიცირება, საერთოდ პირადი ცხოვრების ამსახველი თუ იყო ის ვიდეო.
„გუშინ გავრცელებული კადრებით იმის იდენტიფიცირება, არის თუ არა ეს რომელიმე პირი, ვინ არის და არის თუ არა რომელიმე პირის პირადი ცხოვრება, ამის გარკვევა შეუძლებელია. თუმცა ჩვენ ნებისმიერ ასეთ ფაქტზე ვრეაგირებთ, რომელიც შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს „- განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ.
მანვე აღნიშნა, რომ არცერთი კადრი 2012 წლის 1 ოქტომბრის, ანუ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოპოვებული არ არის.
ვასაძემ ისიც თქვა, რომ უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენელი იმყოფება.
ბრიფინგზე იმყოფებოდა აშშ-ს საელჩოს სამართლებრივი ატაშე, კეტრინ კენინგი.
როგორც კენინგმა აღნიშნა, ისეთი საქმეების გამოძიება, რომელიც კიბერ-კომპონენტებს მოიცავს, ძალიან რთულია. მანვე ყველა პირს, ვისაც შესაძლოა აღნიშნულ საქმეზე რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს, პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„დარწმუნებული ვართ, რომ საგამოძიებო ჯგუფი დანაშაულზე პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, ყველა შესაძლო მიმართულებას სრულყოფილად იძიებს. მსგავსი საქმეები, რომლებიც კიბერკომპონენტებს მოიცავს, გამოსაძიებლად განსაკუთრებით რთულია, რადგან სხვადასხვა დონეზე საერთაშორისო თანამშრომლობას მოითხოვს. გარდა ამისა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულებისთვის დიდი დროა საჭირო,“ – აღნიშნა ქეთრინ ქენინგმა.
შეგახსენებთ, 11 და 14 მარტის შემდეგ, ხუთშაბათს სავარაუდოდ, კიდევ ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი უკანონო, ფარული ჩანაწერები გავრცელდა. „იუთუბზე“ ატვირთული ვიდეოს ბმული სოციალურ ქსელ ფეისბუქში რამდენიმე ჟურნალისტმა მიიღო.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.