პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი, რომლითაც სექსუალური შევიწროვება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცხადდებოდა როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (ქუჩაში, ტრანსპორტში და ა.შ.), ისე შრომითი ურთიერთობისას (სამსახურში) და რომლის ბრალდებითაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შს სამინისტროში 50-მდე, სახალხო დამცველის აპარატში კი ორი განცხადებაა შესული.
საუბარია, კანონპროექტზე, რომელიც გულისხმობდა, რომ შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას, ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას – 500 ლარით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ქმედების განმეორება– 1000 ლარით დაჯარიმებულიყო.
სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ სექსუალური შევიწროვების შემთხვევაში კი, პასუხისმგებლობა უფრო მძიმდებოდა და ამ შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა 2000 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 2500 ლარი იქნებოდა.
„ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებების ინიციატორები და ავტორები რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები თამარ ხიდაშელი და თამარ კორძაია არიან.
კანონპროექტის პარლამენტში ინიცირების შემდეგ თამარ ხიდაშელმა DFWatch-თან საუბრისას აღნიშნა, რომ კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი მიზეზი, მიმდინარე წლის აპრილში ტელეკომპანია „იმედში“ სექსუალური შევიწროვების გახმაურებული სავარაუდო შემთხვევაც გახდა, როდესაც მსახიობმა თათია სამხარაძემ წამყვანსა და პროდიუსერს, შალვა რამიშვილს ასეთი ბრალდება წაუყენა.
მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციებს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტისგან იღებდნენ, რომლის ინფორმაციითაც, უშუალოდ სახალხო დამცველს სექსუალური შევიწროვების შესახებ საჩივრით ორმა ადამიანმა მიმართა. გარდა ამისა, მათივე ცნობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოლიციაშიც 50-მდე ასეთი განცხადება იყო შესული.
კანონპროექტში არ იყო განმარტებული თუ კონკრეტულად როგორი ქცევა შეიძლება ჩათვლილიყო სექსუალურ შევიწროვებად. რაზეც ხიდაშელი ამბობდა, რომ ამ ტიპის დეტალური განმარტებები საკანონმდებლო დონეზე მიზანშეწონილი არ არის და ამას თვითონ პირი გადაწყვეტს, იქნება რაიმე სექსუალური ხასიათის ქცევა ან ტერმინი მისთვის არასასურველი და ღირსების შემლახავი თუ არა.
სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც აღნიშნული ცვლილებები შს სამინისტრომაც დაიწუნა. როგორც მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, წარმოდგენილი სახით პროექტის მიღება მიზანშეუწონელია, რადგან რთული იქნება როგორც სექსუალური ხასიათის ქცევის ისე ღირსების შელახვის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.