შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ (Stadler KISS) ორსართულიანი მატარებელი, რომელიც თბილისში 6 ივლისს შემოვიდა, მგზავრებს პირველად ორშაბათს, 25 ივლისს მოემსახურა.
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ახალი ორსართულიანი ელექტრომატარებელი, რომელიც გაჩერებების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტებზე – ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება, პირველ მგზავრებთან ერთად შავი ზღვის კურორტებისაკენ დილას, 9:10 წუთზე დაიძრა.
მათივე ცნობით, ორივე მიმართულებით დღეში ორი რეისი შესრულდება:
თბილისი (9:10) – ბათუმი (14:09),
თბილისი (18:20) – ბათუმი (23:19).
ასევე ორი რეისია ბათუმიდან თბილისის მიმართულებით:
ბათუმი (7:35) – თბილისი (12:30),
ბათუმი (17:05) – თბილისი (22:00).
რაც შეეხება მგზავრობის საფასურს, DFWatch-ს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ უთხრა, რომ „საფასური იმის ანალოგიური იქნება რაც ძველ მატარებლებზე“. კერძოდ, მეორე კლასი – 23 ლარი, პირველი კლასი – 40 ლარი, ბიზნეს კლასი – 55 ლარი.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ორსართულიანი მატარებელი საქართველოს ლიანდაგებისა და გვირაბების პარამეტრების შეუსაბამოა, თუმცა ეს ინფორმაცია საქართველოს რკინიგზამაც და კომპანია „შტადლერმაც“ უარყვეს.
ცნობისთვის, საქართველოს რკინიგზამ კომპანია „შტადლერისგან“ ოთხი მატარებელი შეიძინა, რომელთა საფასურიც, დაახლოებით, 40 მილიონი ევროა. კიდევ ორი მატარებელი საქართველოში, სავარუდოდ, 2017 წლის მარტში შემოვა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.