ლარის ყოველდღიური კატასტროფული გაუფასურების გამო „ნაციონალური მოძრაობა“ ეკონომიკური გუნდის მინისტრებს მომავალ ოთხშაბთს პარლამენტში იბარებს, „პატრიოტთა ალიანსი“ კი აცხადებს, რომ ეკონომიკური გუნდისა და პრემიერის პასუხისმგებლბოს საკითხი უნდა დადგეს.
ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“ მანიპულაციას უწოდებს და როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩიგოშვილი ამბობს, მთავარია ინფლაციის დონე შევინარჩუნოთ ისეთი, რომ მოსახლეობაზე ნეგატიურად არ აისახოს.
სამშაბათს უმცირესობის ლიდერმა დავით ბარქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან განაცხადა, რომ უმცირესობა ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილსა და ეკონომიკის მინისტრს, გიორგი გახარიას 28 დეკემბერს პარლამენტში იბარებს და მოუწოდებს წარმოადგინონ სამოქმედო გეგმა, რომელიც ლარს უფრო გაუფასურებისგან დაიცავს.
მისი თქმით, თუ ლარი მიმდინარე კურსზე დარჩა ან კიდევ უფრო გაუფასურდა, მთავრობა იძულებული იქნება, გააძვიროს ტარიფები დენსა და გაზზე. „ეს კი იქნება გაძვირების ახალი ტალღის ძალიან სერიოზული დასაწყისი ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობისთვის.“
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით კი, ლარის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურში გადაიზრდება.
„მთავრობა ახლაც დგამს დიამეტრულად საწინააღმდეგო ნაბიჯებს იმისა, რაც წესით, კრიზისის დროს მთავრობამ უნდა გააკეთოს. ლარის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში გარდაუვალია, რომ ეს ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურ კრიზისშიც გადაიზრდება“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
„ამ კრიზისს ვერ გაუძლებს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, დადგება ეკონომიკური გუნდის და ბატონი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი,“ – აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი.
„ხელისუფლება და მისი ეკონომიკური გუნდი არაკომპეტენტურია მართოს და დაარეგულიროს კრიზისული ვითარება. მათ მიერ წარმოდგენილი გეგმა არის ჰაერი. ჩვენი პროგნოზია, რომ გადააჭარბებს სამ ლარს, ამ კრიზისს ვერ გაუძლებს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, დადგება ეკონომიკური გუნდის და ბატონი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი,“ – განაცხადა ინაშვილმა.
უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის განცხადებებს მანიპულაციური ხასიათი აქვს, და მთავარი ინფლაციის დონის შენარჩუნებაა.
„მანიპულაციური და არასწორი არის იმის თქმა, რასაც აკეთებენ ჩვენი ოპონენტები. თითქოს მთავრობის პროგრამა იწვევს ამ ტიპის მოვლენებს ან მთავრობის არასწორი ქმედებები იწვევს ამ ტიპის მოვლენებს. ჩვენ ვიცით, რომ დოლარი მყარდება ყველა ვალუტასთან მიმართებაში, ვიცით რა მდგომარეობაა ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში, მთავარია ჩვენ ინფლაციის დონე შევძლოთ შევინარჩუნოთ ისეთი, რომ არ აისახოს ნეგატიურად მოსახლეობაზე,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა “რუსთავი 2”-თან.
ლარი ყოველდღიურად უფასურდება. ეროვნული ვალუტა 20 დეკემბერს კიდევ 6 თეთრით გაუფასურდა და ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში გახდა 2.74, გადამცვლელ ჯიხურებში ეს მაჩვენებელი 2.80-ს აჭარბებს.
ლარი ასევე გაუფასურებულია ევროსთან მიმართებითაც, 1 ევროს შეძენა ოფიციალური კურსით 2.8615 ლარადაა შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე კურსი 2.8050 ლარი იყო.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.