სახალხო დამცველის აპარატის მიერ ძვირადღირებული მანქანების შესწყიდვის გასაჯაროვების გამო გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, ილია ჭანტურიამ ომბუდსმენის აპარატს დავა მოუგო და სასამართლომ ომბუდსმენს მისი სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება დაევალა.
ამასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ დააკმაყოფილა მოსარჩელე ილია ჭ.-ს სარჩელი, მოპასუხე საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
განცხადებაში წერია, რომ მოსარჩელე 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 11 ივლისამდე იკავებდა სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. მის მიმართ 2016 წლის აპრილში გამოიცა სამართლებრივ აქტი გაფრთხილების თაობაზე, რის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა ერთი წლით ადრე, 2015 წელს მომხდარი ფაქტი, როდესაც მოსარჩელე დაინტერესდა სახალხო დამცველის მოადგილის მიერ ჩატარებული თათბირის შინაარსით და აღნიშნულის შესახებ კითხვები დაუსვა სხვა თანამშრომლებს. ეს ფაქტი ხელმძღვანელი თანამდებობის პირის დისკრედიტაციად შეფასდა. პლუს, გაფრთხილების აქტში მითითებული იყო, რომ მოსარჩელე ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ვერ უზრუნველყოფდა სხვადასხვა სახის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას თანამშრომელთა გადამზადების მიზნით.
მეორე დისციპლინური წარმოება თანამდებობიდან გათავისუფლებით დასრულდა 2016 წლის ივლისში და გათავისუფლების ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ ილია ჭანტურიამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დაარღვია.
სასამართლოს განცხადებაში წერია, რომ „2016 წლის აპრილში გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში და დისკრიმინაციის ფაქტის დასადასტურებლად წარადგინა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა პრემიების შესახებ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, რაც დისციპლინური საქმისწარმოების კომისიის მიერ შეფასდა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დარღვევად. ამას გარდა, თანამდებობიდან გათავისუფლების კიდევ ერთი საფუძველი გახდა ილია ჭ.-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქმისწარმოების პროგრამაში ახალი, კორექტირებული განცხადებით ჩანაცვლებულიყო უკვე რეგისტრირებული წერილი. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ ზემოთხსენებული გარემოებები უსაფუძვლოა, შესაბამისად მათზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებები გაფრთხილების მიცემისა და გათავისუფლების თაობაზე უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ილია ჭ. ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მოახდინა ხელმძღვანელი თანამდებობის პირის დისკრედიტაცია და მის მიერ საქმისწარმოების პროგრამაში შეცვლილი განცხადების გამო, მედიასაშუალებაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს“.
საბოლოოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ ჭანტურია უკანონოდ გაათავისუფლეს და ომბუდსმენს დაევალა როგორც მისი თანამდებობაზე აღდგენა, ისე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც. სახალხო დამცველის აპარატში კი აცხადებენ, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
აღსანიშნავია, რომ თავად ილია ჭანტურია მის გათავისუფლებას ჟურნალისტებისათვის საჯარო ინფორმაციის მიწოდებას ასახელებს. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ 2016 წლის აპრილში მან სტუდია „მონიტორს“ მიაწოდა ინფორმაცია თანამშრომელთა პრემიების და ომბუდსმენის აპარატის შესყიდვების შესახებ. მასალები მათ შორის ეხებოდა სახალხო დამცველის მიერ შეძენილ ძალიან ძვირადღირებულ ავტომანქანას, რომელიც მისი მოადგილის, ნათია კაციტაძისთვის იყო ნაყიდი და ამ ფაქტმა მაშინ დიდი ხმაური გამოიწვია.
კერძოდ კი, 30 მარტს ინტერნეტ-გამოცემა on.ge-მ და ასევე საგამოძებო ჟურნალისტურმა სტუდია „მონიტორმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველის აპარატი ძველ, 2009 წელს გამოშვებულ 7 ათას ლარად შეფასებულ Hyundai Tucson-ს, ახალი, 105 ათას ლარად ღირებული მერსედესით ანაცვლებს.
გამოცემა ON.GE წერდა, რომ ომბუდსმენის ოფისმა 2016 წლის 23 მარტს ტენდერის გარეშე, გამარტივებული, პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულება გააფორმა შპს ავტო თრეიდ ინთან, რომლის მიხედვითაც ის აღნიშნული კომპანიისგან ყიდულობს ახალ, 2016 წელს გამოშვებულ, შავი ფერის ავტომობილს Mercedes-benz GLA 250 4matic, რომელიც შპს-ამ ოფისს 15 აპრილამდე უნდა მიაწოდოს, სანაცვლოდ კი კომპანია 7 ათას ლარად შეფასებულ Hyundai Tucson-ს მიიღებს. დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა იგივე კომპანიისგან მიმდინარე წლის 10 თებერვალს ასევე იყიდა ახალი, 2015 წლის Toyota land cruiser 150, რომლის ღირებულებაც არის $48 500, სანაცვლოდ კი მას გადასცა 2008 წელს გამოშვებული, 25 000 ლარად შეფასებული Volkswagen Touareg. ფასთა შორის სხვაობა უნაღდო ანგარიშსწორებით დაიფარა.
სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე აცხადებდა, რომ ძველი მანქანების ახლით ჩანაცვლება გამოიწვია რეგიონებში მათი საქმიანობის გაზრდამ და გააქტიურებამ. ხოლო ავტომანქანის შეძენისას აპარატმა “შესყიდვების შესახებ” კანონით იმოქმედა და მათ კანონი არ დაურღვევიათ.
„შევამოწმეთ და დადგინდა, რომ უმჯობესი იქნებოდა ახლით ჩანაცვლება, რაც მომავალში გამოიწვევს ეკონომიურობას. სხვა ჩანაცვლება ახლო წარსულში არ განხორციელებულა სატრანსპორტო საშუალებებზე”, – აღნიშნავდა ბელთაძე და დასძენდა, რომ ისევ მიმდინარეობს აპარატის სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების პროცესი და არ არის გამორიცხული, სხვა ავტომობილების ჩანაცვლების საკითხიც დადგეს.
მიუხედავად ამ განმარტებისა, ფაქტს საზოგადოებაში დიდი განსჯა მაინც მოჰყვა და როცა ჭანტურია გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მისი მხრიდან სწორედ ამ ფაქტის მედიისთვის მიწოდება დასახელდა მთავარ მიზეზადაც. ომბუდსმენის აპარატი კი აცხადებდა, რომ ჭანტურიამ თავისი ქმედებებით ხელმძღვანელი თანამდებობის პირის დისკრედიტაცია მოახდინა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.