„ნუ გაირჯება ბატონი ნადარაია იმაზე დარდით, გალელები აფხაზეთში რეალიზებას ვერ შეძლებენო. შეძლებენ და მერე როგორ, ოღონდაც თავი დაანებონ და არ დაარღვიონ მათი უფლებები!“ – ასე პასუხობენ გალელები ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მუქარას რუსულის სწავლასთან დაკავშირებით.
„თუ გალის რაიონში მცხოვრებმა ქართველმა ან მეგრელმა ვერ ისწავლა [რუსული] ენა, ის აფხაზეთში ვერ რეალიზდება და იძულებული იქნება, ეს ტერიტორია დატოვოს,“ – ამის შესახებ გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა.
ის მიიჩნევს, რომ აფხაზური რთული ენაა და ადგილობრივმა ქართველებმა რუსული უნდა ისწავლონ.
„ქართველებს იმდენად სძულთ რუსები და რუსული ენა, რომ ამბობენ, „ასწავლეთ აფხაზურიო“. ჩვენ აფხაზურსაც ვასწავლით, მაგრამ აფხაზური ენა ერთ-ერთი ყველაზე რთულია და მისი ცოდნითაც კი აფხაზეთში საკუთარი თავის რეალიზებისთვის რუსული უნდა იცოდე. აქ ყოველთვის რუსულად საუბრობდნენ იმიტომ, რომ ჩვენ მრავალეროვანი რესპუბლიკა ვართ და სასაუბრო ენა რუსულია,” – თქვა ნადარაიამ.
DFWatch აღნიშნულთან დაკავშირებით გალის რაიონის მოსახლეობას დაუკავშირდა კითხვით, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის რუსულის და აფხაზურის ცოდნა და უქმნით თუ არა ეს მათ პრობლემას გალში ცხოვრებისთვის.
„აფხაზური საერთოდ არავის არაფერში სჭირდება აქ. მგონი, ეს განცხადებაც ამას უკავშირდება. თავად ვერანაირ პროცედურად ვერ ახორციელებენ აფხაზურად. ყველაფერი რუსულადაა. დამოუკიდებლობაზე აქვთ ამბიცია, თუმცა საკუთარი ენის რეალიზებასაც ვერ ახდენენ. თავისი გასჭირვებიათ, თორემ გალში მცხოვრებ ქართველებს ამით იქ არსებობისთვის რაიმე პრობლემა არ ექმნებათ. ტერიტორიის დატოვებას რაც შეეხება, სხვა უამრავი შეზრუდვის ფონზე (გადაადგილების შეზღუდვა, უუფლებობა, იძულებითი რუსული სწავლება), ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ამის გარდა არაფერში შეგვიშალონ ხელი და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ“, – აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი.
ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი DFWatch-თან ამბობს, რომ რეალიზების სურვილი მქონე ახალგაზრდები გალში თითქმის არ ჩერდებიან, ისინი სწავლას ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ, შესაბამისად მათთვის ენა დაბრკოლება ვერ იქნება.
„ჩვენი მოსწავლეებიდან ჯერ არცერთი არ მეგულება, ვინც აქ აპირებს სწავლის გაგრძელებას, ყველა მათგანი სწავლის გაგრძელებას ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში გეგმავს. ეცოდინებათ თუ არა რუსული ან აფხაზური, მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ენა მხოლოდ კომუნიკაციისთვის სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ენის ცოდნით არც არაფერი შავდება, პირიქით, კარგიცაა, მაგრამ ქართველებისთვის რეალიზაციის აუცილებელ პირობად ვერ ჩაითვლება. აქ ეს სიტყვა ცოტა საფუძველს მოკლებულია. ვინმე არის საერთოდ აფხაზეთში რეალიზებული?! ცოტა სასაცილოდაც კი ჟღერს, როცა მხოლოდ ენის არცოდნას მივიჩნევთ პრობლემას. აქ არსებულ სამსახურებში ენის გარეშე დასაქმება, ბუნებრივია, რომ შეუძლებელია, მაგრამ თვითონ დასაქმება იმდენად ვიწრო მნიშნელობისაა, სერიოზულ პრობლემად ვერ ჩაითვლება და ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, ამის გამო ქართველებს ტერიტორიის დატოვება მოუწევთო“, – აღნიშნავს გალის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.
„არც აფხაზური ვიცი და არც რუსული,” – ამბობს ადგილობრივი, რომელსაც საკუთარი ბიზნესი აქვს. „- სკოლა რომ დავამთავრე, ჯერ კიდევ არ იყო რუსული სწავლა სავალდებულო. გზაში რომ მაჩერებდნენ საბუთების შესამოწმებლად, დიდი-დიდი რამე სისულელე მეპასუხა ენის არცოდნის გამო. რამდენჯერმე კურიოზულ სიტუაციაშიც აღმოვჩდი, თუმცა საქმეში ამას ხელი არ შეუშლია. მაქვს პატარა ბიზნესი, რომელიც რა თქმა უნდა მხოლოდ ქართველებზე არაა გათვლილი, თუმცა თუ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა უნდათ, თავად ისწავლონ ქართული (იღიმის). რეალიზებას რას ეძახიან აფხაზეთში, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. აქ მთავარია საარსებო შემოსავალი გქონდეს, ჩემი მცირე ბიზნესი კი იმაზე მეტ შემოსავალს იძლევა, ვიდრე, მაგალითად, ექთნის, ან ექიმის შემოსავალია, რომელმაც აუცილებელია იცოდეს ენა.“
გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია კი ამბობს, რომ არ ეგულება გალელი, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, რომელმაც რუსული არ იცის, მაგრამ ეს ასე იყო ნადარაიას მოსვლამდეც, რადგან აფხაზეთში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ექცეოდა უცხო ენების სწავლებას.
„ამით ნადარაია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავად აფხაზებმა არ იციან აფხაზური ენა და მათი საურთიერთობო ენა რუსულია. აფხაზურ ენაზე ძირითადად აფხაზურ სოფლებში საუბრობენ. სკოლებში აფხაზური ენის სწავლება მეორე კლასიდან იწყება. სახელმძღვანელოს აწერია ,,ანბან”, რომელიც ქართული ანისგან და ბანისგან მომდინარეობს. ახალი სახელმძღვანელოების შესაქმნელად კი ეკონომიკა უნდა უწყობდეთ ხელს. რაც შეეხება იმას, რომ გალელები რუსული ენის არცოდნის გამო აფხაზეთში ვერ რეალიზდებიან და მოუწევთ რაიონის დატოვება, ამაზე ვიტყოდი, რომ გალის რაიონში მშობლიურ ქართულ ენასთან ერთად ომამდეც და ომის შემდგომაც ჯეროვანი ყურადღება ექცეოდა უცხო ენების – რუსულის, ინგლისურის, გერმანულის სწავლებას. 58-იდან მხოლოდ 2 სკოლა იყო რუსულენოვანი, 3 – რუსულ-ქართული, 1 ქართულ-აფხაზური. დანარჩენ სკოლებში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.
„ნიჭიერ სამურზაყანოელებს არასოდეს და არსად გაჭირვებიათ თავის რეალიზება. მათი წინაპართა წინაპრები არსაიდან მოსულან. ახლო პერიოდში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის დროს ჭეშმარიტმა გალელებმა არ დამალეს პირადობის მოწმობები და არ უარყვეს საქართველოს მოქალაქეობა.
„და კიდევ, გალის რაიონის ომამდელი საზღვრების სკოლების ქართველი მოსწავლეები აფხაზურს უკეთ სწავლობენ, ვიდრე დანარჩენი აფხაზეთის სკოლების ბავშვები, რასაც თვითონ აფხაზები ადასტურებენ. ჩვენი მოსწავლეები რუსულსაც კარგად სწავლობენ, როგორც უცხო ენას და ინგლისურსაც, რასაც ეროვნული გამოცდების შედეგები ამოწმებს. მიუხედავად იძულებისა და სკოლების რუსულენოვან სწავლებაზე გადასვლისა, მოსწავლეები თუ სკოლადამთავრებულები შესანიშნავად ფლობენ მშობლიურ ქართულ ენას.
„ასე რომ, ნუ გაირჯება ბატონი ნადარაია იმაზე დარდით, გალელები აფხაზეთში რეალიზებას ვერ შეძლებენო. შეძლებენ და მერე როგორ, ოღონდაც თავი დაანებონ და არ დაარღვიონ მათი უფლებები! საქართველოს მთავრობა, აფხაზეთის ა/რ ლეგიტიმური ხელისუფლება ზრუნავს აფხაზური ენის, როგორც საქართველოს კონსტიტუციით აფხაზეთში ქართულთან ერთად სახელმწიფო ენის განვითარებაზე, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე თვით აფხაზები. ბატონ ნადარაიას თუ აქვს მენეჯმენტის უნარი, იმას კი არ უნდა ამბობდეს, რუსულის არცოდნის გამო გალელებს მოუწევთ რაიონის დატოვებაო, პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს ორივე ენის – ქართულის და აფხაზურის სწავლება-განვითარებას, შესაბამისად, გაზარდოს ორივე ენის კვირეული საათობრივი დატვირთვა და სათანადოდ ასწავლოს უცხო რუსული, ინგლისური ან გერმანული ენებიც. გალელები ძალიან კარგად ისწავლიან ყველა ენას და თავის რეალიზებაც არ გაუჭირდებათ! მე არ მეგულება გალელი, რომელმაც რუსული არ იცის, ძალიან ნაკლებია ასეთი ალბათ, მაგრამ სანამ ნადარაიები მობრძანდებოდნენ, ეს მანამდეც იცოდნენ“, – განუცხადა DFWatch-ს ნონა შონიამ.
ცნობისთვის: გალის ოკუპირებულ რაიონში სკოლებში ქართული სწავლება რუსული ენით 2015 წლიდან ეტაპობრივად ჩანაცვლდა. 1990–დან 2018 წლამდე ოკუპირებულ რაიონში ქართული სკოლების რაოდენობა 58–დან 30-მდე შემცირდა, სადაც ირიცხება 4095 მოსწავლე და დასაქმებულია 745 მასწავლებელი. მოსწავლეების 98% და მასწავლებლების 90% ეთნიკური ქართველია.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.