„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, მამუკა აბულაძის თქმით, წუხელ ღამით, საკუთარ ბარში რუსთავის მერიის რამდენიმე თანამდებობის პირმა, მათ შორის მერის მოადგილე ლაშა ლობჟანიძემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორ DFWatch-ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ჩიქოვანმა უთხრა, მერის მოადგილის გარდა, თავდამსხმელთა შორის იყვნენ, ასევე, მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი ლევან ონიანი, ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის უფროსი ლევან კუპატაძე, მერის მრჩეველი ზაზა ჯაიანი, რუსთავის საკრებულოს წევრები – საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მამუკა მიქაუტაძე და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მერაბ სულაბერიძე.
„აბულაძეს საკუთარი ბარი აქვს, სადაც ეს ადამიანები იშვიათად დადიოდნენ. აქამდე არც კონფლიქტი ჰქონიათ. თუმცა, 25 აპრილს ჯერ ბარში მისულან, დაულევიათ და როგორც ჩანს, ალკოჰოლის ზედმეტი რაოდენობის მიღების შემდეგ, ჩვენს აქტივისტს, მამუკა აბულაძეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, აგინეს, შემდეგ კი სცემეს. მის მდგომარეობას რაც შეეხება, დაზიანებები აქვს სახეზე და ტუჩზე – ნაკერები. დაკითხეს თუ არა ის ადამიანები, ან ალკოტესტზე თუ შეამოწმეს, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. როგორც გვითხრეს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიდნენ,“ – აღნიშნა DFWatch-თან საუბრისას ჩიქოვანმა.
რუსთავის მერიაში ამ ინციდენტს “შეგნებულ პროვოკაციად” აფასებენ.
,,პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს იყო შეგნებული პროვოკაცია, რომელიც მოჰყვა მამუკა აბულაძის მხრიდან მერიის თანამშრომლების მისამართით წამოსულ სიტყვიერ შეურაცხყოფას. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას ვიღაცა შეუვარდა კერძო საკუთრებაში, არის ტყუილი. ეს იყო ორმხრივი კონფლიქტი, რომელიც მოჰყვა მამუკა აბულაძის მიერ მოწყობილ შეგნებულ პროვოკაციას, რის შემდეგაც სასწრაფოდ მოიწვია პრესა და ვისი გვარიც კი გაახსენდა თვითმმართველობიდან, ყველა კონფლიქტის მონაწილედ დაასახელა“, – განაცხადა რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსმა, თამარ აქუბარდიამ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს და იმ შემთხვევაში თუ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას არ გამოიწვევს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე, ანდა თხუთმეტ თვემდე ვადით გამასწორებელი სამუშაოთი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.