ხუთშაბათს, 7 ივლისს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა (AFET) საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს კენჭი დილით უყარეს და შედეგები მალე რეკომენდაციად სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შს კომიტეტში (LIBE) გადაიგზავნება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხში წამყვანი კომიტეტია. ეს კომიტეტი კი საქართველოს საკითხს სექტემბერში განიხილავს.
ევროპარლამენტი ზაფხულის შვებულებაში პარასკევს 8 ივლისს გადის და ის მუშაობას მხოლოდ სექტემბრის შუა რიცხვებიდან განაახლებს.
უვიზო მიმოსვლის მინიჭების გადაწყვეტილებამდე კი ევროპარლამენტმა ასევე უნდა მიიღოს ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმიც, რომელიც ითვალისწინებს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დროებით შეჩერებას იმ შემთხვევაში თუ მესამე ქვეყანამ პირობები დაარღვია. უკვე გაცხადებულია, რომ შეჩერების რეგულაციის მიღებამდე უვიზო მიმოსვლა არ დაწესდება.
მიუხედავად იმისა, რომ არ გამართლდა საქართველოს ხელისუფლების თავდაპირველი მოლოდინი და ვიზა ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება საზაფხულო შვებულებამდე არ დასრულდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დადებით გადაწყვეტილების შემდეგ ოპტიმისტური განცხადებები ისევ გაისმა.
„ვიზელიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია, რისი პროცედურული გაფორმებაც ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს“, – განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, 4 ივლისს, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შს კომიტეტმა (LIBE) ძალიან მაღალი შეფასება მისცა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ანგარიშს.
„ეს მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს კომიტეტი არის წარმდგენი აღნიშნული საკითხის პლენარულ სხდომაზე. LIBE-ს მომავალ სხდომაზე უკვე კენჭი ეყრება ამ საკითხს, მას შემდეგ რაც შეგროვდება შენიშვნები, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა პარტია, ყველა წარმომადგენელი, თანხმდება. ამ პროცესში აუცილებელი იყო საგარეო საკითხთა კომიტეტის პოზიცია, რომელიც გამოქვეყნდა და ძალიან პოზიტიურია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პროცედურულად ეს საკითხი თანამიმდევრულად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია და დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებულია. ამ საკითხს ჭირდება შესაბამისი პროცედურული გაფორმება, რაც შესაბამის სტრუქტურებში ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ზუსტად როდის იქნება ეს „მალე“, სექტემბერში თუ ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ, ეს მინისტრს ამჯერად არ დაუკონკრეტებია.
საგულისხმოა ის, რომ თავდაპირველად ქართული მხარე ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების თარიღად 15 ივნისს ასახელებდა, იგივე მოლოდინი გააჩინა თავად ევროკომისარმა მიგრაციის, შიდა საქმეებისა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა, რომელმაც 9 მარტს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე საკანონმდებლო წინადადება გადაუგზავნა და პრესკონფერენციაზე უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ვადად 3-4 თვე დაასახელა. თუმცა მოგვიანებით ვადამ შემოდგომამდე გადაიწია. ევროპარლამენტში განხილვისას უვიზო მიმოსვლის ზაფხულში ამოქმედების წინააღმდეგ გერმანია და საფრანგეთი წავიდნენ. გერმანიის პრესამ დაწერა, რომ ბერლინის უარის მიზეზი გერმანიაში ქართველი არალეგალების უკიდურესად მოხშირებული კრიმინალი იყო. ოფიციალურად კი მიზეზად მიგრანტთა კრიზისი გამო ევროკავშირის სიფრთხილე დასახელდა, რის გამოც გადაწყდა, რომ ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს ახალი რეგულაცია – ე.წ. შეჩერების მექანიზმი.
ბოლო დღეებში ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების ახალი თარიღიც დასახელდა, მას შემდეგ, რაც 1 ივლისს საქართველოში ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თქვა, რომ საკითხი დადებითად სექტემბრის მეორე ნახევარში გადაწყდება.
ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის თქმით, ძალიან მცირე შანსია იმის, რომ უვიზო მომოსვლა სექტემბერში ამოქმედდეს. ამბობს, რომ ვადები ამის საშუალებას არ იძლევა, რადგან ევროკავშირის პარლამენტი სესიებს სექტემბრის შუა რიცხვებში იწყებს. გადაწყვეტილება პირველივე დღეებში რომც მიიღონ, სტანდარტული პროცედურით ის ოფიციალურ ჟურნალში უნდა გამოქვეყნდეს და კანონი გამოქვეყნებიდან 21-ე დღეს შედის ძალაში.
„ეს 21 დღე რომ გამოვთვალოთ, გამოდის, რომ მინიმუმ 10 სექტემბრისთვის გადაწყვეტილება მიღებული იყოს, 10-ში კი პარლამენტი შეკრებილიც არ იქნება და, ამდენად, ამის მოსწრება ძალიან საეჭვოა. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ევროპარლამენტმა, პირველ რიგში, ვიზის ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის დახვეწაზე უნდა იმსჯელოს. ჯერ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. სანამ ეს გადაწყვეტილება არ იქნება, საქართველოს, თურქეთის, კოსოვოს თუ უკრაინის საკითხის განხილვა გამორიცხულია,“ – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.