აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს (1991-2004 წლებში) ასლან აბაშიძეს, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლის 6 მაისს საპროტესტო გამოსვლების შედეგად რუსეთში გაიქცა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 25 წლის წინანდელი გახმაურებული მკვლელობისა და სხვა დანაშაულისთვის.
„სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 1991 წლის 30 აპრილს, ასლან აბაშიძემ აჭარის ა.რ. უზენაესი საბჭოს შენობაში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მოკლა მისი მოადგილე ნოდარ იმნაძე.
„მანვე, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, 1993-2004 წლებში შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. ასევე დადგინდა, რომ 2004 წლის 2 მაისს, ასლან აბაშიძემ სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება, კერძოდ ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქება, ხოლო 2004 წლის აპრილში ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში ზღვის სანაპიროს დანაღმვა, რასაც 2004 წლის 21 აგვისტოს აფეთქება მოჰყვა. მანვე ჩაიდინა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა თენგიზ ასანიძის და სხვათა მიმართ,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
აბაშიძესთან ერთად სასამართლომ დამნაშავედ სცნო ასევე აჭარის ა.რ. უშიშროების ყოფილი მინისტრი იოსებ გოგიტიძე, აჭარის ა.რ. შს ყოფილი მინისტრი ჯემალ გოგიტიძე, მისი მოადგილე ელგუჯა ჯინჭარაძე, აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსი დავით ხალვაში და უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს ყოფილი უფროსი ამირან კურცხალიძე.
იოსებ გოგიტიძეს 12 წლით, დავით ხალვაშს 4 წლითა და 6 თვით, ხოლო ამირან კურცხალიძეს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯემალ გოგიტიძესა და ელგუჯა ჯინჭარაძეს კი სასამართლომ გარდაცვალების გამო სასჯელი არ დაუნიშნა.
ცნობისთვის, 2003 წელს მომხდარი ე.წ. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ აბაშიძემ უკანონოდ გამოსცა განკარგულება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. რის შემდეგაც ცენტრალურ ხელისუფლებას ფაქტობრივად აღარ ემორჩილებოდა.
დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია 2004 წ. მაისში, როდესაც ასლან აბაშიძის ბრძანებით ააფეთქეს ხიდი მდინარე ჩოლოქზე. იმავე დღეებში მოხდა ოპოზიციის გამოსვლების დარბევა, თუმცა საპროტესტო ტალღა არ შეჩერებულა. აჭარაში განთავსებული საჯარისო ნაწილების შემადგენლობამ მასიურად დაიწყო ცენტრალური ხელისუფლების მხარეზე გადასვლა. 2004 წლის 6 მაისს კი აბაშიძემ ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი აჭარაზე, რის შემდეგაც იძულებული გახდა გადამდგარიყო და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის იგორ ივანოვის თანხლებით დაეტოვებინა აჭარა.
2005 წლის დეკემბერში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასლან აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და იგი ძებნაში გამოაცხადა. მას ტერორიზმსა და კორუფციაში დასდეს ბრალი. 2006 წლის მარტში ასლან აბაშიძის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდება წამოაყენეს — ამჯერად მისი ყოფილი მოადგილის ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობის (1991 წ.) მუხლით.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.