2018 წლიდან ტექდათვალიერება ყველა ავტომანქანისთვის სავალდებულო გახდება. პროცესში საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან და ახალ სტანდარტს დანერგავენ. ამის შესახებ სამშაბათს სპეციალურ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება ექნება.
როგორც ბრიფინგზე ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების მიზანია „მოქალაქეებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.“
„ცნობილია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროს სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა და ამ დარგში სტანდარტების არარსებობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით დღევანდელი ვითარება რომ მძიმეა, ამას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს,“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.
გარდა ამისა, მინისტრი ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი სწორედ ავტომობილების გაუმართაობის გამო ხდება.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საკონსულტაციო კომპანიასთან შეთანხმების შედეგად, სხვადასხვა ასაკის და ტიპის მანქანებისთვის შეიძლება იყოს სხვადასხვა პერიოდულობა,“ – თქვა მინისტრმა.
მისი თქმით, 2017 წლის ბოლომდე მოეწყობა ახალი ინფრასტრუქტურა და საქართველოს ყველა რეგიონს მოემსახურება ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ცენტრები, რათა ინსპექტირების პროცესმა შეუფერხებლად წარიმართოს. ინსპექტირება კი 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება
აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად ავტოტრანსპორტია დასახელებული საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევაშიც, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა და ნათქვამია, რომ 2012 წლის მონაცემებით საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველი 100,000 მაცხოვრებლიდან 300-მდე ადამიანი იღუპება.
აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობს DFWatch-თან კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „სენის“ (CENN) პროექტების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილიც, რომელიც აღნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზებია გაუმართავი ტრანსპორტი, ხეების გაჩეხვა მიმდინარე მშენებლობებისთვის და საწვავის ხარისხიც, რომელიც ევროპული საწვავის სტანდარტებზე ბევრად დაბალია და რომლის მონიტორინგიც, ისევე როგორც ავტომობილების ტექდათვალიერება, ქვეყანაში არ ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გაუქმდა, რის მიზეზადაც ამ სფეროში არსებული კორუფცია დასახელდა. ცნობისთვის, ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციით, ასოცირების ხელშეკრულების დადებიდან ოთხი წლის შემდეგ ანუ 2019 წლისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება სავალდებულო უნდა გახდეს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.