საქართველოს მთავრობა ბათუმის მუსლიმ მოსახლეობას კიდევ ერთხელ ჰპირდება, რომ მეჩეთის პრობლემას გადაჭრის და მათ სალოცავი ადგილი ექნებათ. ბათუმის ერთადერთი მეჩეთი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ყველა მლოცველი დაიტიოს.
უკვე წლებია, ადგილობრივი მუსლიმები ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების ნებართვას ითხოვენ, რადგანაც ორთა ჯამეს მეჩეთი მათ უკვე ვერ იტევს. თუმცა მათი მოთხოვნა უპასუხოდ რჩება – არც ძველსა და არც ახალ მთავრობას ეს პრობლემა არ გადაუჭრია.
ახლა კი ახალი მთავრობა მათ ორთა ჯამეს მეჩეთის გაფართოებას ჰპირდება, თუმცა მუსლიმთა უმეტესობას ეს აზრი არ მოსწონს. პირველ რიგში იმიტომ, რომ, მათი აზრით, ეს არ იქნება საკმარისი, და მეორეც – ორთა ჯამე ისტორიული ძეგლია და გაფართოება მას პირვანდელ იერსახეს დაუკარგავს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ ორშაბათს ბათუმის მუსლიმ მოსახლეობას განუცხადა, რომ მთავრობა სპეციალური კომისიის შექმნას გეგმავს, რომელიც მეჩეთის გაფართოების საკითხზე იზრუნებს.
ხაბაძემ მათ რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა, რომელიც 2014 წელს 28 ივნისიდან 27 ივლისამდე გრძელდებოდა. „უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ მეჩეთს, რომელიც ქართული ფულით იქნება აშენებული,“ განაცხადა მან.
„ქართულ ფულს“ კი ხაზი იმიტომ გაუსვა, რომ კიდევ ერთხელ უარყოს ეჭვები იმის შესახებ, თითქოს მეჩეთის მშენებლობა თურქეთის დაკვეთაა. მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ მუსლიმებს თურქი დამპყრობლის, აზიზის სახელობის მეჩეთის აგება სურთ, რომელიც საქართველოს რთულ წარსულთან ასოცირდება.
ხაბაძემ აღნიშნა, რომ მეჩეთის გაფართოების მონახაზი უკვე არსებობს. პროცესში მრევლთან, მუფთისთან, ექსპერტებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, რელიგიის საკითხთა სახლემწიფო სააგენტოც ჩაერთვება.
„დღეს მე კიდევ ერთხელ ვნახე, როგორ ლოცულობდნენ მუსლიმები წვიმაში. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს და მუსლიმთა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს,“ თქვა ხაბაძემ.
დასავლეთ საქართველოს მუფთიმ ჯემალ პაქსაძემ ორშაბათს მუსლიმებს მოუწოდა, რომ იყვნენ მოთმინებით, რადგანაც მთავრობა მათ დაჰპირდა და დანაპირებს შეასრულებს. მან თქვა, რომ ამაში პრემიერ მინისტრთან შეხვედრისას დარწმუნდა, რომელიც ერთი დღით ადრე გაიმართა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.