14571836_10207869197231463_732602618_o

კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო “ამბასადორში” გაიმართა.

„ძალიან ცოტაა კონკრეტული დათვლა,  თუ საიდან აპირებენ პარტიები ამა თუ იმ მიმართულების დაფინანსებას,“ – ამგვარი შეფასება მისცა  DFWatch-ის რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა  პარტიების წინასაარაჩევნო პროგრამებსა და დაპირებებს კვლევის პრეზენტაციაზე, რომელიც  4 ოქტომბერს გაიმართა. 

კვლევა „პარტიების სოციალური პროგრამები და დაპირებები”  DFWatch-მა და „სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპული თანამშრომლობის ინიციატივამ” გერმანიის ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარეს. მათ ჯამში ცხრა პარტია გამოიკვლიეს : „ქართული ოცნება”, „ნაციონალური მოძრაობა”, რესპუბლიკური პარტია, „ეროვნული ფორუმი”, „თავისუფალი დემოკრატები”, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, „ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა”, ბოლკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” და ლეიბორისტული პარტია.

კვლევა პროგრამების შემდეგ ნაწილებს მოიცავდა:  ეკონომიკა, სოციალური სფერო, ჯანდაცვა, პენსიები, დასაქმება და შრომითი უფლებები.

როგორც სამუშაოში ჩართული მკვლევარები აცხადებენ,  სოციალური კუთხით პარტიების პროგრამები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. არის პარტიები, რომლებსაც მხოლოდ ზოგადი შეხედულებები აქვთ გამოთქმული და ასევე, არიან ისეთებიც,  რომლებიც უფრო ღრმად მიდიან და კონკრეტული დასაბუთებები აქვთ, თუ როგორ ხედავენ სხვადასხვა საკითხების მოგვარებას.
„როდესაც საუბრობენ, რომ გაიზრდება დასაქმება 200 000 – 150 000 ადამიანით, არ ჩანს, როგორ აპირებენ ამის გაკეთებას, რა კონკრეტულ ინდიკატორებს და რიცხვებს ეყრდნობიან ისინი, როდესაც მოსახლეობას ასეთ დაპირებებს აძლევენ.

ასევე არ არის კონკრეტიკა ჯანდაცვის სფეროში, როდესაც ისინი საუბრობენ კონკრეტულ რეფორმებზე, რომელიც უნდა განახორციელონ,“ – განაცხადა პრეზენტაციაზე ლაშა ტუღუშმა და აქვე დასძინა, რომ ეს ყველაფერი პარტიებისაგან მეტი მუშაობის აუცილებლობაზე მიუთითებს.

კვლევის თანაავტორმა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის  მოადგილე გოჩა ალექსანდრიამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პარტიები დიდწილად იგნორირებას უკეთებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა შრომითი უფლებები/დასაქმებულთა უფლებები, შრომის უსაფრთხოება, სოციალური დიალოგი, შრომის კოდექსი და შრომის კანონმდებლობა.

„პარტიების საარჩევნო პროგრამაში ნაკლებად არის ასახული სოციალური სფერო, სოციალური პრობლემები. ეს სამწუხაროა, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას ძირითადად ეს თემები აწუხებს. ის პარტიებიც კი, რომლებიც ამაზე საუბრობენ, კონკრეტულად არ ასაბუთებენ  თუ საიდან მოდის დაფინანსება. თუ ორი წამყვანი პარტიის („ქართული ოცნება” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) პროგრამებს შევადარებთ, მმართველ პარტიას უფრო მეტად აქვს გამახვილებული ყურადღება სოციალურ პრობლემებზე და პროექტებზე, მაგრამ აქაც არ ჩანს კონკრეტული დაფინანსების წყაროები,” – განაცხადა ებერტის ფორნდის კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იულია ბლაზიუსმა.