გალში აფხაზური მართვის მოწმობის აღება 8 500-დან 25 000-მდე რუსული რუბლამდე მერყეობს (დაახლ. 360-1 050 ლარი), ვადა კი 10 წელი აქვს.
პირველი რიცხვი, 8 500 რუბლი, არის ოფიციალური ფასი. აქედან 7 000 რუბლი ჯდება თეორია, ხოლო თითოეული პრაქტიკული გაკვეთილი 1500 რუბლი ღირს. სულ, გამოცდაზე რომ გახვიდე, მინიმუმ 5 პრაქტიკული გაკვეთილის გავლაა საჭირო. შესაბამისად, ოფიციალურად რომ აიღო დე ფაქტო რეჟიმის მართვის მოწმობა, მინიმუმ 8 500 რუბლი გამოდის.
თუმცა, როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს, ბევრი სხვა, უფრო მარტივ, მაგრამ ძვირ გზას ირჩევს – პირდაპირ იხდიან არაოფიციალურად 25 000 რუბლს და ასე იღებენ საჭირო საბუთს.
„ავტოსკოლაში ეწერები, სამი თვის შემდეგ კი იღებ მოწმობას. არანაირ გაკვეთილზე არ დადიხარ, რადგან არც არანაირ გამოცდას აბარებ. იხდი ფულს, იღებ მოწმობას. თუ გეჩქარება, ცოტას დაამატებ და დაგიჩქარებენ“, – უთხრ DFWwatch-ს ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
შედარებით დაბალია ფასი მოწმობის აღდგენაზე და ის 12 000 რუსულ რუბლს (500 ლარი) შეადგენს.
„მე ომამდე მქონდა მართვის მოწმობა, ამიტომ აღდგენა გამიკეთეს. დანარჩენი სტანდარტულად, სკოლაში ჩავეწერე ფორმალურად და სამ თვეში მოწმობა მომცეს“, – აღნიშნავს გალის მკვიდრი.
ბუნებრივია, ქართულ მართვის მოწმობას აფხაზეთის ტერიტორიაზე არანაირი ძალა არ გააჩნია და არც მისი ქონა-არქონა წარმოადგენს მნიშვნელოვან დეტალს.
რაც შეეხება რუსულ მართვის მოწმობას, ის ჩვეულებრივად მოქმედია.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.