პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქორწინების განსაზღვრების კონსტიტუციაში შეტანის საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება. ამაზე განცხადება 9 აგვისტოს, ღამის 20 საათზე გიორგი მარგველაშვილმა თავის რეზიდენციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა და მიზეზებიც ახსნა.
ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციის ნაწილი მიესალმა, თავად რეფერენდუმის ინიციატორებმა კი განაცხადეს, რომ არ გაჩერდებიან, საპროტესტო აქციებსაც დაიწყებენ და გადაწყვეტილებას სამართლებრივადაც გაასაჩივრებენ.
პრეზიდენტის თქმით, კანონით რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს 20% ოკუპირებულია და 2008 წლის აგვისტოდან რუსეთს საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორია აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რეფერენდუმის ჩატარება ოკუპანტს დამატებით სამართლებრივ არგუმენტებს აძლევს.
რაც შეეხება კონკრეტულ წინადადებას ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე, პრეზიდენტი ამბობს, რომ “წარმოდგენილი ფორმულირება არ ექვემდებარება რეფერენდუმს, ვინაიდან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. ამავე დროს, კანონმდებლობა კრძალავს კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღებას”.
მარგველაშვილის თქმით, სწორედ ამ მიზეზების გამო რეფერენდუმი ამ საკითხზე ვერ დაინიშნება და თუკი არსებობს კონსტიტუციური ცვლილების სურვილი, შესაბამისი ნორმა პარლამენტმა უნდა განიხილოს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს 1 აგვისტოს გადაუგზავნა. საქმე ეხებოდა სანდრო ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარებულიყო: “თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“
კანონმდებლობის გათვალისწინებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო 224 ათასი ხელმოწერა. აქედან გაბათილდა – 23 652 და დარჩა 200 348. ამის შემდგომ ცესკომ მიიღო შესაბამისი დასკვნა, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს.
კანონით, პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად 30-დღიანი ვადა ჰქონდა, თუმცა ამისთვის მხოლოდ 8 დღე დასჭირდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.