სამშაბათს ტელეკომპანია „მაესტროში“ დამფუძნებელთა კრება გაიმართება, სადაც არხის ახალი გენდირექტორის დანიშვნა გამოცხადდება, რომელსაც თანამშრომლების სახელფასო დავალიანების დაფარვაც დაევალება, რის გამოც ორშაბათს დილით ტელეკომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ.
აპრილს, დილის 12 საათიდან„მაესტროს“ ეთერში საინფორმაციო გადაცემები არ გავიდა – არც საინფორმაციო გამოშვება „კონტაქტი” 12 საათზე და არც „ბიზნეს კონტაქტი” . რამდენიმე საათი ეთერში მხოლოდ სერიალები და დოკუმენტური ფილმები გადიოდა. არხის თანამშრომლები სახელფასო დავალიანებას აპროტესტებდნენ.
„დღეს „ბიზნეს-კონტაქტი” არ იქნება ეთერში. მიზეზები მრავალია. მოკლედ რომ გადმოგცეთ: არხზე შემქნილი რთული ფინანსური, ტექნიკური და მმართველობითი პრობლემების გამო. ბოდიშს ვუხდით ჩვენს მაყურებლებს, რესპონდენტებს და ყველას, ვინც დღევანდელ ეთერს ელოდა. წარმატებები! ბიზნეს-კონტაქტი და საქმიანი დილა მალე კვლავ ერთად ვიქნებით!” – ეს განცხა „ბიზნეს-კონტაქტის” ფეისბუქის გვერდზე დილით გამოქვეყნდა.
შუადღის 14 საათზე „მაესტროში” თათბირი შედგა, რომელსაც ორივე მმართველი მხარის – გია გაჩეჩილაძის და მაკა ასათიანის – წარმომადგენლები დაესწრენ. „მაესტროს“ გაფიცულ თანამშრომლებს ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძეც შეხვდა. თავად გაჩეჩილაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
თათბირის შემდეგ ტელეარხის თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს.
როგორც გადაცემების, „საქმიანი დილისა” და „ბიზნეს-კონტაქტის” ხელმძღვანელმა გიორგი ისაკაძემ განაცხადა, თათბირზე შეთანხმება შედგა, სამშაბათს სახელფასო დავალიანების ნაწილი დაიფარება, ხოლო დანარჩენ დავალიანებას მიხედავს ახალი დირექტორი, რომელიც ასევე სამშაბათს იქნება წარდგენილი.
„დღეს ძირითადად შეთანხმება არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელ გია გაჩეჩილაძესთან შედგა,“- ამბობს ისაკაძე.
როგორც „მაესტროს“ თანამშრომლები DFWatch-თან საუბრისას ამბობენ, თებერვლისა და მარტის სახელფასო დავალიანებას აპროტესტებდნენ და პირობა მიიღეს, რომ სამშაბათიდან პრობლემის გადაჭრა დაიწყება. ხოლო ვინ იქნება ახალი დირექტორი, „მაესტროში” ჯერ არ იციან.
ტელეკომპნიის 55-პროცენტიანი წილის მფლობელმა, გია გაჩეჩლაძემ თათბირის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხდნენ და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება. ხოლო სამშაბათს გაიმართება პარტნიორთა კრება, სადაც ტელეკომპანიის ახალი დირექტორი დაინიშნება.
„ვადასტურებ, რომ ყველაზე რეალური კანდიდატია ზურაბ ნაყეური“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
ცნობისათვის, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა, მან არხის გენდირექტორობიდან ბაია გადაბაძე გადააყენა და ძმა, ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა. თუმცა მას ძველი ხელმძღვანელობა და არხის თანამშრომელთა დიდი ნაწილი დაუპირისპირდა.
რამდენიმე დღის წინ მაკა ასათიანსა და გია გაჩეჩილაძეს შორის ახალი დირექტორის კანდიდატურაზე შეთანხმება შედგა და საუბარია იმაზე, რომ სამშაბათს ახალი დირექტორის ვინაობა გასაჯაროვდება. მედიაში ყველაზე აქტიურად განიხილება ბიზნესმენეჯერ ზურაბ ნაყეურის კანდიდატურა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.