Maestro_logo

„მაესტროს“ სადავო წილების მფლობელად სასამართლომ გია გაჩეჩილაძე დატოვა

ტელეკომპანია „მაესტროს“ წილებთან დაკავშირებით მიმდინარე რამდენიმეთვიანი დავის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის სადავო წილები კვლავ მომღერალ გია გაჩეჩილაძის („უცნობის“) საკუთრებაში რჩება.

კერძოდ, საუბარია,  „მაესტროს“ დამფუძნებლების მამუკა ღლონტისა და ეკატერინე აკობიას სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლითაც  ისინი ამტკიცებდნენ, რომ   გაჩეჩილაძეს კუთვნილი 25%-იანი წილი უკვე გაყიდული ჰქონდა.

ამასთან, ღლონტი და აკობია გაჩეჩილაძის კუთვნილი 25%-იანი წილის მათთვის გადაცემას მოითხოვდნენ.

ორშაბათს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა ღლონტისა და აკობიას ეს სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მამუკა ღლონტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ პროცესებში ხელისუფლების ინტერესი იკვეთება. კერძოდ, მისი თქმით,  ხელისუფლება „ისეთი თაღლითების ხელით, როგორიცაა ირაკლი რუხაძე და მის უკან მდგომი ყველა ადამიანი“, წინასაარჩევნოდ მედიასაშუალების ხელში ჩაგდებას  ცდილობს.

აპირებს, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს, თუმცა საქართველოში დავის მოგების იმედი არა აქვს და ფიქრობს, რომ  საბოლოოდ  ევროპის სასამართლოსთვის მიმართვა გახდება საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მაესტროში“ მფლობელებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 1 თებერვალს კომპანიის საკონტროლო პაკეტის, 55%-ის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა.  მომღერალმა, რომელიც უკვე ფლობდა მაესტროს 25%-ს, ტელეკომპანიის ყოფილი მეწილეების, გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისგან, 15-15% შეიძინა.

დღეის მდგომარეობით, გაჩეჩილაძესთან ერთად მაესტროს აქციების მფლობელები არიან: მაკა ასათიანი – 25%, მამუკა ღლონტი -15% და ეკატერინე აკობია -5%.