ტელეკომპანია „მაესტროს“ ბიზნეს-გადაცემების – „ბიზნესკონტაქტის“, „საქმიანი დილასა“ და „ანალიტიკას“ – 29-კაციანი გუნდი აცხადებს, რომ გადაცემათა იდეის ავტორისა და მენეჯერის, FORBES GEORGIA-ს მთავარი რედაქტორის, გიორგი ისაკაძის გარეშე ამ პროექტების კეთება ვერ წარმოუდგენიათ, უთხრა DFWatch-ს გადაცემათა პროდიუსერმა თამუნა ქემერტელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის დირექტორის, ზურაბ ნაყეურის გადაწყვეტილებით, გიორგი ისაკაძეს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა და გადაცემების ხელმძღვანელი ვეღარ იქნება. ამის შესახებ, ინფორმაცია ისაკაძემ ორშაბათს, 30 მაისს ჯერ ნაყეურთან შეხვედრისას პირადად მოისმინა, ღამით კი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე ოფიციალური დოკუმენტიც მიიღო.
რამდენიმე წუთის წინ კი ბიზნეს გადაცემების გუნდმა, საკუთარი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ “იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ისაკაძე არ დაბრუნდება მაესტროში, ბიზნესკონტაქტის, საქმიანი დილას და ანალიტიკას მთელი შემოქმედებითი გუნდი უფლებას გიტოვებთ დაგვითხოვოთ სამსახურიდან”.
როგორც ქემერტელიძემ DFWatch-ს უთხრა, ეს წერილი არხის მენეჯმენტს უკვე ოფიციალურად გაუგზავნეს და ელიან მათ პასუხს. ის არ აკონკრეტებს, იმ შემთხვევაში თუ ისაკაძე ტელეკომპანიაში არ დაბრუნდება, დატოვებენ თუ არა თანამშრომლები არხს და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ განცხადებას მენეჯმენტისგან პასუხის მიღების შემდეგ გააკეთებენ.
„ჯერ დაველოდებით მენეჯმენტის პასუხს. განცხადება უკვე გადავგზავნეთ და იმედი მაქვს, უახლოეს საათებში დაგვიბრუნდება პასუხი. რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როგორ ვიმოქმედებთ. გუნდი ერთზე თანხმდება – გიორგი ისაკაძის გარეშე მათ ამ პროექტების კეთება ვერ წარმოუდგენია,“ – აღნიშნა ქემერთელიძემ.
როგორც DFWatch-ს „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა უთხრა, ბიზნეს გადაცემების სახელები და აღწერილობები დაახლოებით 1 წელია საქპატენტში ტელეკომპანიის ინტელექტუალური საკუთრებად არის დარეგისტრირებული.
კითხვაზე, როგორც ისაკაძე ამბობს, მართლაც ჰქონდათ თუ არა შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეული სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის გადაცემების ხელმძღვანელობასთან ხელშეკრულებით საქმიანობაზე (აუთსორსინგზე), ნაყეურმა გვიპასუხა, რომ ეს ტელევიზიის შიდა საქმეა.
გიორგი ისაკაძე კი ამბობს, რომ აპირებს სასამართლოს მიმართოს და სარჩელი უკვე მზადდება. მისი თქმით, ამ სარჩელის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ გადაცემების ავტორობასთან დაკავშირებული საკითხი იქნება.
როგორც მან DFWatch-თან საუბრისას აღნიშნა, მისი შრომითი ხელშეკრულების 3 ძირითადი მიზეზი დასახელდა – ე.წ. “აუთსორსზე”, ანუ ბიზნეს-გადაცემების ხელშეკრულებით თანამშრომლობაზე ხედვებს შორის სხვაობა (მასა და ტელეკომპანიას შორის), მის მიერ გადაცემა „ანალიტიკას“ წაყვანა და შემდეგ მის წამყვანობაზე უარის თქმა, რაც ცალმხრივ გადაწყვეტილებად შეაფასეს. თუმცა, ისაკაძემ აღნიშნა, რომ მის შრომით ხელშეკრულებაში არაა ნათქვამი, რომ მას რაიმე გადაცემა უნდა წაეყვანა.
რაც შეეხება ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ხელშეკრულებით თანამშრომლობას, ისაკაძე ჯერ კიდევ მარტში ამბობდა, რომ „მაესტროს“ ერთ-ერთ მეწილესთან 25%-იანი წილის მფლობელთან, დიზაინერთან მაკა ასათიანთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე “ბიზნესკონტაქტი” და “საქმიანი დილა” ტელეკომპანიასთან ხელშეკრულებით თანამშრომლობაზე ე.წ. აუთსორსზე (ხელშეკრულებით თანამშრომლობა) გადადიოდა. რაც ნიშნავდა, რომ პროექტები დამოუკიდებელი კომპანიის სახით მომზადდებოდა და გავიდოდა „მაესტროს“ ეთერში.
მისივე თქმით, ხელშეკრულებით თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ”მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა სთხოვა, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული თემის განხილვა 2017 წლის 15 იანვრიდან მომხდარიყო, რაც ისაკაძის თქმით, “ასე თუ ისე, გარკვეულწილად გადახარშული იყო იმ მიზეზით, რომ “მაესტროზე” პროექტები გაგრძელებულიყო.”
ისაკაძის გათავისუფლებას ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლების მცდელობად აფასებენ „მაესტროს“ თანამეწილეები, დამფუძნებლები მამუკა ღლონტი 15%-იანი და ეკატერინე აკობია 5%-იანი წილების მფლობელები.
მათვე ჟურნალისტებს ერთად დგომისკენ მოუწოდეს, რათა უახლოეს მომავალში “ირაკლი რუხაძემ და კომპანიამ“ ვერ შეძლოს “მაესტროს” პრინციპული ადამიანებისგან”დაცლა.
ისაკაძემ კი DFWatch-თან საუბრისას არ დააკონკრეტა, ხედავს თუ არა იმის საფრთხეს, რომ სხვა თანამშრომლებსაც მოუწიოთ ტელეკომპანიის დატოვება და აღნიშნა, რომ ამის პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან ვერც იმის წინაპირობას ხედავდა, რაც დღეს ბიზნეს-გადაცემებისა და მის მიმართ ხდება.
„მაესტროში“ დღეს მიმდინარე მოვლენებს წინ უსწრებდა ტელეკომპანიის მფლობელებს შორის რამდენიმეთვიანი დაპირისპირება. ის მას შემდეგ დაიწყო, რაც 1 თებერვალს კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი მომღერალი გია გაჩეჩილაძე გახდა, რის შემდეგაც გენერალურ დირექტორად საკუთარი ძმა, ბიზნესმენი და ყოფილი პოლიტიკოსი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა.
1-თვიანი დაპირისპირების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 7 მარტს ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად დაარეგისტრირა და გენდირექტორობის უფლებამოსილება შეუჩერა ბაია გადაბაძეს.
ამის შემდეგ დავა გაგრძელდა იმაზე, საიდან იმაუწყებლებდა გაჩეჩილაძის დირექტორობით „მაესტრო“, რადგან ტელეკომპანია ამჟამად 25%-იანი წლის მფლობელი მაკა ასათიანის კუთვილ შენობაშია განთავსებული და ასათიანი გაჩეჩილაძეს შენობაში არ უშვებდა.
ამ ამბების პარალელურად, ბაჩო კიკაბიძე, რომელიც ამბობდა, რომ „მაესტროს“ სახელი და ლოგო მისი მოგონილია და 2011 წლიდან მის საკუთრებას წარმოადგენს, ახალი არხის „მ24“-ის მაუწყებლობის დაწყებას აპირებდა, რისთვისაც შენობას, რომელშიც „მაესტრო“ ახლა მუშაობს, მაკა ასათიანი კიკაბიძეს უთმობდა. ასევე ცნობილი იყო ისიც, რომ ჟურნალისტების უმრავლესობა სწორედ კიკაბიძის არხზე აპირებდა მუშაობას.
შედეგად, რამდენიმე დღით „მაესტრო“ ლოგოსა და სახელის გარეშე მაუწყებლობდა.
თუმცა, საბოლოოდ, მხარეებმა – ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) და 25%-იანი წილის მფლობელმა, დიზაინერმა მაკა ასათიანმა შეთანხმებას მიაღწიეს. 21 მარტს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, ფაქტობრივად დაკმაყოფილდა, ტელეკომპანიის თანამშრომლების ძირითადი მოთხოვნები, რომ „მაესტროს“ ლოგო და სახელი, რომლის გარეშეც არხი რამდენიმე დღე მაუწყებლობდა, ეთერში დაბრუნებულიყო, პასუხისმგებელ პირად ტელეკომპანიაში ნეიტრალური პიროვნება დანიშნულიყო, ხოლო ლევან გაჩეჩილაძეს შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორს უფლებამოსილება შეჩერებოდა. სწორედ ამის შემდეგ დანიშნა, „უცნობმა“ არხის გენერალურ დირექტორად ზურაბ ნაყეური.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.