შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის სასწავლო/ტრენინგ კურსში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.
როგორც DFWatch-ს მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განუცხადა, პროექტის მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე მეთოდოლოგიებს, რაც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის განვითარებას.
„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა, ამიტომ, გარდა იმისა, რომ უშუალოდ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაკეთებთ პროექტებს, ასევე ჩართული ვართ ისეთ პროექტებში, რომელთა მიზანიცაა გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით ცალკე კომისიაც კი არსებობს, სადაც ჩვენ თანათავმჯდომარეები ვართ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად და მთელი რიგი პროექტები ხორციელდება. უშუალოდ ამ პროექტთან დაკავშირებით, სამეგრელოს რეგიონში ჩატარდება კურსი, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფ ხაზთან მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საქმიანობის გაძლიერებასა და სწავლებას. ეს ადამიანები გაეცნობიან თანამედროვე მეთოდოლოგიებს, რაც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის განვითარებას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება ტრენინგს, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს 18 წლის ზემოთ, ვისაც სურს ბიზნესის დაწყება, ვისაც აქვს უნარი და მოტივაცია მართოს ბიზნესი.
სასწავლო/სატრენინგო კურსი მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებს, პრაქტიკულ დავალებებს, მათ შორის, პრეზენტაციის მომზადებას/წარდგენას.
ტრენინგ კურსის თემებია: ახალი ბიზნეს-იდეის ჩამოყალიბება, ბაზრის ანალიზი და სფეროების მიხედვით დაყოფა, პიროვნებები და გუნდები, მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის დაგეგმვა, ბიზნეს მოდელირება, კომერციალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, ფინანსური დოკუმენტებისა და დაფინანსების წყაროების დაგეგმვა, საინვესტიციო პრეზენტაციის მომზადება.
ტრენინგ კურსის ფორმატი ითვალისწინებს მონაწილეთა შეფასებას. კურსის ბოლოს გაიცემა სხვადასხვა კატეგორიის სერტიფიკატი. სერტიფიკატის ტიპი დამოკიდებულია მსმენელის დასწრებაზე, შუალედურ შეფასებებსა და საბოლოო პრეზენტაციაზე.
კურსის ხანგრძლივობაა 27 საათი. პერიოდი – 22-23; 29-30 სექტემბერი; 6-7 ოქტომბერი.
სასწავლო დღეები: შაბათ-კვირა; ტრენინგის ხანგრძლივობა: 4,5 საათი; ტრენინგის სამუშაო ენა არის ქართული; კურსში მსმენელების რაოდენობან – 16; ადგილი: ფინანსთა სამინისტროს აკადემია, თბილისი, გორგასლის ქ. 10; კურსში მონაწილეობა უფასოა.
შერჩეული მონაწილეების ტრანსპორტირება განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. ხოლო სასტუმროში განთავსების ხარჯებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ფარავს.
კონკურსში მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი – საბუთების გადარჩევა.
მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV (მოკლე რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი (რა მოლოდინი აქვს მსმენელს და მოკლე მონახაზი ბიზნესიდეის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მეორე ეტაპი – გასაუბრება.
საბუთების მიხედვით გადარჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: press@smr.gov.ge
დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით საკონტაქტო პირს: ლალი დევიძე – l.devidze@smr.gov.ge; ტელ: 577 52 77 99; ასევე, აუცილებელია სათაურის (subject) ველში მიუთითოთ კურსის დასახელება – „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.