4-პარტიული ახალ გაერთიანებას „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, ბევრი სხვა ექსპერტის მსგავსად, მექანიკურ გაერთიანებად აფასებს კავკასიის კვლევითი რესურსების (CRRC) ცენტრის დირექტორი კობა თურმანიძე, რომლის თქმით, მკვლევარისთვისაც რთულია გაარკვიოს, რა საერთოა ამ ახალ ბლოკში შემავალ პარტიებს შორის, როგორ მონახავენ ისინი საერთო ენას და საერთო პროგრამით როგორ გამოვლენ.
მისი თქმით, ბლოკში შემავალი პარტიები იმდენად განსხვავებული იდეოლოგიის არიან, გაურკვეველია, ვინ უნდა იყოს მათი ამომრჩეველი – ლიბერტარიანული „გირჩის“ იდეების გამზიარებელი, რომელიც, მაგალითად, სულ რამდენიმე კვირის წინ მარიხუანას ლეგალიზაციისა და ეკლესიისთვის პრივილეგიების ჩამორთმევის ინიციატივით გამოდიოდა, თუ ახალი ბლოკის და პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ მთავარი სახე პაატა ბურჭულაძე, რომელიც დიდი დოზით სწორედ რელიგიურობას უსვამს ხაზს?!
კობა თურმანიძე DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ ბურჭულაძის პარტიამ გარკვეულწილად ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ დააზარალა, ხოლო ახალი პარტიების დამატება რამეს შემატებს თუ არა, ამაზე საუბარი რთულია.
კობა თურმანიძე: გადაუწყვეტელი ამომრჩეველი დაახლოებით 40%-ია და ამ ნაწილს მიიმხრობენ თუ არა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამოვლენ დამაჯერებელი პროგრამით. პრობლემა ისაა, რომ ადვილი არ არის მათი ერთად წარმოდგენა და ამიტომ რა დაპირებებს წარმოადგენენ, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება. მათგან, სულ ცოტა, ერთი პარტია მაინც არის ძალიან მკვეთრი მემარჯვენე, სხვები როგორები არიან და როგორ მონახავენ საერთო ენას და საერთო პროგრამით როგორ გამოვლენ, ეს ძალიან საინტერესო საკითხია თვით ამომრჩევლისთვისაც. ამომრჩეველი არ არის ისეთი გულუბრყვილო, რომ ასეთმა მექანიკურმა გაერთიანებამ ბევრი ხმა მიიღოს.
DFWatch: თავად აცხადებენ, რომ ორი მთავარი იდეით გაერთიანდნენ. ესაა: ევროატლანტიკური მისწრაფება და მემარჯვენე ეკონომიკური ხედვა.
– „გირჩი“ მემარჯვენეც არ არის, ლიბერტარიანული იდეოლოგიისაა. რაც შეეხება დასავლურ ორიენტაციას, ჩემმა ერთმა კოლეგამ თქვა და გავიმეორებ, საქართველოში ამგვარი პარტია კონა 10 შაურადაა და, ერთი-ორი პარტიის გარდა, ლაპარაკით ყველა პროდასავლურია. დღეს ამომრჩეველი ეკონომიკური პროგრამით უნდა მოხიბლო. ასეთი პროგრამა კი არ გვინახავს, ალბათ მალე წარმოადგენენ და შემდეგ უფროა შესაძლებელი შანსებზე ვილაპარაკოთ.
DFWatch: ვის წაართმევს ხმებს ეს ბლოკი?
– „ნაციონალებს“ და „ოცნებას“ ხმებს ვერ წაართმევს, რადგან ორივე პარტიას მკვეთრად ჩამოყალიბებული ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც სიმპათიებს რთულად შეიცვლის, ამიტომაც ამ ბლოკის სამიზნე 40%-მდე გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. რეიტინგებს თუ გავითვალისწინებთ, ბურჭულაძის გამოჩენამ დიდწილად „თავისუფალი დემოკრატები“ დააზარალა, „რესპუბლიკელებს“ კი მხარდაჭერა მანამდე ისედაც არ ჰქონდათ.
DFWatch: პარლამენტში მოხვედრის შანსი „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ გარდა რომელ პარტიებს აქვთ?
– არჩევნებამდე დიდი დროა. ბევრი რამ კამპანიაზე იქნება დამოკიდებული. ამ გადასახედიდან ჩანს, რომ მხარდაჭერას სტაბილურად ინარჩუნებს „პატრიოტთა ალიანსი“, მას ამომრჩევლის ჩამოყალიბებული ბაზა აქვს, დანარჩენებს კი დიდი სამუშაო აქვთ.
ბურჭულაძის ბლოკს პარლამენტში შესვლის პრობლემა არ ექნება – მთავარია, რამდენი პროცენტით შეძლებენ ამას. მათთვის მთავარი ამოცანა ისაა, გახდებიან თუ მნიშვნელოვანი ძალა, რომ პარლამენტში კოალიციაზე მათთან ვინმემ ილაპარაკოს. ბოლო კვლევით მათ აქვთ 4% და 20% რომ გახდნენ, ძნელი წარმოსადგენია. მომავალ პარლამენტში მინიმუმ ოთხი პოლიტიკური ძალა იქნება, ხოლო ვინ რამდენად ძლიერი გუნდით შეძლებს შესვლას, ამას ახლა ვერ ვიტყვით.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.