კახა წიქარიშვილი, კონსტიტუციის 42-ე მუხლის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული პრობლემა სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პოლიტიკური ნების არ არსებობით იყო განპირობებული.

2004 წლის შემდეგ სასამართლომ თავი დააღწია სისტემურ კორუფციას მაგრამ მოექცა აღმასრულებელი ხელისუფლების მკაცრი კონტროლის ქვეშ. სასამართლოში ჩამოყალიბდა მმართველობით რგოლში მყოფი მოსამართლეების ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფდა მმართველი პოლიტიკური ძალისადმი სასამართლოს მორჩილებას და აღმასრულებელი ხელისუფლების დავალებების შესრულებას[1].

შესაბამისად ტერმინით „კლანი“ ჩვენ მოვიაზრებთ ურთიერთდაკავშირებულ პირთა ვიწრო ჯგუფს, რომლის მიზანია მოსამართლეთა კონტროლი სხვადასხვა ფორმალური თუ არაფორმალური მექანიზმებით.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსული ქართული ოცნების ერთ ერთ მთავარ დაპირებას სამართლიანობის აღდგენა და დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა წარმოადგენდა.  2013-2015 წლებში ხელისუფლება  შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ერთ ერთი მიზანიც იყო სასამართლოში არსებული მართვის მანკიერი სისტემის რეფორმა. თუმცა ამ ცვლილებებმა სასამართლოს გაჯანსაღება ვერ უზრუნველყო.  პირიქით, მოსამართლეთა ჯგუფი – კლანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მართავდა და აკონტროლებდა სასამართლოს სწრაფად მოერგო ახალ პოლიტიკურ და სამართლებრივ რეალობას და  კვლავ მოიპოვა ძალაუფლება სასამართლოში.

2015 წლიდან მმართველი სახელისუფლებო გუნდი სასამართლოში გაბატონებულ კლანთან ღია დაპირისპირების რეჟიმიდან თანამშრომლობის რეჟიმში გადავიდა. ამ თანამშრომლობის შედეგად კლანმა მიიღო დამატებითი ბერკეტები და მექანიზმები. მან ხელში ჩაიგდო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყველა სამოსამართლო ვაკანსია და არასამოსამართლო ვაკანსიათა უმრავლესობა, დაიკავა უმრავლესი საკვანძო ადმინისტრაციული თანამდებობება სასამართლოში. დაიწყო სასამართლოს დაკომპექტება ერთგულების ნიშნით, სასამართლო კორპუსიდან მოწინააღმდეგეების განდევნა, ხოლო საკუთარი მომხრეების უვადოდ დანიშვნა.

სასამართლოს მმართველი კლანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დავალებების გამტარის ფუნქციას ასრულებდა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თვისობრივად ტრანსფორმირდა ავტონომიურ დაჯგუფებად, რომელიც დღეს უკვე საკუთარი თამაშის წესებს და პირობებს თავაზობს ხელისუფლებას. ეს პირობები მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას არ ემსახურება, არამედ კლანის ძალაუფლების განმტკიცებისკენ არის მიმართული. დღეს სასამართლო სისტემაში მოსამართლედ მოხვედრა კლანთან ამა თუ იმ ფორმით წინასწარ გარიგებას მოითხოვს. სამოსამართლო თვითმმართველობა თავის რეალურ მიზანს ვერ ასრულებს: მაშინ როცა სამოსამართლო თვითმმართველობის არჩევნები მოსამართლეთა კორპუსის შიგნით ჯანსაღი კონკურენციის და განსხვავებული აზრების ჭიდილის საფუძველზე უნდა ხორციელდებოდეს, დღეს ასეთი კონკურენცია საერთოდ არ არსებობს. კლანის მიერ დასახელებულ დასახელებულ კანდიდატებს ალტერნატივა არ ჰყავს. არ არსებობს მოსამართლეთა ჯგუფი, რომელიც ოპონირებას და შიდა კონკურენციას გაუწევს კლანს; სამოსამართლო ანგარიშვალდებულება სრულად გადაძლია სამოსამართლო კორპორატივიზმმა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხმგებლობის მექანიზმი პრაქტიკულად გაჩერებულია.

სასამართლოს მმართველობის სათავეში ასეთი კლანის მოქმედების დამაზიანებელი მასშტატებები გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის ერთი შეხედვით ჩანს.  აღიარებულია რომ სასამართლო სისტემა ღირებულებებს და პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს, როგორიცაა დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ანგარიშვალდებულება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება, განსხვავებული აზრის პატივისცემა. კლანი იდეოლოგიით და თავისი მოქმედებებით საწინააღმდეგო პოლუსზე დგას. ის ნერგავს შიშს, კონფორმიზმს, ნეპოტიზმს, ფარული გარიგების კულტურას, კრიტიკული აზრის დევნას, აქრობს მოსამართლის ინდივიდუალიზმს. შესაბამისად, მორალურად ანადგურებს სასამართლოს სისტემას და ამ ფერხულში ითრევს სასამართლოში  შესულ ახალ კადრებს.

2013-18 წლების საკანონმდებლო ცვლილებებით ქართული საზოგადოება დადგა თვისობრივად ახალი გამოწვევის წინაშე, კლანს მიეცა შესაძლებლობა უვადოდ დააკომპლექტოს სასამართლო და სასამართლო ხელისუფლების მმართველობის ეს ფორმა უცვლელად შეინარჩუნოს მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში.

შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისში სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებში მომწიფდა აზრი, რომ ამ კლანის არსებობის პირობებში სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა შეუძლებელია, შესაბამისად შემუშავდა მანიფესტი და პეტიცია კლანის წევრების გადადგომის მოთხოვნით, რასაც ხელი მოაწერა მართლმსაჯულების სექტორში მოღვაწე ორგანიზაციების და ინდივიდების აქტიურმა ნაწილმა.

კლანის საქმიანობა აღწერილია არაერთ კვლევასა თუ ანგარიშში[2], თუმცა წინამდებარე დოკუმენტი წარმაოდგენს პირველ მცდელობას რომ თავი მოუყაროს თემის ძირითად აპექტებს 2007 წლიდან დღემდე.

როგორ გამოიყურება ჯანსაღი სასამართლო სისტემა

სანამ კლანური მმართველობას დავახასიათებდეთ აუცილებელია გავიხსენოთ მნიშვნელოვანი ნიშანი, რაც უნდა ახასიათებდეს ჯანსაღ და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას:

  • მოსამართლეებს უნდა ირჩევდნენ და აწინაურებდნენ კომპეტენტურობის, კეთილსინდისიერების და დამსახურების საფუძველზე.
  • მოსამართლეებად დანიშნულ პირები კვალიფიკაციასთან ერთად მაღალი საზოგადოებრივი ნდობით უნდა სარგებლობდნენ.
  • სასამართლო სისტემა უნდა ახალისებდეს მოსამართლის მიერ სამოსამართლო ღირებულებების დაცვას.
  • მოსამართლეები საქმეებს უნდა იხილავდნენ დამოუკიდებლად გარე ან შიდა ჩარევის გარეშე.
  • მოსამართლეთა თვითმმართველობის არჩევნები უნდა უზრუნველყოფდეს მოსამართლეთა ფართო წარმომადგენლობას მმართველ ორგანოში.
  • მოსამართლეების მიერ ქცევის სტანდარტების დარღვევა უნდა იწვევდეს მათ პასუხისმგებლობას; მოსამართლეთა მიმართ რაიმე ტიპის სანქციის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ობიექტური, წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების საფუძველზე და სამართლიანი პროცედურებით.
  • სასამართლო ხელისუფლება არ უნდა იღებდეს ინსტრუქციებს და შეკვეთებს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და არ უნდა შედიოდეს მასთან ფარულ გარიგებაში.

სასამართლოში კლანის საქმიანობა ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ პრინციპს თუ იდეას ეწინააღმდეგება.

რა მოხდა 2012 წლამდე

ვარდების რევოლუციის შემდეგ სასამართლო სისტემაში ბევრი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა, მათ შორის სისტემური კორუფციის აღმოფხვრა, სასამართლო სისტემისთვის აუცილებელი მატერიალურ ტექნიკური ბაზის შექმნა,  მოსამართლეებისთვის ხელფასების ზრდა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ჩამოყალიბება, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და ა.შ. თუმცა სასამართლოს მთავარი პრობლემა იყო დამოუკიდებლობის ნაკლებობა და აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი მორჩილება. 2005-2007 წლებში სასამართლოში ჩამოყალიბდა ორი მსხვილი გავლენიანი ჯგუფი, რომელთა ლიდერებს – ვალერი ცერცვაძეს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს) და მიხეილ ჩინჩალაძეს (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს)[3] პირდაპირი კავშირი ჰქონდათ იუსტიციის მინისტრთან – ზურაბ ადეიშვილთან და უზრუნველყოფდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ სასამართლო ხელისუფლების მკაცრ მორჩილებას.

მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით იუსტიციის მინისტრი გამოყვანილი იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან და ასევე სასამართლოს სისტემის მართვიდან, თუმცა ის დარჩა სასამართლო სისტემის რეალურ მმართველად. კერძოდ,  სწორედ ცერცვაძისა და ჩინჩალაძის მეშვეობით მონაწილეობდა სასამართლო სისტემის მართვაში: იუსტიციის მინისტრთან თანხმდებოდა ყველა მსხვილი საკადრო გადაწყვეტილება, მათ შორის – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, უზენაესი სასამართლოს წევრის, სასამართლოს თავმჯდომარეების, ასევე რიგით მოსამართლეთა კანდიდატურები.   ასევე იუსტიციის მინისტრთან ხდება ინდივიდუალურად ისეთი საქმეების შეთანხმება, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰქონდა მომეტებული ინტერესი[4].

ამავდროულად, ვალერი ცერცვაძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს პირდაპირი კავშირი ჰქონდათ სასამართლოს თავმჯდომარეებთან, რომლებიც მართლმსაჯულების განხორციელებას და აღმასრულებელი ხელისუფლების დავალების შესრულებას ადგილზე აკონტროლებდნენ. ამავდროულად ისინი წარმართავდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას, კერძოდ – 2007-2013 წლებში ვალერი ცერცვაძე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ხოლო მიხეილ ჩინჩალაძე ამავე საბჭოს წევრი.

ცნობილია, რომ აღნიშნულ წლებში სასამართლო სისტემა გამოირჩეოდა აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი მორჩილების მაღალი ხარისხით, რაც ასევე დასტურდება სტატისტიკური მონაცემებით, მათ შორის გამამართლებელი განაჩენის უკიდურესად დაბალი და პროკურატურის მოთხოვნათა დაკმაყოფილების უკიდურესად მაღალი მაჩვენებლით.  აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ მოსამართლეებს არაფორმალურად ეკრძალებოდათ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ან პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (განსაკუთრებით აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნისას) სასამართლოს თავმჯდომარესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე[5]; სასამართლოს თავმჯდომარე თავის მხრივ ამ საკითხს უთანხმებდა ადგილობრივ ან სალქო პროკურორს, ან გენერალურ პროკურატურას, ან უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეს.

მსხვილი ადმინისტრაციული დავების შედეგები ასევე წინასწარ თანხმდებოდა სასამართლოს თავმჯდომარეებთან, რომლებიც თავისი მხრივ უკავშირდებოდნენ და წინასწარ უთანხმებდნენ მიხეილ ჩინჩალაძეს ან უშუალოდ დავაში მონაწილე ადმინისტრაციულ  ორგანოებს.

შესაბამისად, ამ კომუნიკაციის ამ სქემაში ჩართული იყო სასამართლოს (კოლეგიის, პალატის) თავმჯდომარეთა უმრავლესობა  შესაბამისად, კლანის ლიდერები ვალერი ცერცვაძე და მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლოს თავმჯდომარეებთან ერთად წარმოადგენდნენ გამტარ რგოლს, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების მკაცრი კონტროლი როგორც სასამართლოს მართვაზე, ასევე ინდივიდუალურ მართლმსაჯულებაზე.

მოსამართლეების მორჩილების უზრუნველყოფა ხდება მთელი რიგი ბერკეტებით, მათ შორის – ურჩი მოსამართლეების მიმართ სხვადასხვა სახის სანქციების (დისციპლინური, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, არანებაყოფლობითი მივლინება და სხვ.[6]), ხოლო მორჩილი და დავალებების შემსრულებელი მოსამართლეების მიმართ წამახალისებელი ზომების გამოყენება (დაწინაურება, პრემიები, საზღვარგარეთ ვიზიტები და ა. შ. ), ამავდროულად სასამართლოს თავმჯდომარეები მანიპულირებდნენ საქმეთა განაწილების სისტემით, რათა მათთვის საინტერესო საქმეები სწორედა დავალების კარგად შემსრულებელი მოსამართლის ხელში მოხვედრილიყო[7]. უფრო მეტიც, დავალების შემსრულებელმა მოსამართლემ იცოდა რომ ზემდგომი ინსტანციაც გაფრთხილებული იყო ამ დავალების თაობაზე, ამიტომ მოსამართლეებს შორის გავრცელებული იყო ფრაზა „ამ საქმეს აპელაციაში დახვდებიან, ამ საქმეს კასაციაში დახვდებიან[8]“.

უზენაესი სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარე, როგორც ჩანს, სისტემურად არ იყო ჩართული ინდივიდუალურ საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებაში, თუმცა სასამართლო სისტემის მართვაში ყველა საკვანძო გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრთან ათანხმებდა[9].

რა მოხდა 2012 წლის შემდეგ

2012 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კლანებთან აღმასრულებელი ხელისუფლების კავშირი ბუნებრივად გაწყდა. სასამართლოს მმართველი რგოლი და მმართველი პარტია ერთმანეთის მიმართ აშკარა ანტაგონიზმს და უნდობლობას ავლენდნენ. მმართველი პარტია საკანონმდებლო ბერკეტებით ცდილობდა კლანის ძალაუფლებიდან  ჩამოშორებას, ხოლო კლანის წევრები ცდილობენ ამ ძალაუფლების შენარჩუნებას. აღნიშნული მოქმედებები ხელისუფლების მხრიდან გამოიხატა მათ შორის შემდეგ ინიციატივებში.

  1. 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით განხორციელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეორგანიზაცია, მისი წევრების მანდატის ვადამდელი შეწყვეტა, სასამართლოს თავმჯდომარეების გამოყვანა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სასამართლო რეფორმის პირველი ტალღა)
  2. 2013 წლის იანვარში იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოებას მაღალი თანამდებობის პირთა საქმეებზე. შემოთავაზებული ცვლილებით,  ბრალდებულს აღარ შეეძლებოდა  ნაფიც მსაჯულთა პროცესზე უარის თქმა პროკურორის თანხმობის გარეშე[10].  მართალია საბოლოოდ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით ბრალდებულმა შეინარჩუნა ნაფიც მსაჯულთა პროცესზე უარის თქმის უფლება[11], მაგრამ აღნიშნული  ინიციატივა ადასტურებს, რომ ხელისუფლება მოსამართლეებს არ ენდობოდა და ნაფიცი მსაჯულების იმედი ჰქონდა[12].
  3. 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის ახალი წესის შემოღება, რომლის მიხედვითაც წევრთა კანდიდატურების დასახელება მიეცა თითოეულ მოსამართლეს (სასამართლო რეფორმის პირველი ტალღა – 2013).
  4. შემოთავაზებული იქნა სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევითობის წესი, რომლის თანახმადაც სასამართლოს თავმჯდომარეები თავად მოსამრთლეებს უნდა აერჩიათ, ხოლო მოქმედ სასამართლოს თავმჯდომარეებს ვადამდე უნდა შეწყვეტოდათ უფლებამოსილება (სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტი 2015 წელი)[13].
  5. განხორციელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ფუნქციების შეკვეცა და დელეგირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ პირებზე, მაგ. დამოუკიდებელი ინსპექტორსა და მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელზე (სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა, 2017 წელი)[14].

კლანის საპასუხო მოქმედებები

სასამართლოში მოქმედი კლანის მხრიდან საპასუხო მოქმედებები გამოიხატა მათ შორის შემდეგში:

  1. ხელისუფლების ცვლილებისას, 2012 წლის ბოლოს სასწრაფო წესით, სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლები სასამართლოს თავმჯდომარეებად დაინიშნენ 5 წლის ვადით.
  2. 2013 წელს იუსტიციის მოხდა საბჭოს არჩევნებში კლანმა მოიპოვა სრული გამარჯვება მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს არჩევნებში და დაიკავა ყველა სამოსამართლო ვაკანსია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში (მოსამართლეთა ალტერნატიულმა ასოციაციამ – მოსამართლეთა ერთობამ ვერ მოახერხა ვერც ერთი თავისი კანდიდატის გაყვანა იუსტიციის საბჭოს წევრად). კლანმა ასევე სრული გამარჯვება მოიპოვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებში.
  3. საკვანძო ადმინისტრაციულ თანამდებობებზე საკუთარი კადრის დანიშვნა (მაგ. დამოუკიდებელი ინსპექტორი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი)
  4. 2013-2015 წლებში ხელისუფლებისთვის მომეტებული ინტერესის მქონე სისხლის სამართლებრივი საქმეებზე საკმაო წინაააღმდეგობას უწევდა აღმასრულებელ ხელისუფლებას – გამოდიოდა გამამართლებელი განაჩენები და სასამართლო უარს ამბობდა პატიმრობის სახით აღკვეთი ღონისძიებების გამოყენებაზე[15], რაც გახდა უკმაყოფილო ხელისუფლების საჯარო განცხადებების მიზეზი [16]
  5. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თვითნებურად შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელების მიღება, რითაც ხელი შეუშალა სასამართლო სისტემაში ახალი კადრების შედინებას და ხელოვნურად შექმნა საბაბი, რომ საკადრო კრიზისის დაძლევის მიზნით დაჩქარებულ რეჟიმში გადაენიშნა ყოფილი მოსამართლეები.

როგორც აქედან ჩანს სასამართლოში არსებულმა კლანმა ტაქტიკური ქმედებებით ხელისუფლებას ბრძოლები მოუგო და პირველი-მეორე ტალღის ფონზე შეინარჩუნა სასამართლოში მართვის ბერკეტები, ამავდროულად ხელისუფლებას აგრძნობინა რომ მას შეეძლო გაეგრძელებინა მუშაობა როგორც კონფრონტაციის რეჟიმში, ასევე გარიგების და თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობა.

თანამშრომლობის ეპოქის დასაწყისი

2015 წლიდან სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის პაკეტის განხილვა პარლამენტში ხანგრძლივი ვადით შეჩერდა. პარალელურად, როგორც ჩანს მიმდინარეობდა გარკვეული მოლაპარაკება სახელისუფლებო ჯგუფს და კლანს შორის. საბოლოოდ როგორც ჩანს მათ შორის შეთანხმება შედგა, რაც აისახა შემდეგში[17]

  1. პარლამენტმა უარი თქვა თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადამდელ შეწყვეტაზე და თავმჯდომარეების არჩევითობაზე (სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის პაკეტი)
  2. სასამართლოს თავმჯდომარეებს კვლავ მიეცათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაძლებლობა (სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის პაკეტი).
  3. 2013 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული სამი წევრი (ევა გოცირიძე, კახა სოფრომაძე, ვახტანგ თორდია) რომლებიც 2015 წლამდე მკაფიო კონფრონტაციაში იყვნენ საბჭოს მოსამართლე წევრებთან, უკვე 2015 წლიდან იწყებენ მათთან ერთად შეთანხმებულ მოქმედებას[18], რაც მათ შორის კლანის ლიდერების – ლევან მურუსიძის და მიხეილ ჩინჩალაძის მოსამართლედ დანიშვნაში გამოიხატა. 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული სამი არამოსამართლე წევრი ყოველთვის სრულად ეთანხმება კლანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
  4. 2017 წლის 8 თებერვალს, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის პაკეტით უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრები გათავისუფლდნენ მოსამართლედ დანიშვნის წინ 5 საქმის შეფასებიდან, რამაც გააჩინა ეჭვი რომ ეს ცვლილება მიხეილ ჩინჩალაძე იყო მორგებული[19].
  5. ხელისუფლებამ საბოლოოდ უარი თქვა მართლმსაჯულსების ხარვეზების კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტის განხილვა-დამტკიცებაზე, რომელსაც შედეგად შეიძლებოდა მოჰყოლოდა იმ მოსამართლეების მხილება და დასჯა, რომლებიც 2004-12 წლებში ამრუდებდნენ მართლმსაჯულებას.
  6. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის უფლებამოსილება ჩამოერთვა საქართველოს პრეზიდენტს და გადაეცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს (2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით).

2017 წელს  სასამართლოში არსებული ორი კლანი საბოლოოდ გაერთიანდა, რაც გამოიხატა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერი ცერცვაძის თანამდებობიდან წასვლით და მის ადგილას მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნით. შესაბამისად, ვალერი ცერცვაძის ერთგული მხარდამჭერები უკვე ჩნდებიან ჩინჩალაძის კლანის გვერდით და უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი 2018 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაშიც კი აღმოჩნდა.

ამავე დროს როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, კლანის ხელში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ბერკეტები, რათაც მან დაიწყო სასამართლო სასამართლო სისტემის მისი მოწინააღმდეგეგეებისგან გაწმენდა და ლოალურად განწყობილი მოსამართლეებით დაკომპლექტება, რაც გამოიხატა მათ შორის შემდეგში

  1. მოსამართლეთა ალტერნატიული ასოციაცია – მოსამართლეთა ერთობა დაიშალა (ასოციაცია მოქმედებს, ოღონდ მასში აღარ ირიცხებიან მოქმედი მოსამართლეები).
  2. იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ თითქმის მთელ სამოსამართლო კორპუსს ვადა გაუვიდა 2013-2018 წლებში და ამოქმედდა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ინსტიტუტი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კლანის ხელში აღმოჩნდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ხმების რაოდენობა, ე.წ. „საკონტროლო პაკეტი“, კლანმა მასთან ღიად ან ფარულად დაპირისპირებული მოსამართლეები გააძევა სასამართლო სისტემიდან სხვადასხვა ხერხით, მათ შორის უკანონო გათავისუფლებით[20] ან ხელახალ დანიშვნაზე უარით[21] . ასევე თანამდებობიდან გადადგომის იძულებით, (იხ. მაგ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის – ნინო გვენეტაძის მიერ საჯარო განცხადება რომ ის არის „ძალადობის მსხვერპლი“ იყო, ხოლო შემდეგ ნებაყოფლობით წასვლა სასამართლო სისტემიდან).
  3. კლანის მრავალი მომხრე[22] და კლანის ლიდერი გადაინიშნენ უვადოდ, ხშირად საზოგადოებრივი აზრის საპირისპიროდ (იხ. მაგალითად ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის უვადო დანიშვნა მოსამართლეებად)
  4. 2012 წლამდე მოქმედი სასამართლოს თავმჯდომარეების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ გადაინიშნა საკვანძო ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, რაც იმას მიუთითებს, რომ კლანმა შეინარჩუნა მართვის ბერკეტები და კომუნიკაციის არხები რაც ჰქონდა 2012 წლამდე.
  5. კლანთან ახლოს მყოფი მოსამართლეები დაჩქარებული პროცედურებით დაინიშნენ სააპელაციო სასამართლოში, რაც გულისხმობს კლანის მიერ კონტროლის დამყარებას სააპელაციო წარმოებაზე.
  6. სასამართლო სისტემა ჩაიკეტა და შეუღწევადი გახდა გარე პირებისთვის[23].

რაც შეეხება კლანური მმართველობის გავლენას სასამართლოში საქმეთა განხილვაზე, ერთის მხრივ სტატისტიკური სურათი 2012 წელს არსებულ მდგომარეობასთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, მეორეს მხრივ ხელისუფლებისთვის მაღალი ინტერესის მქონე საქმეთა განხილვა და გადაწყვეტა სასამართლოში აჩენს იმის განცდას რომ თუ იქნება დაინტერესება ხელისუფლების მხრიდან, კლანური მმართველობა დააყენებს იმ შედეგს, რომელიც აინტერესებს ხელისუფლებას. საქმეთა განხილვაში სასამართლოს თავმჯდომარეების ჩარევის მასშტაბი როგორც ჩანს შემცირდა, მაგრამ მაინც არსებობს და ამას ადასტურებს როგორც კვლევა, ასევე ცალკეული შემთხვევები[24].

კლანის ირგვლივ მოსამართლეთა გაერთიანების შესაძლო მიზეზები

მოსამართლეთა კორპუსის გაერთიანება კლანის ირგვლივ შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით აიხსნას, მათ შორისაა სამსახურის დაკარგვის შიში,  ასევე კარიერული წარმატების მიღწევის სურვილი – ერთის მხრივ, 2012 წლამდე მოსამართლეები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტრადიციულად რეპრესიულ მანქანად აღიქვავდნენ, ამიტომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კორპუსმა აირჩია ყველაზე მეტად დისკრედიტირებული კოლეგები[25], (ვისაც მორალური უფლება არ ჰქონდათ დაესაჯათ მოსამართლეები წარსული შეცდომების გამო), მეორეს მხრივ კლანის წევრები მათი მხარდაჭერის შემთხვევაში მოსამართლეებს პირდებოდნენ  ხელშეუხებლობას, უვადო გადანიშვნას და სხვა პრივილეგიებს[26] (იმ დროს, როცა სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და მათ შორის ხელისუფლებაც მოსამართლეებს ემუქრებოდა და ემუქრება დაჭერით, დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემით, წარსულში განხილული საქმეების გახსენებით და ა.შ).  შესაბამისად, სამოსამართლო თვითმმართველობამ უკუეფექტი გამოიღო. ნაცვლად სასამართლომ მმართველ რგოლად აერჩია პროგრესული ძალა, რომელიც სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღებაზე, მორალურ რეაბილიტაციაზე და საზოგადოებრივი ნდობის აღდგენაზე იზრუნებდა, მოსამართლეებმა აირჩიეს ისინი, ვინც თავის მომხრეებს სრულ იმუნიტეტს, პასუხისმგებლობის თავის არიდებას, უვადო დანიშვნას, დაწინაურებას შეპირდა და ბევრი ეს დაპირება შეასრულა კიდეც.

შესაბამისად, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კლანმა შეძლო ორი მსხვილი ინტერესის დაკმაყოფილება. პირველი ის, რომ მან დააკმაყოფილა მოსამართლეთა კორპუსის მოთხოვნა ხელშეუხებლობასა და თანამდებობაზე გადანიშვნაზე, მეორეს მხრივ დააკმაყოფილა ხელისუფლების მოთხოვნა სასამართლოს პოლიტიკურ კონტროლზე.

2018 წლის დეკემბერი და მისი შემდგომი მოვლენები

2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა კრიტერიუმების და პროცედურების გარეშე შედგენილი 10 კაციანი სია, რომელშიც შეიყვანა კლანის წევრები და მხარდამჭერები. ამ სიის შემადგენლობა ორ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება – პირველ რიგში აუცილებელია კლანმა ხელში აიღოს უზენაესი სასამართლოს კონტროლი, რითაც საბოლოოდ შეიკვრება კლანის მიერ სასამართლოს ინსტანციური კონტროლი და მეორე – აღნიშნული სიით კლანი მოსამართლეებში ავრცელებს მესიჯს, რომ კლანის მხარდაჭერა კარიერული წარმატების უპირობო საწინდარია.  აღნიშნულმა სიამ საზოგადოებრივი ვნებათაღელვა გამოიწვია. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა, ხოლო პარლამენტმა სიის განხილვა შეაჩერა.

ამ სიის წარმდგენის შემდეგ, როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში ასევე პოლიტიკურ სპექტრში (გარდა მმართველი პოლიტიკური გუნდისა) გაჩნდა ფართო კონსენსუსი, რომ სასამართლო რეფორმა ჩიხშია შესული. რომ სასამართლოში გაბატონებული კლანი საფრთხეს დიდი ხნით უქმნის საფრთხეს სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობას და სტაბილურობას.

2019 წლის იანვარში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა ხელი მოაწერეს მანიფესტს[27], რომლითაც მოითხოვეს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე და რამდენიმე არამოსამართლე წევრების გადადგომა, ხოლო ამავე წლის თებერვალში, პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმებით, ასევე გაკეთდა ანალოგიური შინაარსის პეტიცია[28].

სამოქალაქო აქტივობამ შედეგად გამოიღო ის, რომ უზენაეს სასამართლოში წარდგენილმა ათივე კანდიდატმა პარლამენტს მიმართა თხოვნით რომ მათი კანდიდატურები აღარ განიხილონ[29].

2019 თებერვალში, ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მოსამართლეთა უვადო დანიშვნების შეჩერებას 2024 წლამდე. კანონპროექტის ჩავარდნამ გამოიწვია ქართული ოცნებიდან მისი ინიციატორი დეპუტატების ნაწილის გასვლა გამოიწვია.

2019 წლის იანვრიდან საპარლამენტო უმრავლესობამ დაიწყო მუშაობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესებსა და კრიტერიუმებზე.  უმრავლესობის მიერ შედგენილმა კანონპროექტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოქმედების ფართო თავისუფლებას აძლევს კრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური სპექტრისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. პარალელურ რეჟიმში წარმოდგენილი იქნა რამდენიმე კანონპროექტი, რომლებიც მიზნად ისახავენ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის მინიმალიზებას, ან ცალკეული წევრებისთვის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობებს, პროცესის ღიაობისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების სტანდარტებს.

პოლიტიკური პარტიების მხრიდან შემოთავაზებული იქნა უფრო მეტად რადიკალისტური წინადადებები. მაგ. 2019 წლის თებერვალში პარტია – თავისუფალმა დემოკრატებმა წარმოადგინა სასამართლო რეფორმის ახალი კონცეფცია რომელიც ითვალისწინებს იუსტივიის უმარლესი საბჭოს ფუნქციების დროებითი ორგანოთი ჩანაცვლებას, რომლის წევრებსაც საქართველოს პარლამენტი დააკომპლექტებს.

საბოლოო ჯამში დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ სასამართლო სისტემა სერიოზული კრიზისის წინაშე იმყოფება. 2013 წლიდან დღემდე სასამართლოში კლანური მმართველობა სულ უფრო და უფრო მყარად იკიდებს ფეხს. სასამართლოში გაბატონებული ეს ჯგუფი თავისი მომხრეებით აკომპლექტებს მთელ სასამართლო კორპუსს და მუდმივად იპყრობის სასამართლოს იერარქიულ საფეხურებს (ამჟამად ჯერი უზენაეს სასამართლოზეა), სასამართლო ვერ ახერხებს თვითგაჯანსაღებას, საზოგადოებასთან დიალოგს, სასამართლოს მიმართ ნდობა კი მუდმივად ეცემა.

2012 წლიდან სასამართლო რეფორმის ჩავარდნის ერთ ერთი მიზეზი არის ასევე ის, რომ რეფორმა რომ არ ყოფილა სიღრმისეულად შესწავლილი სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები,  არ დადგინდა ის დიაგნოზი რომელიც მოგვცემდა რეფორმის სწორი დაგეგმვის და განხორციელების შესაძლებლობას.

მიგვაჩნია, რომ დღევანდელ ეტაპზე კლანის გადადგომა არის თითქმის ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. სხვა შემთხვევაში გარდაუვალია სასამართლოში გარედან ჩარევა, რომლის მიზანი იქნება კლანური მმართველობის დასრულება საკანონმდებლო წესით. მეორეს მხრივ აუცილებელია სასამართლო სისტემაში კლანის საქმიანობა და მისი შედეგები ოფიციალურად შეფასდეს (მოსამარლეთა კონფერენციის ან საქართველოს პარლამენტის რეზოლუციით), რაც თავიდან აგვაცილებს იგივე შეცდომის განმეორებას, რასაც ადგილი ჰქონდა უახლოეს წარსულში. ვფიქრობთ რომ ფართო კონსენსუსით უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით იმსჯელებს სასამართლოში არსებულ კრიზისზე და მისგან გამოსავლის გზებზე.

 

[1] აღნიშნულს ერთობლიობაში ადასტურებს სხვადასხვა კვლევები და მასალები, მათ შორის  ყოფილ და მოქმედ მაღალი თანამდებობის პირთა საჯარო განცხადებები: მათ შორის,  კონსტიტუციის 42-ე მუხლის კვლევა „2005-2016 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელისშემშლელი ფაქტორების თაობაზე პრაქტიკოსი იურისტების მოსაზრებები“ https://article42.ge/media/1001447/2019/01/09/df8851f838d9e9c59df59bc5630f41a9.pdf ; პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინტერვიუ გადაცემაში „რეაქცია“:  2012 წლამდე სასამართლო სისტემა იყო უვარგისი, ადეიშვილი რასაც ეტყოდა იმას აკეთებდნენ“. https://marshalpress.ge/archives/218424იუსტიციის მოქმედი მინისტრიც ადასტურებს რომ სასამართლო იმყოფებოდა ცერცვაძის და ჩინჩალაძის გავლენის ქვეშ: https://for.ge/view/18992/Tea-wulukiani-sazogadoebam-kargad-unda-gaigos-rom-am-xalxs-aTavisuflebs-kublaSvilis-sasamarTlo-da-ara-prokuratura.html; იხ. მაგ. აგრეთვე ადვოკატთა ასოციაციის რიგგარეშე კრების 2013 წლის 3 თებერვლის რეზოლუცია: 2012 წლამდე სასამართლო სისტემის მმართველი რგოლი შერწყმული იყო აღმასრულებელი ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკისთან, რამაც, მათ შორის, დაუშვა ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, გამამტყუნებელი განაჩენების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი, პოლიტიკური ნიშნით პირთა დაპატიმრება და პროფესიული საქმიანობის გამო ადვოკატთა მასშტაბური დევნა“-  http://www.newposts.ge/?l=G&id=196447-

[2] მათ შორის, იხ. კონსტიტუციის 42-ე მუხლი, 2005-2016 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელისშემშლელი ფაქტორების თაობაზე პრაქტიკოსი იურისტების აზრის კვლევა  https://article42.ge/media/1001447/2019/01/09/df8851f838d9e9c59df59bc5630f41a9.pdf; საერთაშორისო გამჭვირვალობა, სასამართლო სისტემის მდგომარეობა – 2012-2016, https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/sasamartlo_sistemis_mdgomareoba_2012-2016_0.pdf;  საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიში, კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში, გვ. 28.  https://www.transparency.ge/sites/default/files/corruption_risks-geo.pdf;   2019 წლის 5 აპრილს გამოქვეყნებული კვლევით რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობამ ჩაატარა საქართველოს მოსახლეობის 43 პროცენტი ფიქრობს რომ სასამართლოში გავლენიანი ჯგუფი, კლანი არსებობს. https://www.transparency.ge/ge/post/gamokitxulta-umravlesobis-azrit-carsulshi-zecolis-kvesh-migebuli-usamartlo-gadacqvetilebebis  კლანის მიერ  მაღალი თანამდებობების დაკავებისა და კლანის წევრებს შორის კავშირების თაობაზე იხ. სტუდია მონიტორი, კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში https://www.youtube.com/watch?v=xv1wAlGT8j4&t=39s

  [3] იხ. მაგ. გაზეთ რეზონანსთან თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ინტერვიუ http://pirveliradio.ge/?newsid=69981; იუსტიციის მოქმედი მინისტრიც ადასტურებს რომ სასამართლო იმყოფებოდა ცერცვაძის და ჩინჩალაძის გავლენის ქვეშ: https://for.ge/view/18992/Tea-wulukiani-sazogadoebam-kargad-unda-gaigos-rom-am-xalxs-aTavisuflebs-kublaSvilis-sasamarTlo-da-ara-prokuratura.html ; იხ. აგრეთვე ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადება: „თქვენ ალბათ გექნებათ შეკითხვა ვისი მეშვეობით მართავდა ზურაბ ადეიშვილი სასამართლო სისტემას წინა ხელისუფლების დროს. ვინ იყო ის პიროვნება იღებდა პოლიტიკურ დაკვეთებს, მიჰქონდა მოსამართლეებდე და აიძულებდა მათ შესრულებას. ქართულმა ოცნებამ 2012 წლიდან დღემდე ვერც ერთი ასეთი პირი ვერ დაასახელა. 2012 წლიდან ვამბობდი რომ ეს პიროვნება ჩემი აზრით იყო მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც სასამართლოს მართავდა თავმჯდომარეების კლანის მეშვეობით“. https://www.timer.ge/zaza-khatishvili-thanamemamuleno-vighupebith/

[4] იხ. მაგ. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინტერვიუ გადაცემაში „რეაქცია“:2012 წლამდე სასამართლო სისტემა იყო უვარგისი, ადეიშვილი რასაც ეტყოდა იმას აკეთებდნენ“. https://marshalpress.ge/archives/218424

[5] იხ. მაგ.  კონსტიტუციის 42-ე მუხლის კვლევა „2005-2016 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელისშემშლელი ფაქტორების თაობაზე პრაქტიკოსი იურისტების მოსაზრებები“ https://article42.ge/media/1001447/2019/01/09/df8851f838d9e9c59df59bc5630f41a9.pdf . იხ. აგრეთვე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება „მოსამართლეები მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცეებს“ http://www.tabula.ge/ge/verbatim/143898-kobaxidze-mosamartleebi-romlebic-cud-raghacebs-aketebdnen-axla-karg-raghacebs

[6] იხ. მაგ. კონსტიტუციის 42-ე მუხლის კვლევა „2005-2016 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელისშემშლელი ფაქტორების თაობაზე პრაქტიკოსი იურისტების მოსაზრებები“ https://article42.ge/media/1001447/2019/01/09/df8851f838d9e9c59df59bc5630f41a9.pdf

[7] იხ. ზემოთ

[8] იხ ხემოთ; იყო შემთხვევები როდესაც ზემდგომი ინსტანციის მოსამართლე არაფორმალურად უკავშირდებოდა ქვემდგომი ინსტანციის მოსამართლეს და აძლევდა მითითებას კონკრეტულ საქმეზე. იხ. მაგ. მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის ინტერვიუ https://www.youtube.com/watch?v=xv1wAlGT8j4&t=34s

[9] ამავდროულად მხედველობაში მისაღები ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის აქტიური როლი 2013 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კლანის გამარჯვებაში.

[10] ბრალდებულს ნაფიც მსაჯულთა პროცესზე უარის თქმა შეეძლებოდა მხოლოდ პროკურორის თანხმობის შემთხვევაში – http://netgazeti.ge/news/19948/

[11] იხ. 2013 წლის 13 იანვრის საკანონმდებლო ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში

[12] რაც პარადოქსია, ვინაიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ისტორიულად შეიქმნა ბრალდებულის და არა სახელმწიფოს უფლებების დასაცავად.

[13] საბოლოო ჯამში ამ ინიციატივაზე უარი იქნა ნათქვამი და თავმჯდომარეთა შერჩევის ძველი წესი იქნა შენარჩუნებული.

[14] საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ უფრო დეტალურად იხ. საერთაშორისო გამჭვირვალობა, სასამართლო სისტემის მდგომარეობა – 2012-2016, https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/sasamartlo_sistemis_mdgomareoba_2012-2016_0.pdf

[15] იხ. პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ – „სასამართლო ვერ აღწევდა იმას, რომ რეალური კრიმინალისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინათ“ https://www.youtube.com/watch?v=I_KsyRpHjyA

[16] იხ. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადება – „საზოგადოებამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ ხალხს ათავისუფლებს კუბლაშვილის სასამართლო და არა პროკურატურა“. https://for.ge/view/18992/Tea-wulukiani-sazogadoebam-kargad-unda-gaigos-rom-am-xalxs-aTavisuflebs-kublaSvilis-sasamarTlo-da-ara-prokuratura.html ; ბიძინა ივანიშვილი: „ზეგავლენაში მყოფი სასამართლო ცდილობდა ხელი შეეშალა ახალი ხელისუფლებისა და მთავრობისათვის, ეს იყო პირველ ეტაპზე“ – https://www.youtube.com/watch?v=I_KsyRpHjyA&feature=youtu.be&t=101

[17] ხელისუფლების მხრიდან კლანის საჯარო მხარდაჭერის მცდელობებს 2015 წლამდეც ჰქონდა ადგილი, მაგ. იხ. ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვნილის განცხადება, 2013 წლის ივლისში, რომელიც მან გააკეთა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან კოტე კუბლაშვილთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან – ლევან მურუსიძესთან შეხვედრის შემდეგ: „გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მაქსიმალურად გავზრდით ხელფასებს, რაც შესაძლებელია ჩვენი ბიუჯეტიდან და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. მაქსიმალურად გავაუმჯობესებთ სოციალურ პირობებს, ეს იქნება მანქანები თუ სხვა ტიპის ჯანდაცვის დახმარებები, რათა თითოეულმა მოსამართლემ თავი იგრძნოს დაცულად და დამოუკიდებლად. პირველ რიგში, სასამართლო უნდა გრძნობდეს ამას და დღეს როგორც ბატონმა ლევანმა თქვა, თითოეულ მოსამართლემდე მიიტანს ამ სულისკვეთებას, რომ მათთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესი აბსოლუტურად მათზე იყოს დამოკიდებული და არა გარე ძალებზე”  იხ.   http://pirveliradio.ge/?newsid=6387.

[18] იხ. აგრეთვე http://netgazeti.ge/news/142288/ ; საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიში, კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში, გვ. 28.  https://www.transparency.ge/sites/default/files/corruption_risks-geo.pdf

[19] იხ. საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 351 მუხლი.

[20] იხ. მაგ.  ომბუდსმენის განცხადება მამუკა ახვლედიანის საქმეზე: „ომბუდსმენი: იუსტიციის საბჭომ მამუკა ახვლედიანი პოსტიდან კანონის გვერდის ავლით დაითხოვა“ http://netgazeti.ge/law/126161/  .

[21] იხ. საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიში, კორუფციის რისკები სასამართლოში, გვ. 39. https://www.transparency.ge/sites/default/files/corruption_risks-geo.pdf

[22] იხ. ინტერვიუ იუსტიციის საბჭოს წევრთან, ნაზი ჯანეზაშვილთან „ საკმარისია „კლანს” დაუმტკიცო ერთგულება და მოსამართლის მანტია უვადოდ გაქვს გარანტირებული”  https://for.ge/view/161232/mTavaria-klans-daumtkico-erTguleba-da-mosamarTlis-mantia-uvadod-gaqvs-garantirebuli.html; იხ. მაგ. ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი „გარკვეული ჯგუფისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ შეიძლება (კანდიდატი) მოხვდეს სასამართლო სისტემაში“ იხ. ჩინჩალაძის კლანი, სასამართლო რეფორმის კრახი (10:17) https://www.youtube.com/watch?v=tE5F853u1Fo&t=758s

[23] იხ. ინტერვიუ იუსტიციის საბჭოს წევრთან, ნაზი ჯანეზაშვილთან „როდესაც შევისწავლე და დავითვალე მოსამართლეთა რაოდენობა, რომლებიც სისტემაში არიან, აღმოჩნდა, რომ მოსამართლეთა დაახლოებით 75 პროცენტი ისევ ის ხალხია, ვინც 2013 წლამდე სისტემაში მუშაობდა. დანარჩენი 25 პროცენტიდან უმრავლესობა, 17 ადამიანის გარდა, ისევ სასამართლო სისტემაში ნამუშევარი ადამიანია, ანუ ადამიანები, რომლებმაც კარიერა სასამართლოში გაიკეთეს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. https://1tv.ge/news/nazi-janezashvili-tu-kandidatura-iusticiis-sabchom-unda-waradginos-msjeloba-sabchos-skhdomaze-unda-gaimartos-da-ara-restoranshi-chinchaladzis-kabinetshi-an-sadme-skhvagan/

[24] იხ. კონსტიტუციის 42-ე მუხლის კვლევა „2005-2016 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელისშემშლელი ფაქტორების თაობაზე პრაქტიკოსი იურისტების მოსაზრებები“   https://article42.ge/media/1001447/2019/01/09/df8851f838d9e9c59df59bc5630f41a9.pdf; იხ აგრეთვე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ირაკლი შავაძის განცხადება, „სასამართლოს თავმჯდომარის სურვილი იყო ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მოეხდინა გავლენა და მისი კარნახით მიმეღო გადაწყვეტილებები, იხ. სტუდია მონიტორი, ჩინჩალაძის კლანი, სასამართლო რეფორმის კრახი“ (12:15)  https://www.youtube.com/watch?v=tE5F853u1Fo&t=758s

[25] იხ. მაგ. უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მინდია უგრეხელიძის ინტერვიუ, საქარათველო და მსოფლიო, 2013 წლის 19 ოქტომბერი  http://geworld.ge/ge/5215/ ; საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიში, კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში, გვ. 21 „იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონფერენციამ სწორედ ის მოსამართლეები აირჩია, რომლებიც ყველაზე ხშირად იმსახურებდნენ ახალი ხელისუფლების კრიტიკას” იხ. საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიში, კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში https://www.transparency.ge/sites/default/files/corruption_risks-geo.pdf

[26] იხ. ინტერვიუ ყოფილ მოსამართლესთან: „დავალებას ვიძლეოდით ჩვენ – თქვენ ასრულებდით, ამიტომ ჩვენ თუ გავალთ, ჩვენვე დაგიცავთ“. საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიში, კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში.  https://www.transparency.ge/sites/default/files/corruption_risks-geo.pdf

[27]იხ.  https://manifest.ge/main/item/2446?fbclid=IwAR1VsM-uU5yAtcfnZ88j_oyJIagA23rVrTnqMfzHfQfky8QXTrfH_GxLbXU

[28] იხ. https://manifest.ge/main/item/2504?fbclid=IwAR2SmiJ_J_WjFRdLaQVlo69g2ZoP_x38A9PwUnk8JDVIDRzjsAbfDV7z6Zo

[29] https://1tv.ge/news/uzenaesi-sasamartlos-mosamartleobis-10-ve-kandidati-parlaments-mimartavs-mati-kandidaturebi-ar-ganikhilon/