თბილისის ახალგაზრდული კლუბის მენეჯერი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს და საქმის გამოძიებას ითხოვს. შსს ამ ბრალდებას უარყოფს, თუმცა შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებს არ ასაჯაროებს.
გუშინ თავად სავარაუდო დაზარალებული შეეცადა ამ კადრების ამოღებას და აცახდებს, რომ შემთხვევის დროს გადაღებული ვიდეომასალა წაშლილია.
პროკურატურამ კი გუშინ ამ საქმის გამოძიება დაიწყო, რაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავეებს შეიძლება 15 წლამდე პატიმრობას უქადის.
ახალგაზრდა გოგონას განცხადებით, რომელიც ორი დღის წინ სოციალური ქსელებით ფართოდ გავრცელდა და საზოგადოებაში დიამეტრულად განსხვავებული გამოხმაურება ჰპოვა, 6 ივლისს ღამით კუს ტბასთან ფასიან ავტოსადგომზე 20-მდე პოლიციელმა სცემა.
კუს ტბის ასახვევთან მდებარე კლუბ “ვიტამინის” თანამშრომლის, ლიკა კიკიანის მტკიცებით, შემთხვევა სათვალთვალო კამერებმაც გადაიღო.
ის ამბობს, რომ კუს ტბაზე ახალგაზრდა ბიჭებს შორის მომხდარი დაპირისპირების განმუხტვას ცდილობდა, როდესაც მას პოლიციელები დაუპირისპირდნენ, აგინეს და სცემეს. ამტკიცებს, რომ ამაში დაახლოებით ოცამდე სამართალდამცველი მონაწილეობდა.
ამ განცხადების გაკეთების შემდეგ შსს-ს გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო და რამდენიმე საათში დასკვნა დადო, რომ კიკიანი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.
შსს-ს მიერ 8 ივლისს გამოქვეყნებული განცხადებით, გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ჩაატარა, ამოიღო ვიდეოჩანაწერები და გამოკითხა ამ ფაქტთან დაკავშირებული ყველა პირი. არც ვიდეო-მასალა და არც ეს ადამიანები, შსს-ს თანახმად, კიკიანის ცემას არ ადასტურებენ, თავად გოგონა კი გენინსპექციაში არ გამოცხადდა.
შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკითხული სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმაც არ დაადასტურეს სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი.
ჟურნალისტებმა კი გადაიღეს კიკიანის სხეულზე არსებული დალურჯებული ადგილები. ამასთან, კიკიანი ამბობს, რომ დალურჯებული აქვს სხეულის სხვა ნაწილებიც, რაც ტანსაცმლით არის დაფარული.
შსს-მ ვიდეომასალაც გაავრცელა, თუმცა ეს არის პოლიციის განყოფილების ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრები და არა იმ კამერების ჩანაწერი, რომლებიც კუს ტბაზე, შემთხვევის ადგილზეა დამონტაჟებული. ლიკა კიკიანი სწორედ ამ კამერებზე ასახული მასალის გასაჯაროებას ითხოვს.
ამ მიზნით ის, ადვოკატთან ერთად, გუშინ კუს ტბაზე გვიანობამდე ელოდებოდა გენინსპექციის წარმომადგენლების მისვლას, რათა ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოეღოთ და მისთვის გადაეცათ, თუმცა ისინი კუს ტბაზე არ მისულან.
იმ კომპანიის დაცვის სამსახური, რომელიც კუს ტბის მენეჯმენტს ახორციელებს, აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერებზე წვდომა მხოლოდ პოლიციას აქვს.
არადა, ჩანაწერებს თუ მალე არ ამოიღებენ, ისინი შეიძლება ავტომატურ რეჟიმში წაიშალოს. სწორედ ამიტომ კიკიანი ეჭვობს, რომ პოლიცია დროს შეგნებულად აჭიანურებს.
კუს ტბის დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ ჩანაწერები კრიმინალურმა პოლიციამ უკვე ამოიღო.
შსს-ში „დფვოჩის“ კითხვაზე, ნამდვილად ამოღებულია თუ არა ეს მასალა ან დაკმაყოფილდება თუ არა კიკიანის მოთხოვნა, კომენტარს არ აკეთებენ.
დღეს კიკიანი ადვოკატთან და აი-ტი სპეციალისტთან ერთად იმ სერვერზე შეღწევას შეეცადა, სადაც შესაბამისი კადრებია ატვირთული. მართალია, სერვერში შესვლა მოხერხდა, მაგრამ, როგორც კიკიანი აცხადებს, იმ პერიოდის მასალა, როდესაც შემთხვევა მოხდა, წაშლილი აღმოჩნდა.
ხუთშაბათს გოგონამ მომხდარის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. ცოტა ხანში პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც, პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 15წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.