29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი, რომელიც რუსი სამხედროების ტყვეობაში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, ოთხშაბათს სენაკში გადაასვენეს. ის ორშაბათს დააკავეს, მაშინ, როცა ენგურზე გადადიოდა.
„როგორც ჩანს, საბუთი არ ჰქონდა ოფიციალურად რომ გადასულიყო ენგურის ხიდზე, შესაბამისად, ე.წ. შავი გზა გამოიყენა გადაპარვისთვის სოფელ ნაბაკევთან. იქვეა ის სამხედრო ბაზაც, სადაც გარდაიცვალა. ამ ადგილას გადაპარვა ახლა ფიზიკურად შეუძლებელია. რუსებს დაუკავებიათ, თუმცა წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკურად გაუსწორდნენო, ამბობენ. ბაზაზე, საკანში თავს ვერ მოიკლავდა. როგორც ჩანს, ზედმეტი მოუვიდათ და ცემაში შემოაკვდათ“, – აცხადებს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მკვიდრი.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე აფხაზური მხარისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაავრცელა.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, რომ საკითხის გასარკვევად მყისიერად ამოქმედდა ყველა ინსტრუმენტი, გარემოებების დაზუსტების შემდეგ კი, საქმესთან დაკავშირებით აღიძრება სისხლის სამართლის საქმე.
„მოწოდებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის ფაქტს. ცხადია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ახლა ის, რომ დადგინდეს ზუსტი და ობიექტური გარემოებები ამ ძალიან მძიმე ფაქტთან დაკავშირებით. ფაქტობრივად მყისიერად იქნა ამოქმედებული ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და ყველა შესაბამისი უწყება გახლავთ უკვე ჩართული. მე პირადადაც მქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, რომელიც გახლავთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე. დღეს სამივე თანათავმჯდომარე იმყოფება საქართველოში. ხვალ მიემგზავრებიან სოხუმში და ბუნებრივია ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე რომ მათი ვიზიტისას ეს იქნება ერთ – ერთი მთავარი საკითხი. ასევე ამ საქმესთან დაკავშირებით აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე და გარემოებების დაზუსტების მიხედვით მოხდება საქმის კვალიფიკაცია. თავისთავად არის მძიმე ფაქტი, იმიტომ რომ საქმე ეხება ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლეს და მინდა ღრმა მწუხარება და სამძიმარი გამოვხატო მისი ოჯახის წევრების მიმართ. ჯერჯერობით ვერ მოგახსენებთ ვერაფერს, რადგან გვაქვს ის ინფორმაცია, რომელიც გაზიარებული იქნა ცხელი ხაზის მეშვეობით. ახლა ისევ დავბრუნდები სამუშაო რეჟიმში, რადგან მნიშვნელოვანია ობიექტური გარემოებების დადგენა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს ყველა საელჩომ მიიღო შესაბამისი ინსტრუქცია, რომ აღნიშნული შესახებ საქმის კურსში ჩააყენონ ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა.
მისივე თქმით, საქართველო ყველა მექანიზმს იყენებს ობიექტური გარემოების დასადგენად.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საშუალებით გუშინ შემოვიდა ინფორმაცია ამ აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ხდება სიკვდილის გამომწვევი ყველა გარემოების დადგენა, არსებული მექანიზმების გამოყენებით. სანამ ჩვენთვის ცნობილი გახდებოდა ყველა გარემოება, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყოფილიყო ინფორმირებული ამ ფაქტთან დაკავშირებით. გვქონდა საუბარი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ასევე გაერო-ს, ეუთო-ს, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, მუდმივ კავშირზე ვართ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიებთან. საქართველოს ყველა საელჩომ მიიღო შესაბამისი ინსტრუქცია, რომ აღნიშნულის შესახებ ჩააყენონ საქმის კურსში ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ბუნებრივია ყველა დამატებითი ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა იყოს ზუსტად, დეტალურად ინფორმირებული ამ აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ. გარდა ამისა, მექნება კომუნიკაცია თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან, რათა ისინიც იყვნენ საქმის კურსში ჩაყენებული მომხდარი ფაქტის შესახებ“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქე ნაცემი იყო, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.