ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამჟამინდელ პრემიერ კვირიკაშვილში მან თავისი „ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი“ ნახა. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელევიზიების ჟურნალისტებთან, ტექნოპარკში მიმდინარე შეხვედრაზე სამშაბათს განაცხადა.
„გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის აღმოჩენაა ადამიანობის, წესიერების, უანგარობის და იმის განწყობის, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს და მხოლოდ იგივე დანიშნულება და იგივე მიზანი აქვს გიორგისაც. ქონებრივად შეიძლება უფრო მეტი გამაჩნდეს, მაგრამ გიორგის ჩემზე არანაკლები განწყობა აქვს და ამისთვის არის მთავრობაში. მარტო გიორგი არ არის ასეთი, სხვებიც არიან, მაგრამ გიორგიზე შემიძლია გავაკეთო განსაკუთრებული აქცენტი, რომ საოცარი პიროვნებაა. ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგიში, იმდენად დაბალანსებულია, იმდენად ადამიანურია, იმდენად კეთილშობილია და ამავდროულად არის ძალიან კარგი მენეჯერი, კარგი პროფესიონალი, ფინანსისტი და მხოლოდ იმ განწყობით გახლავთ მთავრობის მეთაური, რომ მოემსახუროს თავის ქვეყანას“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ივანიშვილი მსგავს განცხადებებს მის მიმართაც არ იშურებდა. მაგალითად, ასეთი განცხადება ივანიშვილმა 2014 წლის თებერვალში გააკეთა: „ირაკლიმ მეც კი გამაოცა თავისი ნიჭიერებით… სწორი გზით მიდის, დროც აქვს, ჩემზე მეტი ენერგიაც აქვს, დღე და ღამე მუშაობს.“
ექსპრემიერმა ივანიშვილმა სამშაბათს 7 ივნისს 10 ტელევიზიის ჟურნალისტთან შეხვედრა გამართა, მას შემდეგ, რაც 2 ივნისს პირველი არხთან, გადაცემა „ინტერვიუში“, მისივე თქმით, საკუთარ წერილზე საუბრის საშუალება არ მიეცა, რომელიც ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა და სადაც გასულ 4 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებვზე საუბრობდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.