ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმა გამოკვეთილი არ არის და ამ პარტიის წევრებს ურჩევს, ამომრჩევლებს მიაწოდონ ინფორმაცია და დააზუსტონ, რა უნდათ და საით უნდათ ქვეყნის წაყვანა.
„ძალიან იმოქმედა ჩემზე ევროკავშირის ელჩის განცხადებამ. მასთან რამდენიმე თვის წინ მქონდა შეხვედრა და ის მოვიდა „პატრიოტთა ალიანსის“ შეხვედრიდან, ირმა ინაშვილთან ჰქონდა შეხვედრა და გაოცებული იყო, ვკითხეო – ევროკავშირი გინდათ? – კიო, გვინდაო, ნატო გინდათ – კიო, და ეს ჩამრჩა მეც, რომ ისინი ძირითად მიმართულებას მხარს უჭერენ.
„ამ ორ-სამ დღეში გადავავლე თვალი მათ გამონათქვამებს და რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება. როდესაც გამოდიან და ამბობენ, რომ ევროპა ეომება ჩვენს მართლმადიდებლობას და საბერძნეთის მაგალითი მოჰყავთ, რაც აბსოლუტური ნონსენსია. ძალიან დიდი კითხვის ნიშანი აქვთ, ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რაზეც მე ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ არ დაგიმალოთ, რათა ეს კანონი მიგვეღო.
„ძალიან კრიტიკულ გამონათქვამებს აკეთებენ და სკეპტიკური განწყობები ჩანს ევროკავშირთან დაკავშირებით, ასოცირების ხელშეკრულებას აკრიტიკებენ. ძალიან კრიტიკული გამონათქვამებია ჩვენი ძირითად პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით. ამან უამრავი კითხვა გააჩინა,“ – ეს განცხადება ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ხუთშაბათს ზუგდიდში GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ გააკეთა.
ყოფილი პრემიერის თქმით, ამ პარტიამ კარგად უნდა ახსნას, რას ფიქრობენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე: „თუ ევროპა მოსწონთ, ევროპულ ღირებულებებს პატივი უნდა სცენ… თუ უსაფრთხოებაზე საუბრობენ და ნატო-ზე თანახმანი არიან, კეთილი ინებონ და სკეპტიკურ გამონათქვამებს ნუ იხმარენ“ და „თუ მოვლენ პოლიტიკაში, დააფიქსირონ, რას გვპირდებიან, საით უნდათ ქვეყანა რომ განვითარდეს”.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე, გურიაში გამართულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ყოფილი მოკავშირეები – რესპუბლიკური პარტია და ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“. თუმცა მისი განცხადება „ალიანსის“ მისამართით ბევრმა ერთგვარ რევერანსად მიიჩნია.
პარლამენტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკელმა“ დავით უსუფაშვილმა თქვა კიდეც, რომ ახლა ივანიშვილის მოკავშირე უფრო „პატრიოტთა ალიანსია“ ვიდრე მისი ან ალასანიას პარტიები.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.