აფხაზური მედია დიდი ზარ-ზეიმით აცხადებს, რომ სოხუმის სასტუმრო „ლეონს“ შვეიცარიაში ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო ვარსკვლავის პრემია (International Star for quality) მიენიჭა. თუმცა თბილისში აღნიშნავენ, რომ ეს კერძო ჯილდოა, რომლის მიღებაც ყველას შეუძლია, ვინც სათანადო თანხას გადაიხდის.
სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა გივი ჭაბაღუამ აღნიშნა, რომ „პრემიას საკუთარ ქვეყანა – აფხაზეთს“ უძღვნის.
„ჩვენ სასტუმროს აფხაზეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წარმომადგენლის, მეფე ლეონის სახელი ჰქვია. აქედან ნათელია რომ მიზანი საკმაოდ დიდი იყო და ვცდილობთ შევინარჩუნოთ ეს. სასტუმრო 2015 წლიდან იღებს სტუმრებს“.
აფხაზური მედია წერს, რომ ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო ვარსკვლავის პრემიისადმი მიძღვნილი 21-ე კონფერენცია ლიდერობის განვითარებისა და ხარისხის მართვის პროგრამის ნაწილია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს საელჩომ აღნიშნული შემთხვევის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის მტკიცებითაც ღონისძიება კერძო კომპანიის მიერ იყო ორგანიზებული და შვეიცარიის ოფიციალურ წრეებს მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
„როგორც დადგინდა, საუბარია ქ. მადრიდში არსებულ კერძო კომპანიაზე (BID – Business Initiative Directions), რომელიც ორგანიზებას უწევს მსგავს დაჯილდოებებს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში და ხარისხის აღმნიშვნელი ჯილდოს გაცემის სანაცვლოდ იღებს ფულად სახსრებს. ანუ საუბარია იმაზე, რომ მსგავსი ჯილდოს მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ სუბიექტს თუ კომპანიას, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ,“ – განუცხადეს DFWatch-ს საგარეო უწყებაში.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.