პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ–შიშანი მოკლულია. ალ შიშანი, რომელსაც პენტაგონი ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) “ომის მინისტრად“ მიიჩნევს, რამდენიმე მებრძოლთან ერთად ერაყის პატარა ქალაქ შირქათში ბრძოლისას მოკლეს. ეს ქალაქი მოსულის სამხრეთით მდებარეობს და გარშემორტყმულია ერაყის სამთავრობო ძალებით. ამის შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს გაავრცელა საინფორმაციო სააგენტომ Amaq-მა, რომელიც მხარს უჭერს ISIS-ს.
Amaq-ის ინტერნეტ გვერდზე საქართველოდან შესვლა შეზღუდულია, თუმცა სააგენტოს ინფორმაცია უკვე გაავრცელა რამდენიმე საერთაშორისო მედიამ, მათ შორის REUTERS-მა.
მანამდე „წითურ გენერლად“ ცნობილი ტერორისტის, ალ შიშანის გარდაცვალებაზე ინფორმაცია ბევრჯერ გავრცელდა და არც ერთხელ არ დადასტურდა. მათ შორის პენტაგონმა მარტში განაცხადა, რომ შიშანი სავარაუდოდ დაიღუპა ამერიკული საჰაერო იერიშის დროს სირიის აღმოსავლეთში, მაგრამ რეალურად მისი დაღუპვა პირველად ახლა დაადასტურა „ისლამურმა სახელმწიფომ“.
REUTERS-ი წერს, რომ მას არ შეუძლია, დამოუკიდებლად გადაამოწმოს სააგენტო Amaq-ის ინფორმაცია. თუმცა აღსანიშანვია ის, რომ სააგენტოს Amaq-ს რეგულარულად იყენებს ISIS საკუთარი ამბების გასავრცელებლად. სწორედ ამ სააგენტოს საშუალებით უარყოფდა მარტში „ისლამური სახელმწიფო“ შიშანის დაღუპვას.
ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერებმა სოციალურ მედიაში აბუ ომარის მისამართით ქება და სამძიმარი არ დაიშურეს. გავრცელდა „წითელწვერა მებრძოლის“ უამრავი ფოტო და რადიკალი ისლამისტები პირობას დებენ, რომ მის საპატივცემლოდ ახალ თავდასხმებს განახორციელებენ.
პენტაგონის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ ალ შიშანის მოკვლის შესახებ ცნობა აქვთ, მაგრამ მისი დადასტურება ან უარყოფა არ შეუძლიათ.
ბაღდადელი ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ჰიშამ ალ-ჰაშიმი, რომელიც ერაყის მთავრობის კონსულტანტია, “როიტერზთან” საუბრისას აცხადებს, რომ მისმა წყარომ ქალაქ შირქათში ალ-შიშანისა და მისი რამდენიმე მებრძლის დაღუპვა დაადასტურა.
ამჟამად ერაყის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშაა და ერაყის შეიარაღებული ძალები ქალაქს რამდენიმე მხრიდან უახლოვდებიან. შირქათი, რომელსაც ბაღდადიდან ჩრდილოეთით 230 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და ISIS-ი აკონტროლებს, სამთავრობო ძალებითაა გარშემორტყმული.
30 წლის თარხან ბათირაშვილი პანკსიის ხეობის სოფელ ბირკიანში დაიბადა. მამა მართლმადიდებელი ქრისტიანია. დედა გადრაცვლილია და ის მუსლიმი იყო. მონაწილეობა აქვს მიღებული ჩეჩნეთის მეორე ომსა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის წინააღმდეგ. ის ქართულ ჯარში დაზვერვის სერჟანტად მსახურობდა. საქართველოში სამხედრო სამსახურის შემდეგ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა და ცნობილია როგორც აბუ ომარ ალ-შიშანი. 2013 წლიდან ალ-შიშანის ჩრდილოეთ სირიაში ISIS-ის მოქმედ ძალებს მეთაურობდა და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამხედრო მეთაურად ითვლებოდა.
2014 წლის სექტემბერში აშშ-მა აბუ ომარი “შავ სიაში” შეიყვანა, ხოლო 2015 წლის მაისში მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.