მთავრობამ 19 მაისის არჩევნებისთვის გალელი მასწავლებლების „საზღვრიდან“ საარჩევნო უბნამდე მიყვანა და უკან დაბრუნება უზრულველყო. ამის შესახებ DFWatch-ს თავად მასწავლებლებმა განუცხადეს. კითხვაზე, კონკრეტულად რომელი უწყება ახდენდა ამის ორგანიზებას, ისინი პასუხობენ, რომ დაზუსტებით არ იციან.
მანამდე მათ ერთჯერადი საჩუქარი სახით 30-30 ლარი და თითო ლიტრი ფაროსანას საწინააღმდეგო წამალი დაურიგეს იმ პირობით, რომ არჩევნებზე მხარს სახელისუფლებო კანდიდატს დაუჭერდნენ.
საჩუქრების გადასაცემად ზუგდიდში სკოლების დირექტორები იყვნენ დაბარებული. მათვე ჰქონდათ დავალებული არჩევნების დღეს მასწავლებელთა სრული მობილიზაცია.
„რამდენიმე დღით ადრე 30-30 ლარი და თითო ლიტრი ფაროსანას საწინააღმდეგო წამალი დაგვირიგეს. არჩევნების დღეს კი ხიდთან ტრანსპორტი დაგვხვდა, რომლითაც საარჩევნო უბნამდე მიგვიყვანეს, არჩევანი დავაფიქსირეთ და [იგივე ტრანსპორტით] უკან დაგვაბრუნეს“, – განუცხადეს DFWatch-ს მასწავლებლებმა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გალელ პედაგოგებს ასეთი “პატივი” არ ჰქონიათ. არათუ ტრანსპორტირება და ერთჯერადი საჩუქარი, არამედ წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც კი გალელები და მათ შორის მასწავლებლები, არავის გახსენებია.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.