ევროკავშირისა და შენგენის ვიზებზე ყველაზე მეტად უარს მთელ რეგიონში საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან და თანაც, დასაბუთების გარეშე. ეს წლებია გრძელდება და მაშინ, როდესაც რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის უარის მაჩვენებელი საშუალოდ 1%-ია, საქართველოში 2012-2014 წლების მონაცემებით ის 11%-ის ქვემოთ არ ჩამოსულა.
ა/ო “ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისის” კვლევის მიხედვით, მოქალაქეებისათვის საკონსულოებთან ურთიერთობაში ყველაზე პრობლემურ საკითხებს წარმოადგენს რიგები, როგორც სავიზო განცხადების შეტანისას, ისე დოკუმენტების წარმოდგენისას; ხანგრძლივი მოლოდინის პერიოდი ვიზაზე ჩაწერისთვის, და საკონსულოებთან ტელეფონით დაკავშირება.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ ხელშეკრულების მონაწილე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა 14 ქვეყანას აქვს. ყველას აქვს საკუთარი ვებვერდი, თუმცა მხოლო 5 მათგანია ქართულად ხელმისაწვდომი, უმეტესად კი ინფორმაცია ინგლისურ- და რუსულენოვანია.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საკონსულოების უმრავლესობა ვიზის გაცემის პროცედურების შესახებ მოქალაქეებს ტელეფონით დეტალურ ინფორმაციას არ აწვდის და ვებგვერდზე ამისამართებს, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, ინფორმაცია ასევე არ არის სრულყოფილად ხელმისაწვდომი. სატელეფონო მომსახურების თვალსაზრისით გამონაკლისია ბულგარეთისა და ესტონეთის საკონსულოები. ყველაზე პრობლემური კი ლატვიის, პოლონეთისა და რუმინეთის საკონსულოებია, სადაც ტელეფონით დაკავშირებისას ან მუდმივი დაკავებაა ან რამდენიმე ზარის შემდეგ ტელეფონი ავტომატურად ითიშება.
კვლევის თანახმად, ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხს წარმოადგენს რიგები, როგორც სავიზო განაცხადის შეტანისას, ისე დოკუმენტების გამოტანისას. საკონსულოების უმეტესობაში არ არის მოსაცდელები და სკამები. მოქალაქეებს კი გაურკვეველი დროით ღია ცის ქვეშ უწევთ ფეხზე დგომა და ლოდინი. ამ მხრივ იტალიისა და ნიდერლანდების სავიზო მომსახურების ცენტრები გამონაკლისია.
თითქმის ყველგან მოუწესრიგებელია საინფორმაციო დაფები, სადაც სრულყოფიად არ არის მითითებული ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი.
2014 წლის მონაცემებით, ევროკავშირის მიერ გაცემული ვიზების 34% რუსეთზე მოდის, 8% – უკრაინაზე, 5% – ბელარუსზე, საქართველოზე კი – მხოლოდ 1%.
2012 წლიდან 2014 წლის ჩათვლით რუსეთსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან ვიზაზე უარი ყველაზე მეტჯერ საქართველომ მიიღო.
საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო განაცხადზე უარის მაჩვენებელი 2012 წელს -13% იყო, 2013 წელს – 11.5% და 2014 წელს – 12.7%.
ეს მაშინ, როდესაც ვიზაზე უარის საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი 5.1%-ია.
საქართველოს შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ყველაზე მეტი უარი სომხეთმა მიიღო. კერძოდ, 2014 წელს უარის მაჩვენებელი 12%-ია, თუმცა ეს მაინც 1%-ით ჩამოუვარდება საქართველოს მოქალაქეებისათვის უარის თქმის მაჩვენებელს.
2014 წელს რუსეთისათვის უარი მხოლოდ – 0.9%-ია, ბელარუსისთვის -0.3%, აზერბაიჯანისთვის – 9%; უკრაინისთვის – 2% და სომხეთისთვის – 12%.
მართალია, აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის უარის მაჩვენებელი 2014 წელს გაიზარდა, მაგრამ 2012-13 წლებში ის მხოლოდ 4-4,2% იყო.
რაც შეეხება ვიზაზე უარის თქმის სტატისტიკას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკონსულოების მიხედვით, 2014 წელს საქართველოს მოქალაქეების 21%-ს ვიზის გაცემაზე უარი ნიდერლანდების სამეფომ უთხრა.
მას მოსდევს ლიტვა 20%-ით, საბერძნეთი, ჩეხეთი და იტალია 14%-ით, საფრანგეთი – 12%-ით, ესტონეთი, ლატვია და გერმანია 6%-ით და პოლონეთი 5%-ით.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ევროკომისიის მიერ 2015 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებული მეოთხე შეფასებითი ანგარიშის თანახმად, რომელიც ევროკავშირის სტატისტიკური ცენტრის მონაცემებს ეყრდნობა, ვიზებზე უარის ძირითად მიზეზად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, მათ შორის მგზავრობის მიზანთან დაკავშირებული დოკუმენტების გაყალბება სახელდება, როგორიცაა ბიზნესის, ტრენინგის, სწავლების მიზნით ყალბი მოწვევები, ფალსიფიცირებული სახელფასო და საბანკო ამონაწერების წარდგენა და ა.შ.
„ლიბერალური აკადემია თბილისის“ მთავარი ანალიტიკოსი გოგიტა ღვედაშვილი DFWatch-თან, საკონსულოებში არსებული ხარვეზების გამოსწორების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან მოქალაქეებისთვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება სავიზო პროცედურებს მნიშვნელოვად გააადვილებს.
მისი თქმით, ამ პრობლემების დაძლევა სავიზო პროცედურების ეფექტურად წარმართვისა და მოქალაქეების მიერ მაქსიმალურად ეფექტური სარგებლის მისაღებად საკმაოდ მნიშვნელოვანია.
როგორც ღვედაშვილი აღნიშნავს, ვიზებზე უარის მიზეზი ხშირ შემთხვევაში გაუგებარია. ამასთანავე, გასაჩივრება იმ ქვეყნის სასამართლოში ადგილობრივი ადვოკატის დაქირავებით უნდა მოხდეს, რომლის საკონსულოც ვიზაზე უარს გეუბნება. ეს კი ხარჯთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, პროცესი ვადებშიც იწელება, რის გამოც მოქალაქეები გასაჩივრებისგან უმეტესად თავს იკავებენ და საკონსულოში განაცხადის ხელახლა შეტანა ურჩევნიათ.
„ხშირად საკონსულოების მხრიდან უარი დაუსაბუთებელია. მაგალითად, ყოფილა შემთხვევები, მოქალაქეებს წარდგენილი აქვთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, საკონსულოებს სათანადო ფინანსური დადასტურებაც აქვთ და ვიზიტის მიზანიც დადასტურებულია, თუმცა უარის მიზეზად მაინც სათანადო ფინანსური დადასტურების ან ვიზიტის მიზანის დადასტურების არარსებობა სახელდება. ასეთი არაერთი შემთხვევა გავასაჩივრეთ, რიგ შემთხვევაში პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს, რიგ შემთხვევაში პასუხი საერთოდ არ მიგვიღია და ბოლოს გვითხრეს, რომ რადგან პასუხი არ მიგვიღია, ეს ნიშნავს, რომ უარყოფითად გადაწყდა,“ – აღნიშნა ღვედაშვილმა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.