(Facebook)

(Facebook)

თბილისში მომხდარი სტიქიის გამომწვევ მიზეზებად  სხვადასხვა  ფაქტორები  სასხელდება და, შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზეზები  პოლიტიკური მხარდაჭერის მიხედვით ჯგუფდება. სტიქიის შდეგებს  ნაწილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს განხორციელებულ პროექტს აბრალებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს პროექტი არაფერ შუაშია.

სტიქიის განვითარების სურათი

გარემოს დაცვის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა სტიქიის განვითარების სურათი, რომელიც კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით არის გაკეთებული და სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარის რეალური სურათის იდენტურია.

 

ამ გრაფიკის თანახმად, სტიქია თბილისის სამხრეთით მეწყერის ჩამოწოლით დაიწყო.

მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესების განვითარებას.

კერძოდ, მოწყდა დაახლოებით მიწის მილიონი კუბური მეტრი, რამაც განაპირობა ღვარცოფული ნაკადის წარმოქნა. ამ ნაკადმა მდინარე ვერეს ხეობა დროებით ჩაკეტა.

ყოველივეს წინ უძღოდა უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა სეტყვისა და წვიმის სახით.

შექმნილი ხანმოკლე წყალშეგუბების გარღვევას მოჰყვა მდინარე ვერეს ხეობაში წყლის დონის აწევა, ღვაროცოფული ნაკადის გავლა და ცალკეული ადგილების დატბორვა.

სტიქიის ხელისშემწყობი ფაქტორები

სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე  საუბრისას  სპეციალისტები ორი რიგის საკითხებს გამოყოფენ –  ბუნებრივ და ურბანულ-კონსტრუქციულ ფაქტორებს.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ სტიქიის გამომწვევი მთავარი ფაქტორი ძლიერი წვიმა იყო, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. თუმცა, მეტეოროლოგები იმასაც ამბობენ, რომ  სხვა დროს ამაზე მეტი ნალექიც მოსულა, თუმცა ასეთი დამანგრეველი  შედეგი არ ჰქონია.

ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი და სინოპტიკოსი სვეტლანა ნიორაძე მეტი თვალსაჩინოებისათვის კონკრეტულ მონაცემებს ასახელებს. მისი ინფორმაციით, 14 ივნისს სამი საათის განმავლობაში 49 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, მაშინ როცა მაგალითად, 4 ივნისსაც ასევე ძლიერი წვიმა იყო – ერთ საათში 48 მილიმეტრი მოვიდა, 2012 წელს 3 საათში – 93 მილიმეტრი,  2011 წელს სამ საათში მოსული ნალექის რაოდენობა 78 მილიმეტრს გაუტოლდა. უფრო შორს, 1972 წელს  დღე-ღამეში 130 მილიმეტრიც კი დაფიქსირდა, უთხრა ნიორაძემ “რეზონანსს”.

თუმცა მაშინ შედეგები ასეთი მძიმე არ ყოფილა. შესაბამისად, სფეროს სპეციალისტები განმარტავენ, რომ ძალიან ძლიერ წვიმას სხვა ხელშემწყობი ფაქტორები რომ არ დართვოდა, სტიქია ნაკლებად დამანგრეველი იქნებოდა.

მეორე ფაქტორად უკვე მეწყერი სახელდება, რომელმაც სტიქიის მასშტაბებში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

“ყველაფერი იმან გაართულა, რომ ძალიან დიდი მოცულობის მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც მდინარე ვერეს ხეობა ჩაკეტა. მდინარე დაგუბდა და რეალურად ეს დრამატული შედეგი არა წვიმამ მოიტანა, არამედ უზარმაზარმა ღვარცოფმა, რომელიც მეწყერმა გამოიწვია,” – ამბობს კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის კოორდინატორი,  რეზო გეთიაშვილი.

ინფრასტრუქტურის როლი  სტიქიის განვითარებაში

motorway_hole_vereზემოთ დასახელებული მიზეზები სტიქიურ მიზეზებად ითვლება. კამათი კი უკვე ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიდის, რადგან სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შედეგების მასშტაბურობა სტიქიის ზონაში აგებულმა ინფრასტრუქტურამ განაპირობა და ამაში პირდაპირ სააკაშვილის გუნდს  ადანაშაულებენ, რადგან მისი ინიციატივით აშენდა.

მეორე ნაწილი კი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში იმასაც კი ამბობენ, ეს ინფრასტრუქტურა რომ არ ყოფილიყო, შედეგები უფრო დამანგრეველი იქნებოდა.

აზრთა სხვადასხვაობაა როგორც გეოლოგებს, ასევე არქიტექტორებს შორის.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ნინო ჩხობაძე DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ თავის დროზე გმირთა მოედანზე ესტაკადის მშენებლობის დროს არ მომხდარა გარემოზე ზემოქმედების შეფასება და მშენებლობა დაიწყო მანამდე, ვიდრე შესწავლა დასრულდებოდა.

“თავის დროზე, როდესაც ესტაკადა შენდებოდა, ჩვენ ვამბობდით და დღესაც ვიმეორებთ, რომ სწორად არ იყო გათვლილი ყველაფერი. ეს რისკი უნდა ყოფილიყო მოდელირებული, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. მაშინ ძალიან გვეჩქარებოდა მშენებლობა და საზოგადოებამაც ვერ შევძელით ბოლომდე გაგვეტანა ჩვენი სიტყვა,” – აღნიშნა ჩხობაძემ.

ის ამბობს, რომ მაშინაც ამბობდა, „მდინარის ხარჯი არის მაღალი და ვერ გაატარებდა ეს მილები წყლის მოცულობას და ვერც გაატარა. მოხდა ამხელა ტრაგედია”.

რეზო გეთიაშვილი ამ ტერიტორიის ვერტმფრენიდან გადაღებული ფოტოების ანალიზის საფუძველზე “რეზონანსთან” ამბობს, რომ, „როგორც ჩანს, მდინარის ჩაკეტვა მეწყერით  არ მომხადარა, იმიტომ, რომ, სადაც მეწყერი ჩამოწვა მდინარესთან ცოცხლად არის მწვანე საფარი, რაც ცალსახად მიუთითებს იმას, რომ მეწყერი ბოლომდე რომ ჩამოსულიყო, ამოევსო  მდინარე  და ჩაეკეტა, ბუნებრივია სულ წაიღებდა ხეებს ბალახას, ბუჩქებს“.

„გამოდის, რომ საქმე გვაქვს  უფრო შეტბორვასთან, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობის ნალექი და ვერ მოხდა წყლის მასის გატარება, რომლის გამტარობაც ისედაც ძალიან შემცირებული იყო 2011 წლიდან. რა თქმა უნდა მეწყერს ჰქონდა თავისი უარყოფით ზეგავლენა ამ პროცესზე, მაგრამ  ეს ტრაგედია უფრო ჰიდროლოგიურ მოვლენასთან შეიძლება დავაკავშიროთ. ძალიან დიდი რაოდენობის წყლის ნაკადი იყო, რომელსაც ღვარცოფული მასა მოჰყვა, რომლის გასატარებლად ინფრასტრუქტურა მზად არ აღმოჩნდა,“ – ამბობს გეთიაშვილი.

ინფრასტრუქტურას აბრალებს არქიტექტორთა ერთი ნაწილიც.

„აქ არის ორი საკითხი, რა ამოცანა იყო დასმული და რა გზებით მოინდომეს ამის გადაწყვეტა. ამან განაპირობა ყველაფერი. რა თქმა უნდა, ყველაფერი არასწორად გაკეთდა და ამან განაპირობა ეს ტრაგედია. ამოცანა იყო დასმული, რომ ჩქაროსნული მაგისტრალი გაკეთებულიყო. ჩქაროსნული მაგისტრალი კი რაც შეიძლება სწორახაზოვანი გზის დაგებას მოითხოვს.  ამან კი მდინარის  კალაპოტის შეცვლა და გვირაბებში ჩასმა გამოიწვია. ამან განაპირობა კლდეების ჭრა და ეროზიული მონაკვეთების მორეცხვა. მდინარემ კი გასცა პასუხი. წყალი და განსაკუთრებით მთის მდინარე  ყოველთვის იბრძვის იმის წინააღმდეგ, თუ გზა გაუღობე. ამაშია მთელი ამბავი. ამოცანა იყო არასწორად დასმული, შესრულდა არასწორად, რომელიც ბუნებასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და პასუხიც სათანადო მივიღეთ – ბუნებამ არ გვაპატია,“ – ამბობს არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი.

ხელოვნებათმცოდნე მარინა ხატიაშვილიც მის აზრს იზიარებს და ამბობს, რომ  „ვერსად გავექცევით იმას, რომ ეს იყო პიარისთვის გაკეთებული ძალიან ნაჩქარევი და უხარისხო  პროექტი და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ“.

ის იხსენებს არქიტექტორ კოკა ამირეჯიბის მოსაზრებასაც, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და ამ პროექტის განხორციელების ყველაზე კატეგორიული წინააღმდეგი იყო სწორედ იმ მიზეზების გამო, რაზეც დღეს არქიტექტორთა ნაწილი საუბრობს.

თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი ირაკლი მასხარაშვილი DFWatch-თან ამბობს, რომ  „ამ მაგისტრალს მდინარე ვერეს გაყოლებაზე არ უნდა გაევლო. მეორე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მთის მდინარეების ხელოვნურ გვირაბებში გადაყავანა. ეს არ გაითვალისწინეს და ამიტომაც მოხდა ეს ყველაფერი.”

გია აბულაძე კი ამ ყველაფერს აქ არსებულ განაშენიანებსაც ამატებს და ამბობს, რომ არ შეიძლება, ამ ხეობაში სახლების აშენება. განსაკუთრებით კი კუსტარული მშენებლობები, რადგან სტიქიის დროს კუსტარული შენობები ინგრევა და გასასვლელებს ხერგავს. მით უმეტეს, რომ მდინარე ისედაც მილში იყო მოქცეული და, ცხადია,  მილს გახეთქავდა.

არქიტექტორი თამაზ შილაკაძე კი ესტაკადის ფაქტორს  არათუ გამორიცხავს, არამედ, მისი აზრით, სწორედ ამ ინფრასტრუქტურამ შეამცირა ზარალი.  ამის არგუმენტად კი ის იმას ასახელებს, რომ  „გზების მშენებელობისას  წყლის რეჟიმი არ შემცირებულა, პირიქით, გასუფთავდა. ტერიტორია ჩახერგილი იყო და გაიწმინდა. ამ მილებს ამაზე მეტი წყალიც გაუტარებია. ახლა პრობლემა იყო ის, რომ ჩამოწვა მეწყერი და წყალი შეაგუბა“.

ხელისუფლების პოზიცია

სპეციალისტების კომენტარებიდან სამი მიზეზი იკვეთება, რომელმაც სტიქიის შედეგები განაპირობა. 1. მეწყერის ჩამოწოლამ გამოიწვია მდინარე ვერეში წყლის დაგუბება, წყალმა გამოხეთქა და ვერეს მიმდებარე ადგილები წალეკა;  2. ყოველგვარი მეწყერის გარეშეც ყოფილა ვერეს ადიდების შემთხვევები და  3. პროექტი იყო არასწორად შედგენილი.

რომელი ვარიანტია აქედან სწორი და რა რეაგირების განხორციელებაა აუცილებელი, სპეციალისტები ამაზე ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ.  მათი თქმით,  დასკვნის გასაკეთებლად საკითხის სერიოზული შესწავლაა საჭირო.

ორშაბათს გვიან ღამით განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის შეკრებაზე თქვა, რომ ”ვავალებ შესაბამის სამსახურებს, დაიწყონ ამაზე მუშაობა, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და ამის შემდეგ არ გამოვრიცხავ, ამ საქმით პროკურატურაც დაინტერესდეს. მსგავს ფაქტებზე რეაგირება ყველა ცივილიზებულ ქეყანაში ხდება“.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკითხი შესაძლოა, კონკრეტულად სააკაშვილისა და თბილისის ყოფილი  მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგაც იქნას გამოყენებული.

„ვინც არ უნდა იყოს, უნდა მიეცეს პასუხისგებაში, არც ეს არის გამორიცხული. ჩვენ არ ვფიქრობთ მხოლოდ ამა თუ იმ პირის პასუხისგებაზე. საჭიროა, დადგინდეს რეალური მიზეზები, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ის, რაც მოხდა. გარანტია იმისა, რომ ეს აღარ განმეორდება, არ არსებობს. ჩვენ ვალდებული ვართ, შევისწავლოთ და მოვახდინოთ შესაბამისი პრევენცია,“  – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.