რამდენიმე სახლი ხანძრის პირველივე დღეს, 5 იანვარს დაიწვა. სახანძროები არა მარტო გალიდან, სოხუმიდანაც მოვიდნენ, თუმცა ხანძარს უკვე ისეთი მასშტაბი ჰქონდა, ვერ გაუმკლავდნენ. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაიწვა სახლები, თხილნარი, ბაღები, საქონლის სადგომები და საძოვრები. ზარალი ძალიან დიდია, თუმცა მსხვერპლი არ არის.
მადლიერებას გამოხატავენ ადგილობრივი, გალელი მაშველების მიმართ, რომლებიც საათების განმავლობაში შეუსვენებლად ებრძოდნენ ცეცხლს. თუმცა იქვე ხაზს უსვამენ, რომ სოხუმიდან ჩამოსულ აფხაზ მეხანძრეებსა და მაშველებსაც „თავი არ დაუზოგავთ“. სულ სოხუმიდან 12 ბრიგადა იყო ჩამოსული.
„მეხანძრეები ჯერ გალიდან მოვიდნენ, მაგრამ როგორც კი მდგომარეობა გამწვავდა, სოხუმიდანაც მოვიდა დამხმარე ძალა. თავი არ დაუზოგავთ, მანქანებში რომ დამთავრდა წყალი, ხალხთან ერთად, ვედროებით გააგრძელეს ცეცხლის ჩაქრობა. არ შეიძლება მათი შრომის დაკარგვა. კარგი იქნებოდა დროულად ეთხოვათ დახმარება და რუსული ვერტმფრენი ჩართულიყო ცეცხლის ლიკვიდაციაში, თუმცა უნდა ითქვას, რომ აფხაზ მაშველებს თავი არ დაუზოგავთ“, – უთხრა DFWatch-ს 32 წლის დიასახლისმა სოფელ სიდადან.
„ერთდროულად 8 სოფელს ეკიდა ცეცხლი,“ – ამბობს ზემო ბარღების მკვიდრი, 60 წლის ქალი. „ – ორი თვეა არ უწვიმია, გამომშრალია ყველაფერი, შესაბამისად, ძლიერმა ქარმა დაფანტა ნაპერწკალი. წყალიც კი არ არის ჭებში, დამშრალია ყველგან ყველაფერი. ამინდმა ჩვენ წინააღმდეგ იმოქმედა და შედეგიც ისაა, რაც გვაქვს. საბედნიეროდ, ადამიანური მსხვერპლი არ არის, თუმცა რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, დაეწვა საქონელი და შემოსავლის მთავარი წყარო, თხილნარი“.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძირითადი ზიანი სოფელ ზემო ბარღებისა და მის მიმდებარე სოფლებს მიადგა. ვრცელდება ხელნაწერი სია, სადაც ამ სოფლების მაცხოვრებელთა ზარალია აღწერილი.
„5 იანვარს, შუადღისას გვეგონა, რომ ცეცხლი ჩვენი მიმართულებით უკვე არ გავრცელდებოდა და მინდვრებიდან მოსახლეობაში არ გადმოვიდოდა, თუმცა დღის მეორე ნახევარში, მთელი სოფელი პანიკამ მოიცვა, ცეცხლი სამოსახლო ნაკვეთებში გაჩნდა, თხილნარების გადარჩენის შანსი არ არსებობდა, ამიტომ ძირითადი აქცენტი სახლების გადარჩენაზე გაკეთდა. წყლის არსებული მარაგიც სწორედ სახლების დაცვას მოხმარდა, თუმცა პანიკის ფონზე, საქონლის გამოშვებაც ვერ მოვასწარით. საღამო იყო, საქონელი დაბინავებული, ცეცხლი მოედო და საქონლითურთ დაიწვა. დაგვეწვა ბაღები და თხილნარი, სახლები ჩვენთან ყველა გადარჩა“, – განუცხადა DFWatch-ს გალის რაიონის სოფელ სიდის მკვიდრმა, 40 წლის პედაგოგმა ქალმა.
შემოსავლის მთავარი წყაროს დაკარგვაზე საუბრობენ სოფელ ქვემო ბარღების მაცხოვრებლები.
„ზარალი ძალიან დიდია, თხილნარები მასობრივადაა დამწვარი, რაც ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყაროა. დამწვარი თხილი გაიხარებს, მაგრამ შემოსავალს 6-7 წელი არ მოგცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი წლები ადგილობრივებს თავის გატანა გაუჭირდებათ. ახლა დამწვარი ღობეების შეკეთებას ვცდილობთ, ვასუფთავებთ ფერფლისგან მიდამოებს. ვერაფერს შევცვლით, უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება“, – ამბობს ქვემო ბარღების მკვიდრი, ახალგაზრდა კაცი.
აღსანიშანვია, რომ რამდენიმე კვირის წინ ადგილობრივები თხილის მოსავლიანობაზე საუბრობდნენ და აცხადებნენ, რომ ფაროსანას შემოსევის შემდეგ, ბოლო ორი წლის მოსავალი შედარებით ხარისხიანი აღმოჩნდა.
„სულ რამდენიმე დღის წინ ვხარობდით იმით, რომ მოსავალი დასტაბილურდა, ფაროსანა თითქმის გაქრა, თხილის ფასმა მოიმატა და მიუხედავად იმისა, რომ ენგურზე ვერ გადაგვაქვს, ადილობრივი ფასი 120 დან 180 რუბლამდე მერყეობს. წარმოუდგენელი იყო ის, რაც მოხდა. ძალიან მძიმე სანახავია ომისგან ორჯერ გადამწვარი სოფლების, მესამედ სტიქიის ცეცხლში ყურება. მიუხედავად ყველაფრისა, ადგილობრივები მაინც შეძლებენ, თუ ორჯერ შეძლეს, ამასაც გაუმკლავდებიან, თუმცა მნიშვნელოვანია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგანაც იგრძნონ მხარდაჭერა“, – აცხადებს გალის რაიონის მკვიდრი პედაგოგი რ.ს.
ადგილობრივების თქმით, დამწვარია თხილნარები, რომელთა პატრონებიც სოფლებში სეზონურად ჩამოდიოდნენ მოსავლის ასაღებად.
„მოგეხსენებათ, გალის სოფლებში უამრავი მიტოვებული ნაკვეთია, თუმცა ყველა მათგანს ჰყავს პატრონი. ისინი ენგურსგაღმა ცხოვრობენ და მოსავლის ასაღებად სეზონურად ჩამოდიან. მიუხედავად იმისა, რომ მეზობლებს ცდა არ დაუკლიათ მათ გადასარჩენად, ბევრი მათგანი დაიწვა“, – აცხადებს სოფელ ზემო ბარღების მკვირდი 50 წლის ქალბატონი.
ცნობისთვის, გალის რაიონის სოფლებში ცეცხლი 4 იანვრის ღამეს, გვიან საძოვრებში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო კი სწრაფი გავრცელებით მალევე მოედო დასახლებულ პუნქტებს. არსებული ინფორმაციით, ხანძარმა შემდეგი სოფლები დააზარალა: სიდა, ზემო და ქვემო ბარღები, რეფი, სოფჩაი, ხუმუშკური.
ამ დროისთვის გალში სიმშვიდეა, თუმცა ამბობენ, რომ მცირე კერები შესაძლოა ისევ იყოს ტყეებში შემორჩენილი, ქარი კი ისევ ძლიერდება.
„ფაქტობრივად, დასაწვავი არაფერი დარჩა. გამომხმარი ბალახი გადაიწვა. რამაც შეიძლება ცეცხლი გადაიტანოს, უკვე გადამწვარია. ცეცხლის მცირე კერები ჯერ კიდევ გუშინ იყო, მაგრამ ქარი ჩადგა და შესაძლოა, უკვე ჩამქრალიც იყოს. დღეს ამინდი ისევ გაუარესდა, იმედია ხანძრის გამეორების საფრთხის წინაშე სხვა სოფლებიც არ დადგებიან“, – აცხადებს გალის რაიონის მკვიდრი 54 წლის მამაკაცი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.