სოხუმის რეჟიმი ქართველებისთვის პასპორტების გაუქმებაზე ვერ ჩამოყალიბდა. საუბარია, პასპორტებზე, რომელიც 2008 წლის შემდეგ აფხაზეთის მოსახლეობაზე, მათ შორის ქართველებზე გაიცა.
დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, პასპორტების მოქმედება პირველი იანვრიდან შეჩერდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და ე.წ. საზღვრის დაკეტვამდე (2019 წლის 11 იანვარი, კარანტინი), ეს დოკუმენტი ჩვეულებრივად მოქმედებდა.
5 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა, პასპორტების მოქმედება მხოლოდ ცალმხრივად გრძელდება.
„ახალი წლის დღეებში რომ გადავდიოდით, რუსმა მესაზღვრეებმა გვითხრეს, პასპორტები მანამ მოქმედებს, სანამ ვადა აქვსო. ვადა კი თითქმის ყველა პასპორტს 2021-2022 წლამდე მაინც აქვს. 11 იანვრამდე ისევ მოქმედებაში იყო. 8 თებერვალს ყველა ჩვეულებრივად გაატარეს პასპორტის საფუძველზე, მერე კი ისევ შეცვალეს პრინციპი და ამჟამად, მხოლოდ გალში გადამსვლელებს უშვებენ მწვანე პასპორტის საფუძველზე. ის ხალხი, ვისაც მხოლოდ ეს საბუთი აქვს, გალშია ამ ეტაპზე ჩაკეტილი და „საზღვარზე“ ვერ გადმოდის“, – განუცხადა DFWatch-ს გალის რაიონის მკვიდრმა.
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას თქმით, საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთის მოქალაქეობით ვერ ისარგებლებენ და მათ ე.წ. ბინადრობის უფლებით (“ვიდ ნა ჟიტელსტვა”) მოუწევთ გადაადგილება.
„მოგეხსენებათ, ახლოვდება არჩევნები და გარკვეული პირები უკვე იწყებენ ამ მხრივ გააქტიურებას. ისინი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ გალის მოსახლეობას, რაც ცინიკურია. ჩვენც ვიყავით ოპოზიციაში, მაგრამ არ მოგვიწოდებია გალელებისთვის ხელისუფლებისთვის მიტინგების მოწყობა. თუ ჩვენ დავაბრუნეთ გალელები აქ, მაშინ მათ სოციალური მხარდაჭერაც უნდა გავუწიოთ. როცა ისინი მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეობაზე იქნებიან ორიენტირებული, მათი ჩვენ საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესიც უფრო დაჩქარდება. 2016 წლიდან აფხაზეთში პასპორტების განახლების პროცესი მიმდინარეობს, რაც 2005 წლიდან დაწყებული პასპორტიზაციის დროს აღმოჩენილმა მთელმა რიგმა დარჩვევებმა განაპირობა და იცით, რომ ამან პოლიტიკურ კრიზისამდე მიგვიყვანა. დღეს ჩვენი კანონი კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას, გამონაკლისი მხოლოდ რუსეთია, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა. აბსოლუტურად გასაგებია, რომ კანონი იძლევა უფლებას იყო როგორც აფხაზეთის, ისე რუსეთის მოქალაქე. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – აცხადებს ნადარაია.
რაც შეეხება ბინადრობის უფლებას, მისი თქმით, უკვე წელიწადნახევარია მიმდინარეობს და აღების სურვილით უკვე 12 ათასამდე ადამიანმა მიმართა.
„საბუთი მსურველთა დაახლოებით ნახევარს აქვს აღებული. ეს უფლება მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, რიმლებიც აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიბადნენ. გალელებს შორის არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე პირებიც მოქალაქეობის გარეშე. ჩვენი მონაცემებით, ასეთი სულ 600-800 ადამიანია. ეს ის კატეგორიაა, რომელმაც აფხაზეთის მოქალაქეობა ვერ მიიღეს, რადგან მათი ერთ-ერთი მშობელი აფხაზეთის მოქალაქე არ არის. ასეთ ადამიანებს ვაძლევთ ბინადრობის უფლებას, 5 წლის შემდეგ კი მათ შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ აფხაზური პასპორტის აღებაზე, მას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ წარმატებით ჩააბარებენ აფხაზური ენისა და აფხაზეთის კონსტიტუციის გამოცდებს”, – აღნიშნავს ნადარაია.
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი ასევე აღნიშნავს, რომ ბინადრობის უფლების მისაღებად, აუცილებელია პირი ბოლო ათი წელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდეს.
„ამ კატეგორიაში ბევრი არ არის, თუმცა არის ხალხი, რომელსაც მშობლები აქ ჰყავს, თვითონ კი ვიზის საფუძველზე ჩამოდის მათთან. ამ კატეგორიაზე გაიცება ორწლიანი ბინადრობის ნებართვა, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი შეუძლით განაცხადი გააკეთონ „ვიდ ნა ჟიტელსტვაზე“ ან დატოვონ ტერიტორია. ეს ეხება როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებსაც,“ – აცხადებს ნადარაია.
ადგილობრივი ქართველების თქმით, ბინადრობის უფლების აღება სულ უფრო და უფრო ჭიანურდება და მისი აღების საფასურიც მატულობს.
„ამ საბუთის ასაღებად საჭირო დოკუმენტაციის მოგროვებაში სოფლის გამგებელი გვეხმარება, რომელიც ცნობის დაწერაში მინიმუმ 700 რუსულ რუბლს (28 ლარი) იღებს. ამბობენ ყველა სოფელში ასე არ არისო, ზოგი საერთოდ უფასოდ უწერს საკუთარ თანასოფლელებს ცნობას. ახლა მოგვთხოვეს, რომ თუ გვინდა „ვიდ ნა ჟიტელსტვა“ ავიღოთ, 5000 რუსული რუბლი (197 ლარი) უნდა გადავიხადოთ. ვერ გაარკვევ ეს ნამდვილად გადასახადია, თუ გამგებლის ახირება. ამ თანხის გადახდას ბევრი ვერ შეძლებს და დარჩება ისევ უსაბუთოდ,“ – აცხადებენ სოფელ თაგილონის მკვიდრნი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.