სოხუმის რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვა შეარბილა – მიმოსვლის უფლება პენსიონერებსა და 14 წლამდე ასაკის მოზარდებს მისცეს. რაც შეეხება აბიტურიენტებს, მათთვის ჯერ ისევ მოქმედებს შეზღუდვა, თუმცა სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მათი ნაწილი უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და ამ მიმართულებით მუშაობა ისევ გრძელდება.
„აბიტურიენტების ნაწილი უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ამ ეტაპზე მაინც მოხერხდა მათი ნაწილის გადმოყვანა. პროცესი გრძელდება. ეს ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი იყო.
„ჩვენ ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართულნი სხვადასხვა არხის გამოყენებით, რათა შეზღუდვა საბოლოოდ მოიხსნას. დღემდე მიღწეულია ის, რომ აბიტურიენტებთან ერთად პენსიონრებსა და ასევე სამედიცინო დახმარების საჭიროებების მქონე პირებისათვის გადაადგილება შესაძლებელია.
„მუშაობას გავაგრძელებთ, რათა მოსახლეობას გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს, რამდენადაც თითოეული მათგანისათვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროებას უკავშირდება.
„აბიტურიენტებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ენგურის ხიდზე გადმოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს, მინდა ვუთხრა, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მათ უმაღლესი განათლების შესაძლებლობაზე წვდომის პრობლემა არ შეექმნათ. ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ინდივიდუალურად, თითოეულისათვის, მათი საგამოცდო გრაფიკიდან გამომდინარე იქნას შერჩეული შესაბამისი ფორმა, რათა მათ ეროვნულ გამოცდებში სრულფასოვნად მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ და უმაღლესი განათლების შესაძლებლობის მიღმ აარ დარჩნენ. თითოეული მათგანის ეს ინტერესი დაკმაყოფილებული იქნება,“ – განაცხადა ორშაბათს ქეთევან ციხელაშვილმა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.