აფხაზურმა მხარემ ჯანმრთელობის ცნობების გაცემა შეწყვიტა, რომელიც ენგურის ე.წ. საზღვარზე გადასასვლელად აუცილებელი საბუთია.
„გუშინ ითქვა, რომ გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (ნადარაია) ჟურნალისტების აქტიურობამ გააბრაზა, რის გამოც ექიმებისთვის ბრძანება მიუცია, ჯანმრთელობის ცნობების გაცემა შეეწყვიტა. გვეგონა უბრალოდ ჭორი იყო, თუმცა დღეს ვინც კი ცნობის ასაღებად მივიდა, ყველა უარით გაისტუმრეს“, – უთხრა DFWatch-ს ადგილობრივმა მკვიდრმა.
მათივე თქმით, შესაძლოა, ცნობები მხოლოდ მძიმე მდგომარებაში მყოფ პაციენტებზე გაიცეს.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, დე ფაქტო რეჟიმმა ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების პრევენციის მოტივით, აფხაზეთის ტერიტორიაზე კარანტინი გამოაცხადა. ამის ფარგლებში ენგურის ცენტრალური ხიდი ცალმხრივად გადაიკეტა. აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოსასვლელად „საზღვარზე“ მოქალაქეებს რენტგენს უღებენ, ზუგდიდის ტერიტორიაზე გადასვლის უფლება კი მხოლოდ ვიწრო წრეს აქვს. მათ შორის იყვნენ სამედიცინო ჩარევის საჭიროების მქონე პაციენტებიც. გადასვლის უფლება ამჟამად მხოლოდ ე.წ. ვიზით მოსარგებლეებს აქვს.
რამდენიმე დღის წინ კი გალში საზღვრის გახსნის მოთხოვნით, ადგილობრივების აქციაც გაიმართა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.