სოხუმის რეჟიმის მიერ ეროვნული გამოცდების წინ ენგურის ხიდზე ბლოკირებული გალელი აბიტურიენტების უმეტესობა, DFWatch-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გადმოვიდა. თუმცა, არა ყველა. რამდენიმე მოზარდი გადმოსვლას კვლავ ვერ ახერხებს. უმეტესობამ გამოცდას მიუსწრო კიდევაც.
როგორც ისინი DFWatch-თან საუბრისას აცხადებენ, „საზღვარზე“ მთელი დღის განმავლობაში მოუწიათ ლოდინი.
„ჩაკეტვის დღიდან ყოველ დღე მივდიოდით, იქნებ რამე შეცვლილიყო. დღესაც ანალოგიურად მივედით. 30-მდე აბიტურიენტი იყო ჩემთან ერთად. სია ეკავათ და კითხულობდნენ, ვინც სიაში არ იყო, იმათ არ უშვებდნენ. თვითინ ნადარაია (გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი – რ.) იყო მოსული და ბრაზობდა. აკაკი ბობოხიძეს ლანძღავდა, ასე თქვა, აფხაზეთშიც გხოცავდით და აწიც დაგხოცავთო, ამიტომ არ გაგიშვებთ იქითო. მთელი დღე გვაწვალეს და ბოლოს მაინც გამოგვიშვეს,“ – აცხადებს ერთ-ერთი აბიტურიენტი, რომელსაც პირველი გამოცდა 2 ივლისს აქვს.
ჯერ უცნობია, რა ბედი ელით იმათ, რომლებსაც პირველი გამოცდა ორშაბათს ჰქონდათ და ვერ მიუსრეს. თუმცა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, იმედი აქვთ, რომ მთავრობა დაპირებას შეუსრულებს და გამოცდებზე გასვლას შეძლებენ.
აბიტურიენტების ნაწილმა საზღვრის გადმოკვეთა შემოვლითი გზებით სცადა.
„რამდენიმემ სცადა შავი გზით გადაპარვა, სადაც მავთულხლართებია, ერთი-ორმა მოახერხა კიდეც, რამდენიმე დაიჭრეს. არ ვიცი, ისინი გამოუშვეს თუ არა, მაგრამ თანხის სანაცვლოდ ათავისუფლებენ დაკავებულებს და ალბათ ოჯახი ოპერატიულად გადაიხდიდა, რათა გამოცდებს მიუსწრონ,“ – გვითხრა „სამშვიდობოს” გადმოსულმა აბიტურიენტმა.
შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო რეჟიმმა, აბიტურიენტებს ჯერ საკოლის დამამთავრებელი საგანგებო ზეიმი გაუმართა, პარალელურად კი „საზღვარი“ ჩაუკეტა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები, პირველ ივლისს დაიწყო.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.