11 აგვისტოდან ელექტრონული რეცეპტების პროგრამა ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმი პაციენტს დანიშნულების მიცემისას სარეცეპტო მედიკამენტებს ელექტრონულად გამოუწერს, რაზეც წვდომა ქსელში ჩართულ ყველა აფთიაქს ექნება, პაციენტებს კი ფურცლების ტარება არ დასჭირდებათ.
დასაწყისში ამ პროგრამაში თბილისის 30-მდე სამედიცინო დაწესებულება და აფთიაქია ჩართული, ოქტომბრიდან კი პროგრამა შეჯამდება და ის ეტაპობრივად გავრცელდება საქართველოს ყველა სამკურნალო და სააფთიაქო დაწესებულებებზე.
პირველ ეტაპზე სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია და ქაღალდის და ელექტრონული რეცეპტების მოქმედება პარალელურ რეჟიმში მოხდება, სამომავლოდ კი გადაწყვეტილია, რომ ციფრული რეცეპტი სავალდებულო გახდეს.
ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ამ პროექტის დიდი გაპიარების მიუხედავად, სწორედ იმის გამო, რომ პროგრამაში ჩართვა ყველა ექიმისთვის სავალდებული იქნება, ის რაიონის ექიმებს დიდ პრობლემას შეუქმნის და ამიტომაც არ იწონებენ. მიზეზი კი ისაა, რომ რაიონებში ექიმებს კაბინეტებში კომპიუტერი საერთოდ არ აქვთ და უდიდესმა ნაწილმა მისი გამოყენებაც არ იცის.
ელექტრონული რეცეპტების მნიშვნელობაზე 11 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ პროგრამით განულდება ერთ-ერთი „ისტორიული, ეპოქალური, ყბადაღებული თემა ექიმის გაუგებარი ხელწერის შესახებ“, როცა რეცეპტის გარჩევა ზოგჯერ გამოცდილი ფარმაცევტისთვის შეუძლებელი ხდებოდა. ასევე, პრაქტიკულად გამოირიცხება შეცდომა მედიკამენტების დოზირებაში და მედიკამენტის სახელის არასწორად დაწერა.
„რეცეპტი გამოიწერება ელექტრონულად, აღარ იქნება საჭირო ფურცელზე დატანა. ქსელში ჩართულ აფთიაქებს ჩანაწერზე წვდომა მაშინვე ექნებათ. პაციენტი, როდესაც ის აფთიაქში მივა, აღარ იქნება აუცილებელი, რომ მან რეცეპტი ხელით ატაროს. იგი აფთიაქის წარმომადგენელს ეტყვის გვარს, სახელს, პირად ნომერს და აფთიაქს სრული წვდომა ექნება მის მონაცემებთან“, – აცხადებს სერგეენკო.
მისი ინფორმაციით, პაციენტის ნებართვის გარეშე მის მონაცემებს ვერავინ ნახავს.
ყველა ექიმი ვალდებული იქნება სპეციალურად შექმნილ პროგრამაში დარეგისტრირდეს. მათ ამისთვის პირადი ნომერი და მოქმედი სერთოფიკატი ჭირდებათ. ასევე ყველა სააფთიაქო დაწესებულებამაც ავტორიზაცია წინასწარ უნდა გაიაროს და ამის შემდეგ შეძლებენ ისინი რეცეპტების ავტომატურ რეჟიმში ნახვას.
ელექტრონული რეცეპტების პროგრამა მხოლოდ ერთი ნაწილია იმ დიდი გეგმის, რასაც სამინისტრო აპირებს და შემდგომი ნაბიჯი სამედიცინო ისტორიის და სრული კვლევის ელექტრონულ ფორმატში გადატანა იქნება.
“თუ კომპიუტერი მაგიდაზე მედება, ალბათ კარგი იქნება. მაგრამ არც ჩვენთან და არც მეზობელ რაიონებში ექიმებს კაბინეტებში კომპიუტერი საერთიდ არავის აქვს, ის მხოლოდ ადმინისტრაციაშია და ყოველი რეცეპტის გამოსაწერად ადმინისტრაციაში უნდა ვირბინოთ?!“- სამინისტროს მიერ დიდი სიხარულით გამოცხადებულ ინიციატივას კრიტიკულად უყურებს სამეგრელოს ერთ-ერთი რაიონის ექიმი, რომელიც ვინაობას იმ მიზეზით არ ასახელებს, რომ კომპანიისაგან ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემა აკრძალული აქვთ.
ის DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ წესით, ინდივიდუალური კომპიუტერი ახლაც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ რადგან არ აქვთ, პაციენტის ანკეტაში ჩასაწერად დაავადებისა და წამლების კოდები ფურცლებზე აქვთ ჩამოწერილი და ასე ფურცელ-ფურცელ ეძებენ და წვალობენ, ახლა კი საწვალებლად რეცეპტების კომპიუტერში შეყვანაც დაემატებათ.
„ასევე პრობლემაა ის, რომ სოფლის ექიმების უმეტესობამ კომპიუტერის გამოყენება საერთოდ არ იცის და ან რეცეპტი როგორ უნდა დაწერონ ან შემდეგ მთელი სამედიცინო ისტორია როგორ უნდა შეიყვანონ კომპიუტერში, როდესაც ელემენტარულად კომპიუტერში პროგრამის გახსნასა და ბეჭვდვასაც ვერ ახრეხებენ?“- ამბობს ის და დასძენს, რომ სადაც ექიმებისთვისაა კომპიუტერის გამოყენება პრობლემაა, სოფლის აფთიაქებისთვისაც იგივე პრობლემა შეიქმნება და სავალდებულოც რომ არ გახდეს, ამით მხოლოდ დიდი ფარმაცევტული კომპანიები იხეირებენ.
როგორც DFWatch-თან საუბარში ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ტატა გამყრელიძე ამბობს, სამინისტროში ეს პრობლემები ცნობილია, ამიტომაც ჯერ მხოლოდ ნებაყოფლობით ჩართვაზეა საუბარი, შემდეგ დააკვირდებიან, როგორ იმუშავებს პროგრამა, რამდენად მზად იქნება ყველა კლინიკა და ამბულატორია და მხოლოდ შემდეგ მოხდება სავალდებულოდ წესით გავრცელება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.