გადასახადების შემცირება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, იაფი კრედიტები, რეგულაციების გამარტივება – ესაა არასრული ჩამონათვალი იმ დაპირებებისა, რომელსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების პროგრამების ეკონომიკურ ნაწილში შეხვდებით.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის მათ პროგრამებში საკუთარი ხედვა ფართოდაა წარმოჩენილი. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურ ნაწილს პარტიების საარჩევნო დოკუმენტების უმეტესობაში ფართოობის, დაახლოებით, ნახევარი ეთმობა.
ქვეთავი, რომელშიც ეკონომიკის განვითარებაზეა საუბარი, „ქართული ოცნების“ პროგრამაში საკმაოდ ვრცელია. შემუშავებულია 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მიმართულია ბიზნესის, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებლის განვითარებაზე, ადამიანური რესურსების პოტენციალის მაქსიმალურად ჩართვაზე ქვეყნის განვითარებაში, ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასა და ღია მმართველობის პრინციპების დანერგვაზე. „ქართული ოცნება“ გააგრძელებს სტარტაპების აქტიურ მხარდაჭერას. მისი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებაა.
„ოცნება“ პირობას დებს, რომ 2017 წლიდან ძალაში შევა მოგების გადასახადის ახალი მოდელი, რომლითაც საწარმოს მიერ მიღებული მოგება მხოლოდ მისი განაწილებისას დაიბეგრება. რეფორმის შედეგად კი „ბიზნესსექტორში დარჩება ნახევარ მილიარდზე მეტი ლარი, რომლის რეინვესტირება განხორციელდება ბიზნესის გაფართოების მიმართულებით, რაც ასევე დამატებითი შემოსავლების გენერირებას ნიშნავს.“
ეკონომიკურ ნაწილში „ნაციონალური მოძრაობა“ საკმაოდ გულუხვია, იგი ამომრჩეველს ბიზნესსექტორში უამრავი მიმართულებით გადასახადების შემცირებასა და რეგულაციების შემსუბუქებას ჰპირდება. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2017 წელს ენმ საშემოსავლო გადასახადს 15%-მდე შეამცირებს, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში – 10%-მდე. შედეგად, ბიზნესს მეტი ფული დარჩება ინვესტირებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად და უკვე დასაქმებულთათვის ხელფასის გასაზრდელად.
„ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი მოლოდინი აქვს განაწილებული მოგების გადასახადის, ნავთობპროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების აქციზის გადასახადის და სხვა სახის გადასახადების შემცირებისგანაც. ამ ზომებთან ერთად კომპლექსში, მიკრომეწარმეთა დაუბეგრავი ბრუნვის მაჩვენებლის 3-ჯერ, ხოლო მცირე მეწარმეთა შეღავათიანად დასაბეგრი ბრუნვის – 2-ჯერ გაზრდას, პარტიის აზრით, შედეგად მოჰყვება ეკონომიკის მკვეთრად გააქტიურება და შესაბამისად, სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდა.
„უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება“ – „თავისუფალი დემოკრატების“ ლოზუნგია. პარტია ამოცანად ისახავდა 2017-2020 წლებში, დაბალი ინფლაციის პირობებში, საქართველოს მშპ-ის 8%-იან საშუალო რეალურ ზრდას. ამავე დროს, პირობას დებდა, რომ უზრუნველყოფილი იქნებოდა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელსაყრელი გარემო.
მათი გეგმით უცხოური ინვესტიციები 10 მილიარდით მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა გაზრდილიყო; ბიუჯეტი კი მინიმუმ 4 მილიარდით.
ეკონომიკის ზრდა, „გაერთიანებული დემოკრატების“ ხედვით, პირველ რიგში, ექსპორტსა და შიდა ბაზარზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებას გულისხმობს. ამისათვის, მათი აზრით, აუცილებელია საწარმოო ბიზნეს–სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ამ მიზნით კი მისაღებია რეფორმატორული საკანონმდებლო ცვლილებები.
მაგალითად, მათ პროგრამაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს მეწარმეობის, მათ შორის, აგრარული საქმიანობის, სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა; მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან უნდა გათავისუფლდეს ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხდება ამ საქმიანობის სფეროში; საშემოსავლო გადასახადი უნდა შემცირდეს 12 %-მდე, მოგების გადასახადი – 10%-მდე, ხოლო გადასახადი დივიდენდზე – 2%-მდე და ა.შ. თუმცა, პარტია არაფერს გვეუბნება იმის თაობაზე, თუ როგორ შეავსებს ბიუჯეტს გადასახადების ამგვარი შემცირების შემდეგ და რის ხარჯზე დაწესდება შეღავათები.
რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, ეკონომიკური წინსვლის საფუძვლად მას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ესახება. მიიჩნევენ, რომ ერთი მხრივ, სამართლიანი კონკურენციის პოლიტიკა და, მეორე მხრივ, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა უზრუნველყოფს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობის და კაპიტალის ზრდას. ნათქვამია, რომ ეს სექტორში დასაქმების მაჩვენებლების ზრდასაც გამოიწვევს, რაც სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საფუძველი იქნება.
ამისათვის კი, მათი გათვლით, აუცილებელია საგადასახადო ლიბერალიზაცია და საგადასახადო ადმინისტრირების გაჯანსაღება, საკუთრების და გარიგების დაცულობა, პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, აქცენტირებული პოლიტიკა, რომელიც ბიზნესის დანახარჯებს შეამცირებს და ბაზარს გააფართოვებს.
ეკონომიკაზე „პატრიოტთა ალიანსი“, ისევე როგორც სხვა სფეროებზე, ცოტას საუბრობს. ამ თემას სულ ორიოდე პატარა სტატიასა და ინტერვიუში ეხება. ნათქვამია, რომ ყოველწლიურად ქვეყნის ბიუჯეტის 4% უნდა გამოიყოს და ეს ფული დაახლოებით 8 ათას ოჯახს ბიზნესის ნულიდან დაწყებაში მოხმარდეს. ამისათვის სახელმწიფომ უნდა შექმნას სპეციალური ფონდი, რომელიც ყოველგვარი გირაოსა დ გარანტიის გარეშე გასცემს 8-წლიან უპროცენტო სესხს 20-დან 80 ათას ლარამდე.
ამგვარი მიდგომა, მათი აზრით, სულ რაღაც 3-4 წელიწადში „ფეხზე დააყენებს“ ათიათასობით ოჯახს და ხალხს უცხოეთში წასვლას გადააფიქრებინებს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით „ალიანსი“ კონკრეტულ გეგმებს არ სახავენ და არ ხსნიან უპროცენტოდ გასაცემი სესხის წყაროს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.