kakha_gogolashvili

კახა გოგოლაშვილის თქმით, სავიზო რეჟიმის აღდგენის უფლება ევროკავშირს ისედაც ნებისმიერ შემთხვევაში აქვს, ასე რომ ამ დათქმის ჩამატებით რეალურად არაფერი არ შეიცვლება (radio liberty)

ევროკავშირმა თურქეთთან, საქართველოსთან, უკრაინდა კოსოვოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პუნქტი შეიტანოს, რომელიც ბრიუსელს, საჭიროების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის  სწრაფად აღდგენის უფლებას მისცემს. ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გაზეთ Die Welt-ის საკვირაო გამოცემა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ ეს ახალი პუნქტი თურქეთზე, და არა საქართველოზეა, ორიენტირებული, თუ ოფიციალური ანკარა ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმებას არ დაიცავს.

თუმცა „ველტის“ სტატიაში ნათქვამია, რომ ეს დათქმა შეეხება როგორც თურქეთს, ასევე საქართველოს, უკრაინასა და  კოსოვოს, რომლებთანაც ევროკავშირი ასევე აპირებს სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

გამოცემის ცნობით, სპეციალური პუნქტი თურქეთისთვის გულისხმობს უვიზო რეჟიმის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ ანკარა ლტოლვილებთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. ეს ვალდებულებები გულისხმობს არალეგალური მიგრაციის აღკვეთასა და 20 მარტიდან საბერძნეთში თურქეთიდან გადასული უკანონო მიგრანტების უკან, თურქეთში დაბრუნებას.

იქვე სტატიაში აღნიშნულია ისიც, მსგავსი პირობები შესაძლოა, ამოქმედდეს საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვისაც. თუმცა არ არის ცნობილი, რა ვალდებულება შეიძლება ჩაიწეროს საქართველოს მიმართ.

აღსანიშნავია ის, რომ „ველტის“ცნობით ამ პუნქტის ჩადება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში საფრანგეთმა და გერმანიამ მოითხოვეს. საბოლოოდ მოხდება თუ არა ახალი პუნქტის ჩამატება, ამ საკითხს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 21 აპრილს ლუქსემბურგში განიხილავენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე კახა გოგოლაშვილის თქმით, სავიზო რეჟიმის აღდგენის უფლება ევროკავშირს ისედაც ნებისმიერ შემთხვევაში აქვს, ასე რომ ამ დათქმის ჩამატებით რეალურად არაფერი არ შეიცვლება.

გოგოლაშვილი თვლის, რომ, პირიქით, ახალი ჩანაწერი კიდევ უფრო დაგვეხმარება სკეპტიკოს ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობის დაძლევაში.

„რეალურად, ეს ჩანაწერი ნიშნავს იმას, მოდით, შევთანხმდეთ იმაზე, რომ საქართველოს ვაძლევთ უვიზო მომოსვლას და საკმაოდ სწრაფად, მაგრამ ვიტოვებთ უფლებას, რომ თუ ამას უარყოფითი შედეგები მოჰყვება, ის გავაუქმოთ. მაგალითად, ხომ შეიძლება მოხდეს, რომ უეცრად ძალიან გაიზარდოს საქართველოდან ლტოლვილების რიცხვი ევროკავშირში – ხალხი უვიზო რეჟიმით ჩავიდეს ევროპაში და მასობრივად არალეგალურად დარჩეს. ამ შემთხვევაში გაფრთხილება იქნება, რომ ევროკავშირი უფლებას იტოვებს უვიზო მიმოსვლა დახუროს. ამდენად, ეს ჩანაწერი სავიზო რეჟიმის მინიჭებას კი არ შეუშლის ხელს, არამედ სწორედ იმისთვისაა, რომ პროცესი დააჩქაროს. სხვა შემთხვევაში სულ არ მოითხოვდნენ ასეთ ჩანაწერს, უბრალოდ უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ,“- ამბობს კახა გოგოლაშვილი.