„ჯერ საგანგებო წვეულება გაუმართეს, პარალელურად კი საზღვარი ჩაუკეტეს“ – ასე აფასებენ გალელები აბიტურიენტებისთვის ენგურის ჩაკეტვას. როგორც ისინი DFWatch-თან საუბრისას ყვებიან, 28 ივნისს, ენგურის ხიდის ჩაკეტვის პარალელურად, დე ფაქტო განათლების სამინისტრო გალში 2019 წლის კურსდამთავრებულებს მასპინძლობდა.
„კურსდამთავრებულთათვის გალში საზეიმო ცერემონია უკვე მეორე წელია იმართება. შარშან პირველად ჩატარდა და წელს მეორე იყო. აწ უკვე ყოფილი მოსწავლეები, მეწყვილეებთან ერთად წითელ ხალიჩაზე გაიდიან და მათთვის მოწყობილ სკამებზე სხდებიან. მერე დე ფაქტო განათლების სამინისტროს წარმომადგენლები გამოდიან სიტყვით. ეს ბავშვები, ვინც დღეს უშედეგოდ, მთელი დღე ელოდა გამონაკლისის დაშვებას და ენგურის ხიდზე გატარებას, გუშინ ამ ღონისძიებას ესწრებოდა. წინასწად ადგენენ სიას და დასწრება სავალდებულოა. ამ ღონისძიებისადმი მიძღვნილი კონცერტი 6 სთ-ზე უნდა დაწყებულიყო და 9 სთ-ზე დაიწყო“, – აცხადებს გალის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ აფხაზურმა მხარემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიმავალ აბიტურიენტებს გზა შეგნებულად ჩაუკეტა.
„გალელი ბავშვების უმეტესობა, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ყველა ენგურს გაღმა, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებს სწავლას. მიუხედავად უამრავი მოწოდებისა, სკოლებში ხშირი სტუმრობისა, სოხუმში სწავლას დღემდე სულ რამდენიმე მათგანი აგრძელებს. ლოგიკურია ეჭვი, რომ მათ უბრალოდ სიტუაციით ისარგებლეს და აბიტურიენტებს გზა დაუბლოკეს. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ პრობლების გახმაურებისთანავე, დე ფაქტო განათლების წარმომადგენლებმა აბიტურიენტები გალში დაიბარეს და სოხუმში სწავლის გასაგრძელებლად დაკვალიანებას დაჰპირდნენ,“ – ამბობს პედაგოგი.
სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა მოწოდებები საქართველოს განათლების სამინისტროს მიმართ, რომ ამ აბიტურიენტებისთვის რაიმე გამოსავალი მოიფიქროს. თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჯერ უცნობია, თუმცა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, განათლების სამინისტროსთან ერთად, ყველაფერი გაკეთდება, რათა გალელ აბიტურიენტებს არ ჰქონდეთ შეფერხება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში წვდომაზე.
„ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა და წუხილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, ახალგაზრდების გადაადგილებას უკავშირდება, მათ მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში. ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რათა გალელ აბიტურიენტებს არ ჰქონდეთ შეფერხება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში წვდომაზე. მინდა დავაიმედო მოსახლეობა და დავარწმუნო, რომ ყველა ნაბიჯი ახლაც და შემდგომაც, განსაზღვრული იქნება მათი ინტერესების მიხედვით და მათ დასახმარებლად მაქსიმალურს გავაკეთებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს იწყება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.