Shorenn

შორენა თეთრუაშვილი მეუფე პეტრეს ბრალდებებზე: „ეს მე არ მეხება. სხვა ადამიანზე ლაპარაკობს, ეტყობა. მისი პრობლემაა.“ (პირველი არხი)

„ციანიდის საქმეში“ ახალი ვერსია გაჩნდა – ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამტკიცებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ოფიციალურად ბრალი არა პატრიარქის, არამედ მისი მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობაში ედება.

იგი აცხადებს, რომ პროკურატურა ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობს  და პატრიარქის მოწამვლის მცდელობის ვერსიით აჟიოტაჟს ქმნის. ამ დროს კი, მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა განჩინება, სადაც შორენა თეთრუაშვილის გვარი პირდაპირ არის დაფიქსირებული.

მამუკა ნოზაძე მამალაძის ადვოკატი  არ არის. იგი არ ახმაურებს თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია. მხოლოდ იმას ამბობს, რომ სანდო წყარომ მიაწოდა.

„როდესაც სახალხო დამცველმა ბრალდებული მამალაძე მოინახულა, კომენტარისას გაამყარა ეს ვერსია, რომ საერთოდ არ არის საუბარი მაღალი იერარქიის სასულიერო  პირზე. მე არ ვსაუბრობ ჩემს ვარაუდსა და პირად ვერსიაზე, ვსაუბრობ იმაზე, რაც ოფიციალურად არის და თუ ასე არაა, გაასაჯაროვონ განჩინება და ბრალდების დადგენილება“, – განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ ეს საქმე ფაბრიკაციის ბევრ ნიშანს შეიცავს.

მან არ გამორიცხა, რომ დეკანოზის მიმართ პოლიტიკურ დევნას ჰქონდეს ადგილი, ხოლო არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხა თემების გადაფარვას ემსახურებოდეს.

შორენა თეთრუაშვილის სახელის გარშემო კი მითქმა-მოთქმა არ წყდება. ჭყონდიდის მიტოპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თეთრუაშვილის “ჩრდილოვან მმართველობაზე” ისაუბრა და განაცხადა, რომ სასულიერო პირები ხშირ შემთხვევაში თეთრუაშვილის დავალებებს უფრო გულმოდგინედ ასრულებენ, ვიდრე პატრიარქისას.

მისი თქმით, მდივან-რეფერენტს პატრიარქის გარემოცვაზე დიდი გავლენა აქვს და ამ გარემოცვის წარმომადგენლებიც დაასახელა – პროტოპროსვიტერი გიორგი, ქორეპისკოპოსი თეოდორე რომელიც, მისი თქმით,   ფინანსურ საკითხებში ყველაზე მეტადაა ჩართული და მეუფე იაკობი, რომელსაც მან თეთრუაშვილის ინტრიგების უნებლიე თანამონაწილე უწოდა.

“შორენა თეთრუაშვილი რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს “ოქრო სთევზს” ეძახის“, – განაცხადა ჭყონდიდის მიტოპოლიტმა.

ბრალდებებს ბერლინიდან  მოკლედ გამოეხმაურა თავად თეთრუაშვილი. ჟურნალისტის კითხვებს  მან შემდეგნაირად უპასუხა: „ეს მე არ მეხება. სხვა ადამიანზე ლაპარაკობს, ეტყობა. მისი პრობლემაა.“