დევნილთა, შრომისა და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ შეთანხმების შემთხვევაში მზადაა დევნილებისთვის ბინების განაწილების კრიტერიუმებს გადახედოს.
როგორც DFWatch-ს სამშაბათს სამინისტროში უთხრეს, მინისტრმა ამის შესახებ დევნილების ერთ ჯგუფთან შეხვედრისას განაცხადა. თუმცა სამინისტროში ამ საკითხის დეტალებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. ამბობენ, რომ დეტალები მორიგი შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთება.
სერგეენკოს თქმით, ამჟამად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ხდება. თითოეულ ოჯახს ენიჭება ქულა, რაც ფართის გადაცემის რიგითობას განსაზღვრავს.
„(ქულა ენიჭებათ იმის მიხედვით) თუ ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ჰყავს ორი ან მეტი არასრულწლოვანი წევრი, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრი არის შშმ პირი ან ონკოლოგიური ავადმყოფი და სხვა. ქულები ასევე ენიჭება დევნილ ოჯახს, რომლის წევრიც გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ან ითვლება უგზო-კვლოდ დაკარგულად. განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ქულა ენიჭება ოჯახს, რომლის წევრიც არის ომი ვეტერანი“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 328 მილიონია გამოყოფილი, რაც გაცილებით მეტია წინა წლებთან შედარებით. კერძოდ, 2012 წელს იყო 28 მილიონი ლარი, 2018 წელს კი 135 მილიონი.
მინისტრი აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის მკვეთრი ზრდის ტენდენციის მიუხედავად, ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1,9 მილიარდი დაჭირდება.
შეგახსენებთ, რომ დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების ამჟამინდელი კრიტერიუმებით, გალში მცხოვრები ქართველები ბინებს ვერ ღებულობენ.
ამის მიზეზად, თავის დროზე, DFWatch-ს დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ ფაქტობრივ მისამართზე დევნილთა შემოწმების პრობლემა დაასახელა.
„თუ ფაქტობრივი საცხოვრებელი ექნება გალში, ბუნებრივია, გალში ვერ გადავალთ, იქ ვერ ვნახავთ, ვერ შევამოწმებთ, ამიტომ [ეს კონტინგენტი] თავისთავად ამოვარდება. არის ათიათასობით ოჯახი, რომელიც რიგში დგას, აქედან ძალიან ბევრი ავარიულ ფართში ცხოვრობს. შესაბამისად, ამ კატეგორიაში გალში მცხოვრები დევნილები ვერ მოხვდებიან. საცხოვრებელი ფართის განაწილებისას პრიორიტეტია ფაქტობრივი ცხოვრება ავარიულ ობიექტებში. ზუგდიდში განსაკუთრებით დიდია მათი რაოდენობა, ვინაიდან 1998 წელს ძირითადი კონტიგენტი, რომელიც აფხაზეთიდან გადმოვიდა, დროებით სხვადასხვა დაწესებულებებში სწორედ ზუგდიდში შესახლდა. შემდეგ ბევრი ისევ გადავიდა გალში, ამიტომ არის ზუგდიდში მაგალითად ობიექტი, სადაც პირობითად შეიძლება იყოს 10 ოთახი და რეგისტრირებული იყოს 25. ბუნებრივია, რომ არ ცხოვრობს ამდენი ოჯახი. ამოსავალი წერტილია ფაქტობრივი ცხოვრება ავარიულ ობიექტებში. შევსება და შეფასება ხდება, როცა ინდივიდუალურად მოვა ვიღაც, შეავსებს განაცხადს. შეფასება ხდება ელექტრონულად, მერე კი მონიტორინგი მიდის. თუ მონიტორინგს ფიზიკურად არ დახვდება ადამიანი, მან შეუძლებელია ბინა მიიღოს, რადგან ბინის განაწილების პროცესში ერთი კომპონენტი იქნება ამოვარდნილი. ამის გარეშე კომისიას უფლება არ აქვს საკითხი განიხილოს“, – ამბობს მურად აბლოთია.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.