თბილისში რეგისტრირებული დევნილების თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის, სამინისტროში 950 განცხადება შევიდა.
როგორც DFWatch-ს სამინისტროში განუცხადეს, უახლოეს პერიოდში განაცხადების შეფასება და შესაბამისი ქულების მინიჭება დაიწყება.
საქმე ეხება, ახალ პროექტს, რომლის თანახმადაც 2013 წლის 1 ივნისამდე, თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისივე შერჩეული საცხოვრებელი ფართები სამინისტროს თანადაფინანსებით შეისყიდონ.
პროგრამაში მოანწილეობისთვის ერთ-ერთ აუცილებელი პირობაა, ოჯახის წევრების წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატებოდეს.
რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, მოხდება ყველა იმ კრიტერიუმით, რაც დანარჩენ სხვა პროგრამებშია, ერთი გამონაკლისით, ამ შემთხვევაში არ ხდება სოციალურად დაუცველის სტატუსის გამო მინიჭებული ქულის გათვალისწინება.
„ოჯახის შემოსავალი წლიური 40 000 ლარზე მეტი თუ იქნება, მისი განაცხადი, ავტომატურად განულდება. საკუთრება არ უნდა ფიქსირდებოდეს ოჯახის წევრის სახელზე. თუ საერთოდ არა აქვს შემოსავალი, მათ ალბათ ექნებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი და მათაც ნაკლები შანსი აქვთ, რადგან ეს პროგრამა ძირითადად გათვლილია ისეთ კატეგორიაზე, ვისაც კონკრეტული შემოსავალი აქვს, მაგრამ ამ თანხით ვერ ახერხებს სახლის ყიდვას. წელს საპილოტე რეჟიმში უნდა განხორციელდეს პროგრამა. 50 ოჯახს უნდა შევუძინოთ ბინები. თანხას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, რადგან არ ვიცით ჯერ რამდენსულიანი უჯახები იქნება. ქულების რეიტინგით, ალბათ ასამდე ოჯახი შეირჩევა მონიტორინგისთვის, შემდეგ კი მოხდება მათ მიერ განაცხადში მითითებული მონაცემების შემოწმება. მონიტორინგის შემდეგ კი ალბათ გაიფილტრება. დევნილები ფართში შეზღუდულები არ არიან, მათ აქვთ თანხის დამატების უფლება, თუმცა ეს თანხა კვადრატზე 60 დოლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. დევნილის თანამონაწილეობა აუცილებლები პირობაა“, – აცხადებენ სამინისტროში.
თითოეულ ოჯახთან ინდივიდუალური ხელშეკრულება გაფორმდება, შესაბამისად, ინდივიდუალურად გადაწყდება დევნილი მის წილ თანხას ბანკის დახმარებით დაამატებს თუ სხვა ფორმით.
„დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, დევნილს ბინის მოსაძებნად ეძლევა სამთვიანი ვადა. ამის შემდეგ წარმოდგენილ სახლს ჩაუტარდება სასაქონლო ექსპერტიზა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოხდება შესყიდვა. ხელშეკრულებას ხელს აწერენ სამინისტროში, ამ ხელშეკრულების საფუძველზე დევნილ ოჯახს გადმოუფორმდება წარმოდგენილი სახლი, შემდგომ ხდება მესაკუთრისთვის პირად ანგარიშზე თანხის გადარიცხვა“.
ცნობისთვის, სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ერთ კვადრატულ მეტრზე მაქსიმუმ 350 აშშ დოლარით დააფინანსებს. თავის მხრივ, დევნილი ოჯახის წილი კვადრატულ მეტრზე მინიმუმ 60 დოლარს უნდა შეადგენდეს.
შესასყიდი საცხოვრებელი ფართის კვადრატულობას ოჯახის წევრთა რაოდენობა განსაზღვრავს. ერთსულიანი ოჯახისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 35კვ.მ, ორსულიანი ოჯახისთვის 40კვ.მ, ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე დამატებით 10კვ.მ.
პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადის შევსება პირველ მაისს დასრულდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.