საქართველოს სამხრეთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომხებისთვის მძიმე ზამთარი დადგა. რუბლის დაცემის გამო ნაკლებ თანხას აგზავნიან ნათესავები, რომლებმაც სამუშაო რუსეთში იპოვეს. საქართველოს ახალი საიმიგრაციო კანონი კი აიძულებს ხალხს ბინადრობის ნებართვა მოიპოვონ, რაც ყველა გადასახადის გადახდის შემთხვევაშიც კი გარანტირებული არ არის.
დაუსაქმებლობა რეგიონში
ახალქალაქი მდებარეობს ვულკანურ პლატოზე ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე. ადგილობრივების თქმით, აქ ძირითადად მოჰყავთ კარტოფილი, კომბოსტო და სტაფილო. ეს არაა ისეთი პროდუქტი, რომელიც კარგ მოგებას მოიტანს.
თუმცა ყველა სხვა შესაძლებლობა ამოწურულია. ყველაზე დიდი დამსაქმებელი რუსული სამხედრო ბაზა იყო, რომელიც 2007 წელს დაიხურა. საჯარო სექტორში დასაქმებისა და მცირე ბიზნესის გარდა ქალაქს თითქმის არაფერი გააჩნია, რომ სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზოს.
„არ არის აქ სამუშაო. საბჭოთა კავშირის დროს კაცები რუსეთში მიდიოდნენ სამუშაოდ და მათი ცოლ-შვილი აქ რჩებოდა. ახლაც კი, როცა საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, როცა გვაქვს ახალი ქვეყნები ახალი საზღვრებით, იგივე დამოკიდებულებაა შენარჩუნებული და ხალხი ისევ საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ,“ განმარტავს ახალქალაქის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნაირინ ირიჩიანი.
ვალუტის პრობლემები
მუშახელის მიგრაცია რეგიონის წლიურ ციკლზე თვალშისაცემ ზემოქმედებას ახდენს. ახლა ზამთრის არდადეგებზე მთელი რეგიონი გამოცოცხლებულია, რადგანაც კაცები ისვენებენ თავიანთი სამსახურებისგან რუსეთსა და სომხეთში. ადგილობრივმა ჟურნალისტმა შუშანა შირინიანმა თქვა, რომ კაცები, როგორც წესი, გაზაფხულამდე რჩებიან და შემდეგ უკან ბრუნდებიან. „შემდეგ იწყება ‘ქალების სეზონი’, როცა (ოჯახის რჩენის) მოვალეობა ქალების მხრებზეა,“ თქვა შირინიანმა.
მაგრამ, წელს ოჯახების შეკრება არც ისე საზეიმოა, როგორც ადრე იყო-ხოლმე. რუსული რუბლი გასულ წელს განახევრდა და ქართული და სომხური ვალუტაც ქვემოთ გაიყოლა. „რაც ხალხმა წლის განმავლობაში გამოიმუშავა, ისე შემცირდა, თითქოს საერთოდ უფასოდ ემუშავოთ,“ უთხრა შირინიანმა DF Watch-ს.
საქართველოს მოქალაქეობის უქონლობა
რუბლის დაცემა მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა ჯავახეთის სომხებისთვის. მათ უდიდეს ნაწილს, ვინც საზღვარგარეთ მუშაობს, სომხური პასპორტი აქვს და არა ქართული. 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, ქართველი მოქალაქეებისთვის გართულდა რუსეთში სამუშაოს შოვნა და ბევრმა არჩია ბედი სომხეთში ეძია, რაც სომხეთის პასპორტით უფრო ადვილია.
ირიჩიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯავახეთის სომხები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს წმინდა წყლის პრაგმატული მოსაზრებების გამო ამბობენ. „ბევრი კრიტიკოსი ამბობს, რომ სომხეთმა სამცხე-ჯავახეთის სომხებს პასპორტები იმიტომ დაურიგა, რომ შემდეგ ეს რეგიონი შემოიერთოს. მაგრამ ეს შორსაა სიმართლისაგან. ხალხს საქართველოში რომ ჰქონოდა სამსახური, ისინი არასდროს აიღებდნენ სომხეთის პასპორტებს და არასდროს დატოვებდნენ ქვეყანას, თავიანთ სახლებსა და ოჯახებს.’’
საიმიგრაციო კანონმა პრობლემები შექმნა
2014 წლის 1 სექტემბრამდე სომხეთის მოქალაქეებს შეეძლოთ საქართველოში ცხოვრება დამატებითი დოკუმენტების გარეშე, თუ ისინი გადაკვეთდნენ საზღვარს წელიწადში ერთხელ მაინც. მაგრამ ახალმა საიმიგრაციო კანონმა ყველაფერი შეცვალა. ახლა ჯავახეთის სომხებს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა არა აქვს, საკუთარ სახლში დარჩენა მხოლოდ სამი თვით შეუძლია და შემდეგ სამი თვით უნდა დატოვონ იგი.
საქართველოს პარლამენტის წევრმა ახალქალაქიდან სამველ პეტროსიანმა არ დამალა თავისი უკმაყოფილება ამჟამინდელი საიმიგრაციო კანონის მიმართ და თქვა, რომ იგი არღვევს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების უფლებებსა და ინტერესებს.
„ეს ახალი კანონი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა სამცხე-ჯავახეთში. აქ მცხოვრები ხალხის უმრავლესობა სომეხია, ყველა ოჯახს ჰყავს ნათესავები სომხეთში და ჩვენ ხშირად ვკვეთთ საზღვარს. ეს კანონი კი ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას საზღვარზე,“ თქვა მან.
პეტროსიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ რეგიონში ბევრი ოჯახია შერეული ქორწინებით, როცა ერთ მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა აქვს, მეორეს კი სომხეთისა. „მაგრამ ამ კანონის მიხედვით, სომხეთის მოქალაქეს საქართველოში ყოფნა წელიწადში მხოლოდ ექვსი თვით შეუძლია. ამგვარად ეს ნიშნავს, რომ ასეთ ოჯახს ერთად ყოფნის უფლება ექვსი თვითა აქვს და დანარჩენი ექვსი თვე დაშორებული იქნებიან. ასე ინგრევა ოჯახები.“
ძვირადღირებული პროცედურები
აქედან გამომდინარე არ იყო გასაკვირი გრძელი რიგები ადგილობრივ იუსტიციის სახლში, როცა ხალხი ცდილობდა მიეღო დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა. თითოეული საბუთი 210 ლარი ჯდება და ზოგჯერ განმცხადებელი ვალდებულია წარმოადგინოს, რომ საბანკო ანგარიშზე 4000 ლარი აქვს. ამ ღარიბი რეგიონისთვის ეს ფრიად ძვირადღირებული პროცედურაა. მაგალითად, ოთხსულიანს ოჯახს ეს პროცედურა (დამატებითი საბუთების ჩათვლით) 850 ლარზე მეტი დაუჯდება.
გარდა ამისა, ადგილობრივების თქმით, არავინ იცის მათ განცხადებებს დააკმაყოფილებენ თუ უარყოფენ. ხალხი, რომელსაც ვესაუბრე, ეთანხმება იმ აზრს, რომ უარის რაოდენობა უფრო მაღალია და ამის მიზეზები, როგორც წესი, უცნობი რჩება-ხოლმე. „მაგალითად, მახსოვს ერთი კაცი მახლობელი სოფლიდან. მან მითხრა, რომ უკვე ოთხჯერ უთხრეს უარი. იუსტიციის სახლის თანამშრომლები კი ისევ აიმედებენ, რომ კვლავ შეიტანოს განაცხადი. მას არ ესმის, რატომ ეუბნებიან ისინი, რომ კვლავ მიმართოს მათ და ფული გადაიხადოს, მას შემდეგ, რაც ამდენჯერ უთხრეს უარი,“ თქვა ირიჩიანმა.
გაურკვევლობა განმცხადებლებს აშინებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელიც ბინადრობის ნებართვის გაცემაზეა პასუხისმგებელი, DF Watch-ს არ მიაწოდა ოფიციალური სტატისტიკა, რომელშიც მოცემული იქნებოდა სომხეთის მოქალაქეების განცხადებები საქართველოში ბინადრობის ნებართვაზე და უარყოფა-დაკმაყოფილების რიცხვი.
გაურკვევლობა აშინებს მათ, ვისაც ბინადრობის ნებართვა სჭირდება. ადგილობრივი მცირე ბიზნესის მფლობელმა, რომელიც თავის ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობს, თქვა, რომ ცოტა შეშინებულია გადაიხადოს ფული ბინადრობის ნებართვისთვის საჭირო განაცხადის შეტანისთვის. მითუმეტეს მაშინ, როცა არ არის დარწმუნებული, რომ პასუხი დადებითი იქნება. „თხუთმეტი წელია აქ ვცხოვრობ, ჩვენი ბიზნესიც აქ დავარეგისტრირეთ, გადასახადებს ვიხდით, კომუნალურებს ვიხდით. და, ამ ყველაფერს ჩვენ სომხეთის პასპორტებით ვაკეთებთ, რაც არასდროს ყოფილა პრობლემა. რა მოხდება, თუ ვერ ავიღებ ბინადრობის ნებართვას ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის? იქნებ უფრო ჭკვიანური იყოს ეს ფული სომხეთში ცხოვრებისთვის დაიხარჯოს?’’
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.