შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, სამხედრო ხელმძღვანელობა ეცდება, თავდაცვის ახალი მინისტრი თავდაცვის სამინისტროს მიერ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნოს.
ამის შესახებ კაპანაძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ორშაბათს განუცხადა. შეგახსენებთ, რომ მანამდე თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ სამინისტრო სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების შესახებ მისი წინამორბედის, თინა ხიდაშელის გადაწყვეტილების შესახებ მსჯელობს და ჯერჯერობით უცნობია, დარჩება ეს ის ძალაში თუ არა.
კაპანაძემ აღნიშნა, ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ის გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომელიც სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ რამდენიმე თვით ადრე იყო მიღებული.
„სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დღევანდელი გამოწვევებიდან და ქვეყანაში არსებული რესურსიდან გამომდინარე, უფრო ეფექტიანი იქნება პროფესიული შეიარაღებული ძალების ყოლა. ახალ მინისტრთან, რომელიც ამ საკითხით დაინტერესდა, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ გამოვნახავთ დროს და ამ საკითხს საგანგებო შეკრებას მივუძღვნით, რათა ახალი მინისტრი ჩვენს პოზიციაში კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ,“ – აღნიშნა კაპანაძემ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.