თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორმაგ მკვლელობის საქმეში ბრალდებული დურმიშხან შამუგია დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შამუგიას 2017 წლის 9 აპრილს, გალის რაიონის სოფელ სიდაში, წარსულში არსებული უთანხმოების მიზეზით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა 48 წლის გია წურწუმიასა და მის მეუღლესთან, 43 წლის სოფიკო შალამბერიძესთან. ამით განაწყენებული შამუგია იმავე დღეს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, ცოლ-ქმრის საცხოვრებელ სახლში მივიდა და მათ რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შედეგად გია წურწუმია ადგილზე, ხოლო მისი ცოლი საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
დურმიშხან შამუგია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მოგვიანებით კი უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ის სომხეთში დააკავეს. საქართველოში ექსტრადირება მისი 2018 წლის 17 ოქტომბერს განხორციელდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დურმიშხან შამუგია სრულად ცნო დამნაშავედ ჩადენილ დანაშაულში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
მკვლელობაზე საქმეს გალის აფხაზური პოლიციაც იძიებდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.