DFWatch-ს გალის ადგილობრივ მოსახლეობას ადგილზე ყაჩაღობის კუთხით არსებულ სიტუაციაზე გაესაუბრა. როგორც ისინი ჩვენთან აცხადებენ, ამ მხრივ იქ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო, თუმცა ბოლო პერიოდში სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალა და ყაჩაღობების რიცხვმა საგრძნობლად იკლო.
ადრე ყაჩაღობა და ადამიანების გატაცება გალში თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა, ხალხს კი მუდმივ სტრესში უწევდა ცხოვრება, რადგან არავინ იყო დაზღვეული, შებინდებულზე ვის კარს მიადგებოდნენ ნიღბიანები.
ზოგიერთი გალელი ფიქრობს, რომ სიტუაციის ცვლილება, გალში აზიური ფაროსანას გამოჩენამ და თხილის მოსავლის განადგურებამ გამოიწვია.
„თხილი ჩვენ არ გვაქვს, შვილო, და სხვა არაფერი გაგვაჩნია. რისთვის უნდა მოვიდნენ, აბა მე ვის რაში ვჭირდები?!“ – აღნიშნავს 75 წლის ე.გ.
მოსახლეობის ნაწილი კი თვლის, რომ ეს ყველაფერი აფხაზური პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავებას უკავშირდება, რომლებიც, მათი აზრით, ადგილობრივ ყაჩაღებს მფარველობდნენ.
ასევე არიან ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყაჩაღობების რიცხვის კლება, რამდენიმე დამნაშავის განეიტრალებამ განაპირობა.
სამწუხაროდ, ეს პრობლემა ადგილობრივებს ნაწილობრივ ახლაც აწუხებთ, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც იყო და რასაც ჩვენთან საუბარში იხსენებენ, ცვლილება შესამჩნევია.
„რამდენიმე დღის წინ დღისით, მზისით თაგილონში ერთი სახლი გაქურდეს. წაიღეს ყველანაირი ტექნიკა – მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, ტელეფონი, უთო. სახლში არაფერი დაუტოვეს ფაქტობრივად. მომკითხავი და გამომძიებელი არავინაა, თუმცა სიტუაცია რომ შეიცვალა, ფაქტია, რადგან ყაჩაღობა თითქმის ყოველ კვირა ხდებოდა, ზოგჯერ ერთ ღამეში სამი-ოთხი შემთხვევაც კი ფიქსირდებოდა. აქედან ბევრი მკვლელობით, ადამიანის დაუთოვებით და მსგავსი სისასტიკით სრულდებოდა“, – აცხადებს სოფელ სიდას მკვიდრი გ.ძ.
რას იხსენებენ ადგილობრივები DFWatch-თან საუბარში:
რ.ა: „ჩვენი ოჯახი ერთი წლის განმავლობაში სამჯერ დააყაჩაღეს, უფრო სწორად, ერთხელ მოახერხეს სახლში შემოსვლა, ორჯერ კი მცდელობა ჰქონდათ. პირველად რომ მოვიდნენ, არ ველოდით და მოუმზადებლები აღმოვჩნდით, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა მაინც მოვახერხეთ და დასახმარებლად მეზობლებთან დარეკვა მოვასწარით. მიუხედავად იმისა, რომ დანით დაჭრეს ოჯახის უფროსი და გასროლის შედეგად დაშავდა ოჯახის კიდევ ორი წევრი, ვერაფერი წაიღეს. მეზობლების მიერ ატეხილ ხმაურზე დაფრთხნენ და გაიქცნენ. შემოჭრის მიზეზი თხილი იყო. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს მეზობლებს სახლები არ აქვთ (ომის დროს დაიწვა), თხილის მოსავალი მათაც ჩვენ სახლში ჰქონდათ შენახული. სახლის მეორე სართულზე დაახლოებით ორ ტონამდე თხილი იყო. დაყაჩაღების მიზეზიც სწორედ ეგ იყო. ამ შემთხვევის შემდეგ კარ-ფანჯრებს რკინის გისოსები გავუკეთეთ, შევიძინეთ თოფი და ვცდილობთ, უფრო ფხიზლად ვიყოთ. დანარჩენი ორი მცდელობა თოფის გასროლის შედეგად ვერ შედგა. ზუსტად ერთ კვირაში ჩვენი წინა მეზობელი დააყაჩაღეს და სახლიდან საკმაოდ დიდი ოდენობით თხილი წაიღეს.“
ვ.ბ: „ახალი შებინდებული იყო. ძაღლებმა ყეფა ატეხეს, არ ჩერდებოდნენ. მიმართულება მეზობლის სახლისკენ ჰქონდათ აღებული, თუმცა ბნელოდა და მხოლოდ სილუეტებს ვხედავდით. იმდენად საშიში იყო ამ დროს სახლიდან გასვლა, ვერც ჩვენ გავბედეთ და შორიდდან ვადევნებდით თვალს. რამდენიმე ადამიანი მიდი-მოდიოდა, თუმცა რა მოხდა, მხოლოდ გამთენიისას შევიტყვეთ. სახლის პატრონი დაუბამთ, თხილის მოსავალი კი მთლიანად წაუღიათ. თითქოს აფხაზური პოლიცია ცდილობდა ურმის დანატოვარი კვალით მიეგნო დამნაშავეებისთვის, თუმცა, როგორც ბევრი სხვა შემთხვევა, ეგეც უშედეგოდ დასრულდა. ჯერ არ მომხდარა ყაჩაღობის ფაქტის გახსნის პრეცედენტი, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველ კვირა, ზოგჯერ კი კვირაში ორჯერაც აყაჩაღებდნენ ოჯახებს.“
ბ.გ: „ჩვენ თხილის დიდი პლანტაციები გვაქვს და მოსავალიც რა თქმა უნდა კარგად მოდიოდა. ამ მიზეზით ჩემი ოჯახი სამჯერ დააყაჩაღეს. ორი შემთხვევის დროს ყველაფერი წაიღეს, რაც კი სახლში გვქონდა – ტექნიკა, ოქრო, ფული, თხილი. მესამე შემთხვევას კი სროლა მოყვა, გაიქცნენ, არაფერი წაუღიათ, თუმცა მცირეწლოვანმა ბავშვებმა იმხელა სტრესი მიიღეს, იძულებული გავხდით იქაურობა მიგვეტოვებინა. ბავშვების უსაფრთხოებისთვის საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით“.
კ.ლ: “ახლობელს ქორწილი ჰქონდა და როგორც სოფლებში ხდება-ხოლმე, მეზობლები ყველა ვეხმარებოდით. სახლში გვიან ღამით ვბრუნდებოდი, როცა დამიჭირეს, რამდენიმე დღე დაბმული ვიყავი, მცემდნენ და პარალელურად ოჯახს თანხას თხოვდნენ. ზოგადად ვაჭრობა რამდენიმე ათასიდან იწყებოდა-ხოლმე, საბოლოოდ კი იმ თანხის სანაცვლოდ გამათავისუფლეს, რისი გადახდაც ოჯახმა მოახერხა. მას შემდეგ იქაურობა ცოტა ხნით დავტოვეთ. ერთგვარი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დამჭირდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ისევ დავბრუნდით და ახლაც აქ ვცხოვრობთ.“
ფ.ძ: „პატარა “ბუტკა” გვაქვს ეზოში. მზესუმზირას, სიგარეტს, გამაგრილებელ სასმელებს, ნაყინს და მსგავს რაღაცეებს ვყიდით. ღამით ბრახუნის ხმა შემოგვესმა, მაღაზიიდან გამოდიოდა, ალბათ რაღაც დაუვარდათ, მაგრამ სახლიდან გამოსვლა ვერ გავბედეთ. დილას მაღაზიის კარი შემტვრეული, გასაყიდი პროდუქტი კი წაღებული დაგვხვდა“.
ალბათ, ბევრს ახსოვს გალის რაიონის სოფელ თაგილონის მკვიდრი გვარად ეთერიას გატაცების ამბავი, ის ცემის შედეგად გამტაცებლებს შემოაკვდათ. სამწუხაროდ, ასეთი მოგონებები, გალის რაიონში თითქმის ყოველ მეორე ოჯახს აქვს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.