(apsadgil.info)

სოხუმის რეჟიმმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დანარჩენი საქართველოდან ფაროსანას შესაწამლი საშუალების შეტანა აკრძალა. როგორც DFWatch-ს გალის მაცხოვრებლებმა უთხრეს, აფხაზი „მესაზღვრეები“ გადამსვლელებს წამალს ადგილზე ართმევენ და 500 რუსული რუბლით აჯარიმებენ (21 ლარი).

„გალის ბაზარში შემოიტანეს წამალი, ზუგდიდიდან შემოტანა კი აკრძალეს. ჩამორთმევას და ჯარიმას ექვემდებარება. აქ წამალი, რა თქმა უნდა, ბევრად ძვირია და არჩევანიც ნაკლებია ზუგდიდთან შედარებით“, – აცხადებენ ადგილობრივები.

გალელები ასევე აღნიშნავენ, რომ თბილისიდან გაგზავნილი წამალი მოსახლეობას  ძალიან ცოტა დაურიგდა, ნაწილს კი საერთოდ არ მიუღია.

„ამ წელს ერთხელ დაგვირიგეს 50-50 გრამი, მეორედ 300-300 გრამი. გვერდით სოფლებში ზოგან თითო ლიტრი გადაეცათ. ამბობენ, რომ საჩუქრად გამოგზავნილი წამალი რუსული წარწერით იყიდება გალის ბაზარშიო, შესაბამისად, მოსახლეობას იმაზე ნაკლებს ურიგებენ, ვიდრე ეკუთვნის. ეს 50 და 300 გრამი კი არაფერს ყოფნის“, – აღნიშნავს გალის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი.