როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, რამდენიმე ადამიანმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, თუმცა აფხაზური პასპორტები მაინც ვერ მიიღო.
„აფხაზები პასპორტს არ გვაძლევენ, რადგან აქაური კანონი ორმაგ მოქალაქეობას კრძალავს ნებისმიერ ქვეყანასთან გარდა რუსეთისა. ამიტომ, ვისაც სხვა გზა არ ჰქონდა, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და აფხაზური პასპორტის მისაღებად, შესაბამისი განაცხადი გააკეთა. თუმცა, როგორც ამბობენ, საბუთები ნადარაიამ დახია. როგორც ჩანს, აფხაზებს უბრალოდ არ უნდათ რომ გალში ქართველებს საერთოდ ჰქონდეთ რაიმეს უფლება“, – განუცხადა DFWatch-ს ადგილობრივმა მკვიდრმა.
მათივე თქმით, გამონაკლისი ჯერჯერობით ერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც აფხაზური პასპორტი აიღო.
„ახლახანს აიღო პასპორტი, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, მეუღლე სომეხია და ალბათ ეს გამონაკლისიც ამიტომ დაუშვეს. თუმცა დაზუსტებით ვერაფერს იტყვი. ფაქტი ერთია, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართველებმა გალის რაიონი დატოვონ“, – აცხადებს გალის მკვიდრი ბ.ჯ.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის რეჟიმმა პასპორტიზაციის პროცესი 2008 წელს, ომის შემდეგ დაიწყო. მაშინ აფხაზური პასპორტის მიღება ყველას შეეძლო განურჩევლად ეროვნებისა. ამ ეტაპზე ძველ პასპორტებს მოქმედების ვადა შეჩერებული აქვს, ახალი პასპორტების გაცემა კი ქართველებზე კანონით აიკრძალა, გამონაკლისს მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები წარმოადგენენ იმ მოტოვით, რომ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და მათი უსაფრთოხების გარანტად ვლინდება.
რაც შეეხება ქართველებს, მათ მხოლოდ ე.წ. ბინადრობის უფლების მიღება შეუძლიათ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ აფხაზური მხარის მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ კრიტერიუმებს ბევრი ვერ აკმაყოფილებს, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ამ ეტაპზე ენგურს გაღმაა ჩაკეტილი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.